ვეფხისტყაოსანი, 1926a წ.

254. კულა ეტყუის: “ყმაო, რად მპოვე, ვინ მეუბნები მე, ვინო? ეგე ამბავი ცოცხალსა ენითა ვერ მათქმევინო! მე თავი ჩემი ნებითა ჩემითა მოგაკულევინო, ვითა უსტარი ბედითი, ადვილად დაგახევინო.

255. “ჩემი სიკუდილი შენ ჩემად, პატიჟად ნურად გგონია, მით რომე დამჴსნი ტირილსა, შემშრების ცრემლთა ფონია; ჩალად მჩანს ყოვლი სოფელი, მისთჳსვე შემიწონია. ვერ გიცნობ, ვინ ხარ, ვის გითხრნე სიტყუანი მისანდონია?”

256. ყმამან თქუა თუ: “არ ეგების აწ ამისი ასრე თქმევა, სხუისა რასმე მოგონება, სჯობს საქმისა გამორჩევა”. გაუშვა და ცალკე დაჯდა, ტირს, დაიწყო ცრემლთა ფრქუევა, ქალსა უთხრა: “გაგარისხე, აწ არ ვიცი ,ვით დავრჩე, ვა!”

257. ქალი დაუჯდა კუშტ გვარად, ქუშობს, ჯერ არ დამტკბარია, ავთანდილ ქუე ზის ტირილად, აღარას მოუბარია; ვარდისა ბაღსა მოჰგუბდა ცრემლისა საგუბარია. კულა იქით ქალი ატირდა, მისთჳს გულ ნალმობარია.

258. ყმა მტირალი შეებრალა, ამად ცრემლნი ცხელნი ღვარნა, მაგრა უჯდა უცხოს უცხო, არ ბაგენი აუბარნა; ყმამან ცნა, თუ: “გონებანი ჩქარნი ჩემთჳს დააწყნარნა”. ცრემლ-დენილი შეეხვეწა, ადგა, მუჴლნი მიუყარნა.

259. უთხრა: “ვიცი, აღარ ვარგ ხარ, შენ აწ ჩემად დასადობლად, გაგარისხე, დარჩომილ ვარ ღარიბად და ამად ობლად; აწ ეგრეცა თავი ჩემი დამიც შენთჳს დასანდობლად, ამად რომე შეცოდება შვიდ გზის თქმულა შესანდობლად.

260. “თავი ჩემი სამსახურად თუცა ავად მოგაწონე, მიჯნურისა შებრალება ჴამს, ესეცა გაიგონე; სხუაგნით ყოვლგნით უღონო ვარ, არვინ არის ჩემი ღონე; სულთა მოგცემ გულისათჳს, სხვა მეტიმცა რა გაქონე!”

261. რა ქალსა მიხუდა ყმისაგან მიჯნურობისა სმინება, გულ ამოჴვინჩვით დაიწყო ას კეცთა ცრემლთა დინება, კულა გაამაღლა ზახილით ტირილი, არ გაცინება. ავთანდილს ღმერთმან წადილი მისცა, გულისა ლხინება.

262. იტყვის თუ: “ამა სიტყუითა მას ფერი შეეცვალების, ვისთჳსმე ხელი უცილოდ მას ცრემლი ემალმალების”. კულა უთხრა: “დაო, მიჯნური მტერთაცა შეებრალების; ესეცა იცი, სიკუდილსა თჳთ ეძებს, არ ეკრძალების.

263. “ვარ მიჯნური, ხელი ვინმე, გაუძლებლად სულთა დგმისად; ჩემმან მზემან გამომგზავნა საძებნელად იმა ყმისად; ღრუბელიცა ვერ მიხუდების, მე მისრულვარ სადა, მისად! გული თქუენი მიპოვნია, მისი შენად, შენი მისად.

264. “მისი სახე გულსა ჩემსა ხატად ასრე გამოვხატე, მისთჳს ხელმან, გამოჭრილმან, ლხინი ჩემი ვაალქატე. ორისაგან ერთი მიყავ: ტყვედ მქენ, ანუ მააზატე, ან მაცოცხლე, ანუ მამკალ, ჭირი ჭირსა მომიმატე”.

265. ქალმან უთხრა ყმასა სიტყუა პირველისა უამესი: “ეგე სიტყვა მოიგონე დია რამე უკეთესი. წეღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა ჩამოსთესი, აწ მოყუარე გიპოვნივარ, დისაგანცა უფრო დესი.

266. “მაშა რათგან მიჯნურობა შენად ღონედ მოიგონე, არ ეგების, ამას იქით თუცა თავი არ გამონე, არ შენ მოგეც თავი ჩემი, დაგაბნიე, დაგაღონე; შენთჳს მოვკუდე, ამისებრი მემცა საქმე რა ვაღონე.

267. “აწ რაცა გითხრა, თუ ამა საქმესა დამმორჩილდები, რასაცა ეძებ, მიხუდები, უცილოდ არ ასცილდები; თუ არ მომისმენ, ვერ ჰპოვებ, რაზომცა ცრემლსა მილდები, მოგხუდების მდურვა სოფლისა, მოჰკუდები გაცასწბილდები”.

არაკი ავთანდილისა ასმათს თანა

268. ყმამან უთხრა: “ეგე საქმე ამას ჰგავსო, არა სხუასა: ორნი კაცნი მოდიოდეს სადაურნი სადმე გზასა, უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა, ზედ წაადგა, ჩაჰყიოდა, ტირს, იძახის ვაგლახ ვასა.

269. “ეგრე უთხრა: “ამხანაგო, იყავ მანდა, მომიცდიდე, წავალ თოკთა მოსახუმელად, მწადსო, თუცა ამოგზიდე”; მას ქუეშეთსა გაეცინა, გაუკუირდა მეტად კიდე, შემოჰყივლა: “არ გელოდე, სად გაგექცე, სად წავიდე!”

270. “აწ, დაო, შენსაჴელსაა ჩემი საბელი ყელისა, სხუად უღონოა უშენოდ ჩემგან აპყრობა ჴელისა; რასაცა მიზამ, შენ იცი, შენ ხარ წამალი ხელისა, თუარა ვისმც ექნა გორლითა შეკურა თავისა მრთელისა!”

271. ქალმან უთხრა: “მამეწონა, ყმაო, შენი ნაუბარი. ხარ უცილოდ კარგი ვინმე, მოყმე, ბრძენთა საქებარი; ხარ ვინათგან აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი რაცა გითხრა, მომისმინე, გიპოვნია საძებარი.

272. “იმა მოყმისა ამბავი არსადა არ იპოვების; თჳთ თუ არ გითხრობს, არ ითქმის, არვისგან დაგეყოვნების მოილოდინე, მოვიდეს, რაზომმცა დაგეყოვნების, დადუმდი, ვარდსა ნუ აზრობ, ცრემლითა ნუ ითოვნების.