ვეფხისტყაოსანი, 1926a წ.

332. “თჳთ მეფემან მამა-ჩემი დაიჭირა სწორად თავსა. თქუა: “ჩემებრი ამილბარი, ნაძლევი ვარ, ვისცა ჰყავსა!” ლაშქრობდის და ნადირობდის, აძლევდიან მტერნი ზავსა. მას არა ვგავარ ასრე, ვითა მე სხუა კაცი არა მგავსა.

333. “ძე არ ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა, ჭმუნვა ჰქონდა, ჟამი იყო, მით აეხუნეს სპანი ზარსა. ვაჲ, კრულია დღემცა იგი, მე მივეცი ამილბარსა! მეფემან თქუა: “შვილად გავზრდი, თჳთ ჩემივე გვარი არსა”.

334. “მეფემან და დედოფალმან მიმიყუანეს შვილად მათად, საპატრონოდ ზრდა დამიწყეს ლაშქართა და ქუეყანათად, ბრძენთა მიმცეს სასწავლელად ჴელმწიფეთა ქცევა ქნათად; მოვიწიფე, დავემგზავსე მზესა თუალად, ლომსა ნაკუთად.

335. ასმათ, მითხრობდი, რაცა სცნა ჩემგან ამბობა ცილისა. ხუთისა წლისა შევიქენ მგზავსი ვარდისა შლილისა; ჭირად არ მიჩნდის ლომისა მოკულა, მართ ვითა სილისა; არ ჰგაოდის ფარსადანს მისი არა სმა შვილისა.

336. “ასმათ, შენცა ხარ მოწამე ჩემისა ფერმიჴდილისა, მზესა მე ვსჯობდი შვენებით, ვით ბინდსა ჟამი დილისა; იტყოდეს ჩემნი მნახავნი: “მგზავსია ედემს ზრდილისა”. აწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა.

337. ნადიმსა შიგან მოყმენი სიცილით მომეგებნიან; მოასპარეზე - მესროლთა ღონე ჩემგანვე ძებნიან; მებრძოლთა შიგან მებრძოლნი ვერავინ ვერ შემებნიან; თჳთ შუბოსანი ჩემებრი არავინ არ ეგებნიან.”

338. “მე ხუთისა წლისა ვიყავ, დაორსულდა დედოფალი”. ესე რა თქუა, ყმამან სულთქნა, ცრემლით ბრძანა: “შობა ქალი”. დაბნედასა მიეწურა, ასმათ ასხა გულსა წყალი: თქუა: “მაშინვე მზესა ჰგვანდა, აწ მედების ვისგან ალი!

339. “წიგნი წიგნსა ეცემოდა, დედოფალი ოდეს შობდა, მოციქული მოციქულსა, ინდოეთი სრულად სცნობდა; მზე და მთუარე განსცხრებოდეს, სიხარულით ცა ნათობდა; ყოვლი არსად შემოსრული მხიარული თამაშობდა.

340. “ქება არ ითქმის ენითა, აწ ჩემგან ნაუბარითა. ფარსადან დაჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა; ყოვლგნით მოვიდეს მეფენი ნიჭითა მრავალ გვარითა. საჭურჭლე გასცეს, აივსნეს ლაშქარნი საბოძვარითა.

341. “საშობელი გაიყარა, ზრდა დაგუიწყეს მე და ქალსა. მართ მაშინვე გუანდა იგი მზისა შუქთა ნასამალსა. უყვარდით და სწორად უჩნდით მეფესა და დედოფალსა. აწ ვაჴსენებ, ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა.–

342. ყმა დაბნდა, რა სახელისა ჴსენებასა მიეწურა; ავთანდილსცა აეტირა, მისმან ცეცხლმან გულსა მურა; ქალმან სულად მოაქცია, მკერდსა წყალი დააპკურა. თქუა:– “ისმენდი, მაგრა ჩემი სიკუდილისა დღე დასტურ ა.

343. “მას ქალსა ნესტან დარეჯან იყო სახელად ჴმობილი. შვიდისა წლისა შეიქნა ქალი წყნარი და ცნობილი, მთუარისა მგზავსი, შვენებით მზისაგან არ შეფლობილი მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი, წთობილი!

344. “იგი ასრე მოიწიფა, მე შემეძლო შესვლა ომსა; მეფე ქალსა თჳთ ხედვიდა მეფობისა ქნისა მწთომსა, მამასავე ჴელთა მიმცეს, რა შევიქენ ამა ზომსა; ვბურთობდი და ვნადირობდი, ვით კატასა ვხოცდი ლომსა.

345. “მეფემან კოშკი ააგო, შიგან საყოფი ქალისა; ქუად ფაზარი სხდა, კუბო დგა იაგუნდისა თუალისა, ძირსა ბაღჩა და საბანლად სარაჯი ვარდის წყალისა; იგი მუნ იყუის, მედების ვისგან საჴმილი ალისა

346. დღე და ღამე მუჯამრითა ეკმეოდის ალვა თლილი; ზოგჯერ კოშკს ჯდის, ზოგჯერ ბაღჩას ჩამოვიდის, რა დგის ჩრდილი. დავარ იყო და მეფისა, ქურივი, ქაჯეთს გათხოვილი, მას სიბრძნისა სასწავლელად თჳთ მეფემან მისცა შვილი.

347. “სრა ედგა მოფარდაგული ოქსინოთა და შარდითა; ვერვინ ვხედევდით, შეიქნა პირითა მინა ვარდითა; ასმათ და ორნი ხადუმნი ჰყუიან, იმღერდის ნარდითა; მუნ იზრდებოდის ტანითა, გაბაონს განაზარდითა.

348. “თხუთმეტისა წლისა ვიყავ, მეფე მზრდიდა ვითა შვილსა; დღისით ვიყუი მის წინაშე, გამიშვებდის არცა ძილსა; ძალად ლომსა, თუალად მზესა, ტანად ვგვანდი ედემს ზრდილსა, სროლასა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქნილსა.

349. რა მინდორს შევჯდი, ზარითა ჴმა იყუის ბუკთა ცემისა; თანა მყუის სპისა სიმრავლე მსგავსი ფუტკრისა რემისა; ჭურეტად ქალ ყმები დაჯრილნი, დგის თემისა და თემისა; ვინც მნახის, ეყუის ერთ წლამდის კუეხა ნახვისა ჩემისა.

350. “მოსრნის მჴეცნი და ნადირნი ისარმან ჩემმან სრეულმან; მერმე ვიბურთი მოედანს, მინდორით შემოქცეულმან; შევიდი, შევქმნი ნადიმი, ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან; აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლ-ბადახშეულმან!

351. “მამა მომიკუდა, მოვიდა დღე სიკუდილისა მისისა; ქნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა; მათ გაეხარნეს, ვის ზარი დალევდის მისგან შიშისა; ერთგულთა შექნეს ვაება, მტერთა ჴსენება იშისა.