ვეფხისტყაოსანი, 1926a წ.

214. “ჩუენ ვიახლენით სამთავე სამნივე მეაბჯრენია, ლაშქართა წასვლა უბრძანეთ, მით არას მოაზრენია, მოვინადირეთ მინდორი, ისი ტყენი და ღრენია, დავჴოცეთ მჴეცი, მფრინველი, რაცა ზე გარდაგუფრენია.

215. “ანაზდად მოყმე გამოჩნდა კუშტი, პირ გამქუშავია, ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, მერანი რამე შავია; თავსა და ტანსა ემოსა გარე-თმა ვეფხის ტყავია, ჯერთ მისი მგზავსი შვენება კაცთაგან უნახავია.

216. “უჭურიტეთ, მისთა ელვათა შუქნი ძლივ გავიცადენით, ვთქუით, თუ: “მზეაო ქუეყნად, ნუ ვეუბნებით ცადენით!” მისი მოგუინდა შეპყრობა, ვჰკადრეთ და შევეცადენით, ასრე სულთქმით და ვაებით მით ვართ, ცრემლისა დადენით.

217. “მე უხუცესმან უმცროსთა კაცი დავსთხოვე ქენებით; ჩემან შედეგმან ტაიჭი მისი მით აქო ჴსენებით; ამან მართ ოდენ მორევნა გუითხრა, უალლეთ ჩუენ ნებით, მივმართეთ, იგი აგრევე წყნარად მივა და შვენებით.

218. “ბროლმან, ლალსა გარეულმან, ვარდნი თხელნი ანატიფნა, იგი ტკბილნი გონებანი ჩუენთჳს მეტად გაამყიფნა: არ აგუიხუნა, არცა დაგუსხნა, ყოლა არად ამოგუკრიფნა, მისნი მკუახედ მოუბარნი მათრაჴითა შეგუამწიფნა!

219. “უმცროსსა ძმასა მივეცით, უფროსსა დავეზიდენით; ჴელი მოჰკიდა, “დადეგო!” ესეცა ჰკადრა კიდ ენით; მან ჴრმალსა ჴელი არ მიჰყო, ჩუენ ამად დავერიდენით, თავსა გარდაჰკრა მათრაჴი, ვნახეთ სისხლისა კი დენით.

220. “ჩუენი ძმა, გლახ, დაკოდილი მასვე წამსა ჩამოვარდა; მისმან შიშმან დაგუაწყნარნა, იგი ყოლა არ აჩქარდა; მასმცა მიღმა რაღა ვჰკადრეთ, ვისმან ყოფა გაგუიმწარდა, ვთქუით თუ “ უჴრმლოდ მოგუერია, ჴრმლითა გაგუხდის ფარდა ფარდა.

221. “მით ერთითა მათრაჴითა თავი ასრე გარდაჰფრიწა, ვითა მკუდარი უსულო ქნა, ვითა მიწა დაამიწა, მისი რასმე მკადრებელი მოამდაბლა, მოამიწა, თუალთა წინა წაგუივიდა ლაღი, კუშტი, ამაყი, წა!

222. “აღარ დაბრუნდა, წავიდა წყნარად და აუჩქარებლად; აგერა მივა, ნახეო, იგი მზეებრ და მთუარებლად”. შორს უჩვენებდეს ავთანდილს მტირალნი გაუხარებლად, ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი მისი მის მზისა მარებლად.

223. აჰა, მიხუდა ავთანდილსა ღაწუთა ცრემლით არ დათოვნა, რადგან ცუდად არ წაუჴდა მას ეზომი გარეთ ყოვნა. კაცსა მიხუდეს საწადელი, რას ეძებდეს,უნდა პოვნა, მაშინ მისგან აღარა ჴამს გარდასრულთა ჭირთა ჴსოვნა.

224. უთხრა, თუ:”ძმანო, ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა, მე იმა ყმისა საძებრად მოვჰშორდი საგაზრდილოსა, აწ თქუენგან მივხუდი საქმესა ყოლა არ საადვილოსა, ღმერთიმცა ნურას ნუღარ იქს თქუენსა დასაღრეჯილოსა!

225. “ვითა მე მივხუდი წადილსა, ჩემის გულისა ნებასა, აგრემცა ღმერთი ნურას იქს ძმისა თქუენისა ვნებასა!” უჩვენა მისი სადგომი: “მიდითო ნება-ნებასა, ჩრდილსა გარდასვით, მაშურალი მიეცით მოსვენებასა”.

226. ესე უთხრა და წავიდა, ცხენი გაქუსლა დეზითა, ვითა გავაზი გაფრინდა, არ გაშვებული ხეზითა, ან მთუარე, მზისა შემყრელი, მზე სინათლითა ზეზითა; დაივსო ცეცხლი შემწველი მისითა მან მიზეზითა.

227. მიეწურა, იგონებდა, ახლოს შეყრა ვითა აგოს: საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს! ჴამს, თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს, არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს, მოიძაგოს.

228. “რადგან ისი არის რადმე უცნობოდ და ისრე რეტად, რომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისად ჭურეტად, მივეწევი, შევიყრებით ერთმანერთის ცემა ჟლეტად, ანუ მომკლავ, ანუ მოვკლავ, დავიკარგუვით მეტის-მეტად.’’

229. მე იმა ყმისა საკრავად ჴრმალსაცა ვით მიჰყო ნები! არ მოვჰკლავ, არცა მოვკუდები, არ ვავნებ, არცა ვევნები, შორით თუალითა მივსწურავ, უკანა დავედევნები.“ იარეს, გავლეს მრავალი მინდორი, შამბნარ ჴევნები.

230. ავთანდილ იტყუის: “ ეზომნი ჭირნიმცა რად ვაცუდენი, რაცაღა არის, არა არის, თუმცა არ ედგნეს ბუდენი; სადაცა მივა, მივიდეს, რაზომც მოვლიდეს ზღუდენი, მუნაღა ვძებნნე ღონენი ჩემნი არ დასამრუდენი”.

231. წინა-უკანა იარნეს ორნი დღენი და ღამენი, დღისით და ღამით მაშურალნი, არ შეჭამადთა მჭამელნი, არსადა ხანი არ დაყუეს, ერთნი თუალისა წამენი. მათ თუალთა ცრემლნი სდიოდა, მინდორთა მოსალამენი.

232. დღისით ვლეს და საღამო-ჟამ გამოუჩნდეს დიდნი კლდენი, კლდეთა შიგან ქუაბნი იყუნეს, პირსა წყალი ჩანადენი, წყლისა პირსა, არ ითქმოდა, შამბი იყო თუ რასდენი, ხე დიდროან, თუალ უწდომი, მაღლა კლდემდის ანაყრდენი.

233. მან ყმამან ქუაბსა მიმართა, გავლნა წყალნი და კლდენია; ავთანდილ ცხენსა გარდაჴდა, მონახნა დიდნი ხენია, მას ზედა ჭურეტად გავიდა, ძირსა დააბა ცხენია, მუნით უჭურეტდა. იგი ყმა მივა ცრემლ მინადენია.