ვეფხისტყაოსანი, 1926a წ.

175. დაწერა, თუ: “ჩემნო ყმანო, გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო, ერთგულნო და მისანდონო, ამას ზედა გამოცდილნო, თქუენ ჩემისა საწადილსა მიდგომილნო, ვითა ჩრდილნო, წიგნი ჩემი მოისმინეთ, ყოვლნო, ერთგან შემოყრილნო!

176. “მიწაცა თქუენი ავთანდილ, ისმინეთ, გიწერ მე რასა: თჳთ ვიქმ ჴელითა ჩემითა ამა წიგნისა წერასა, ცოტასა ხანსა ვარჩივე გაჭრა სმასა და მღერასა, პურად და საჭმლად მივენდევ ჩემსა მშვილდსა და ცერასა.

177. “საქმე რამე მიც თავისა ზე სადმე გარდსახვეწელი, დავყო მარტოდ და ღარიბად ესე წლეული მე წელი, გემუდარები ამისთჳს, ვარ თქუენი შემომხვეწელი, მე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი.

178. “მე შერმადინ დამიგდია, ჩემად კერძად პატრონობდეს, სიკუდილსა და სიცოცხლესა სადამდისცა ჩემსა სცნობდეს, ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს, ვარდსა არა, არ აჭკნობდეს, შემცოდესა ყუელაკასა, ვითა ცვილსა, დაადნობდეს.

179. “თქუენცა იცით, გამიზრდია, ვითა ძმა და ვითა შვილი. ამას ასრე ჰმორჩილობდით, არის ვითამც ავთანდილი, ბუკსა იკრას, აქმნევინეთ ყოვლი საქმე, ჩემგან ქმნილი; მე თუ დრომდის არ მოვიდე, გლოვა გმართებს, არ სიცილი”.

180. ესე წიგნი გაასრულა წყლიანმან და სიტყუა-ნაზმა, წელთა ოქრო შემოირტყა, საღარიბოდ მოეკაზმა, ბრძანა: “მინდორს შევჯდებიო”, ლაშქარიცა დაერაზმა; მასვე წამსა წამოვიდა, შინა ხანი არა დაზმა.

181. ბრძანა: “წადით ყუელაკაი, აქა მომჴრედ არვინ მინა”. მონებიცა მოიშორვა, თავი გაითავისწინა, მარტო გარე შემობრუნდა, შამბი შიგან გაირბინა, მიწყივ მისად საგონებლად მისი მკულელი თინათინ-ა.

182. იგი ველი გაირბინა, ლაშქართაგან გაეკიდა. ვინმცა ნახა სულიერმან, ანუ ვინმცა გაეკიდა? ვის მახუილი ვერას ავნებს, იმას ვინცა წაეკიდა! მისგან ტვირთი კაეშნისა ტვირთად ვარგად აეკიდა.

183. რა ლაშქართა ინადირეს და პატრონი მოითუალეს, იგი პირ-მზე ვეღარ ჰპოვეს, პირი მათი იფერმკთალეს, მათსა დიდსა სიხარულსა სიმძიმილი ანაცვალეს, ყოვლგან რბოდეს საძებარად, ვინცა იყო უცხენმალეს.

184. შერმადინ ერთგან შეყარნა ხასნი და დიდებულები, უჩვენა იგი უსტარი, ამბავი მისი თქმულები. რა მოისმინეს, ყუელაი დარჩა გულ-დანაწყლულები, თავსა იცემდეს, არ იყო გული უცრემლო, ულები.

185. შერმადინ უთხრა:” მართლ ხართ, თუ ცრემლსა თუალთათ დამილდეთ; მაგრა გუიჯობს, რომე მისსა ბრძანებასა დავმორჩილდეთ, არა გავრყუნათ სამსახური, მას წინაშე არ დავსწბილდეთ, ცხადად გუიჩნდეს სიხარული, სიმძიმილსა გარდავსცილდეთ.“

186. ყოვლთა ჰკადრეს: “თუცა ყოფა ჩუენ უმისოდ გუეარმისცა, უშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა? განაღამცა გმორჩილობდით, თუ გუიბრძანო რაცა ვისცა!” იგი მონა აპატრონეს, ყუელაკამან თაყუანის-სცა.

ავთანდილისაგან ტარიელის ძებნად წასლვა

187. ამ საქმესა მემოწმების დიონოსი ბრძენი, ეზროს: საბრალოა, ოდეს ვარდი დაეთრთვილოს, დაცაეზროს. ვის ბალახში არა ჰგვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს, იგი სადმე გაღარიბდეს, სამყოფთაგან იაბეზროს.

188. ავთანდილ იგი მინდორი ოთხ ახმით გარდაიარა, დააგდო მზღვარი არაბთა, სხუათ მზღვართა არე იარა, მაგრა მის მზისა გაყრამან სიცოცხლე გაუზიარა; თქუა: “თუ მე მასმცა ვიახელ, აწ ცხელსა ცრემლსა ვღური არა”.

189. ახალმან ფიფქმან დათოვა, ვარდი დათრთვილა, დანასა; მოუნდის გულსა დაცემა, ზოგჯერ მიმართის დანასა; თქუის: “ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათი ანასა, მოვშორდი ლხინსა ყუელასა, ჩანგსა, ბარბითსა და ნასა!”

190. ვარდი მის მზისა გაყრილი უფრო და უფრო ჭკნებოდა, გულსა უთხრის, თუ: “დასთმეო”, ამად არ დია ბნდებოდა. უცხო უცხოთა ადგილთა საძებრად იარებოდა, მგზავრთა ჰკითხევიდის ამბავთა, მათ თანა ემოყურებოდა.

191. იგი პირად მსგავსი მზისა, სრულად მოვლის ზედა ჴმელთა, ქუეყანათა უნახავთა, ოჴერთა და კაცრიელთა; არ დააგდებს უნახავად წყალთა, კლდეთა, ტყეთა, ველთა, მაღრიბს ჰკითხავს მაშრიყელთა, რომს – ჩინელთა, მაჩინელთა.

192. მუნ ეძებს, ცრემლით მტირალი სდის ზღვათა შესართავისად. უჩნდის ქუეყანა ტახტად და მკლავი სადებლად თავისად. თქუის: “საყუარელო, მოგშორდი გული შენ დაგრჩა, ვთქუა ვისად? შენთჳს სიკვდილი მეყოფის ლხინად ჩემისა თავისად”.

193. ყოვლი პირი ქუეყანისა მოვლო, სრულად მოიარა, ასრე რომე ცასა ქუეშე არ დაურჩა, არ იარა, მაგრა იგი მის ამბისა მსმენელსაცა ვერ მიმხუდარა. ამაშიგან წელიწადი სამი სამ თვედ მიიყარა.