ვეფხისტყაოსანი, 1926a წ.

156. რა მოვიდა, სიხარული შიგან გაჰჴდა სამეფოსა. მოეგებნეს დიდებულნი, ძღვენსა სძღუნიდეს იეფოსა. იგი პირ-მზე არ მოსცდების სიარულსა სასწრაფოსა. მიხუდეს მყოფნი მას წინაშე სიხარულსა სადაფოსა.

157. ქალაქი ჰქონდა მაგარი საზაროდ სანაპიროსა, გარე კლდე იყო, გიამბობ, ზღუდესა უქვიტკიროსა, ყმამან მუნ დაყო სამი დღე ამოსა სანადიროსა, გამზრდელი მისი შერმადინ დაისვა სავაზიროსა.

158. ესეა მონა შერმადინ , ზემოთცა სახელ-დებული, თანა-შეზრდილი, ერთგული და მისთჳს თავ-დადებული. მან არ იცოდა აქამდის მის ყმისა ცეცხლი დებული, აწ გაუცხადა სიტყუები მის მზისა იმედებული.

159. უბრძანა: “აჰა, შერმადინ, ამად მე შენგან მრცხუენიან, ჩემნი საქმენი ყოველნი გცოდნიან გაგივლენიან, მაგრა არ იცი, აქამდის რანიცა ცრემლნი მდენიან! მე ვისგან მქონდეს პატიჟნი, აწ მასვე მოულხენიან.

160. “მოუკლავარ თინათინის სურვილსა და სიყუარულსა, ცრემლი ცხელი ასოვლებდის ნარგისთაგან ვარდსა ზრულსა, ვერ ვაჩენდი აქანამდის ჭირსა ჩემგან დაფარულსა, აწ მიბრძანა საიმედო, ამად მხედავ მხიარულსა.

161. “მიბრძანა: "მიცან ამბავი მის ყმისა დაკარგულისა, მოხვიდე, სრულ-ვქმნა მაშინღა შენი წადილი გულისა, ქმარი არ მინდა უშენოდ, მომხუდესცა ხისა რგულისა”, მომცა წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა.

162. “პირველ, ყმა ვარ, წასვლა მინდა პატრონისა სამსახურად, — ჴამს მეფეთა ერთგულობა, ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად,— მერმე, ცეცხლი დაუვსია, აღარა მწვავს გულსა მურად. ჴამს, თუ კაცი არ შეუდრკეს, ჭირს მიუჴდეს მამაცურად.

163. “ვართ უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა პატრონ-ყმათასა, ამისთჳს გნუკევ სმენასა შენ ამა ჩემთა ჴმათასა: ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად, თავადად სხუათა ყმათასა, ამა საქმესა ვერა ვიქმ მე განდობასა სხუათასა.

164. “ლაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდი, პატრონობდი; დარბაზს კაცსა გაჰგზავნიდი და ამბავსა მათსა სცნობდი, წიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ, უფასოსა ძღვენსა სძღნობდი, აქა სადმე არ-ყოფასა ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი!

165. “ლაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა დაასახე, აქათ სამ წელ მომიცადე, ხვაშიადი შემინახე, მე ნუთუმცა შემოვბრუნდი, ალვა ჩემი არ დაჭნა ხე, არ მოვბრუნდე, მომიგლოვე, მიტირე და მივაგლახე.

166. “მაშინღა ჰკადრე მეფესა არ საქმე სასურვალია, აცნობე ჩემი სიკუდილი, — იყავ მართ ვითა მთურალია, მიხუდა-თქო საქმე, რომელი ყოვლთათჳს გარდუვალია. გლახაკთა მიეც საჭურჭლე, ოქრო, ვერცხლი და თუალია.

167. “მაშინ უფრო მომეჴმარე ამისგანცა უფრო მჴნედ-რე, ნუ, თუ ადრე დამივიწყო, მაჴსენებდე ზედა ზედრე! მეტად კარგად დამიურვე, სული ჩემი შეივედრე, ზრდანი ჩემნი მოიგონენ, გული შენი მოიმდედრე”.

168. რა მონამან მოისმინა, გაუკუირდა, შეეზარა, თუალთა, ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოღვარა, მოაჴსენა: “უშენომან გულმან რამცა გაიხარა! ვიცი, რომე არ დასდგები, მაგრა გიშლი ამად არა.

169. განა ქნა ლომმან იმედი, დაგედვას რაცა მისადა, მეფისა ცამდის მაღლისა, მზისაცა უფრო მზისადა; უთქვენოდ მყოფი არ ვარგვარ, არცა თუ აქა, ვზი სადა, მარტოსა თავი ვით დაგიც სავალად მაგა გზისადა?

170. “ჩემად ნაცვლად დაგაგდებო,” — ესე სიტყვა ვით მიბრძანე? რაგვარა ვქმნა პატრონობა? რამც გიფერე, რამც გიგვანე? შენ მარტოსა გიგონებდე, მემცა მიწა ვიაკვანე! სჯობს ორნივე დავიკარგნეთ, წამოგყვები, წამიტანე!”

171. ყმამან უთხრა: “მომისმინე, მართლად გითხრობ, არა ჭრელად: რა მიჯნური ველთა რბოდეს, მარტო უნდა გასაჭრელად. მარგალიტი არვის მიხუდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად. კაცი ცრუ და მოღალატე ჴამს ლახუართა დასაჭრელად.

172. “ მისი ცეცხლი გულსა ჩემსა დამწველი და მედებია; მას ერთსაცა ვერ გაუტეხ, რაცა მიიმედებია; შენგან კიდე არა მივის, ძმები, არცა მე დებია, იმოქმედე დღეთა შენთა, რაცა გიმოქმედებია.“

173. “ვისმცა უთხარ ხვაშიადი? შენგან კიდე არვინ ვარგა, უშენოსა პატრონობა ვის მივანდო, ვინ ქნას კარგა? სანაპირო გაამაგრე, მტერმან ახლოს ვერ იბარგა! კულა ნუთუმცა შემოვიქეც, ღმერთმან სრულად არ დამკარგა.

174. ფათერაკი სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს, თუნდა ასი; მარტოება ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი; აქათ სამ წელ არ მოვიდე, მაშინ გმართებს გლოვა, ფლასი; წიგნსა მოგცემ, გმორჩილობდეს, ვინცა იყოს ჩემი ხასი”.

აქა წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა