ვეფხისტყაოსანი, 1926 წ.

136. “აქანამდის ნაუბნარსა თუცა ვერას ვერ გეტყუია, მაგრა შორით სიყუარული შენგან ჩემი შემიტყვია, ვიცი, რომე გაუწყუედლად თუალთა ღაწვი გისეტყვია, შეუპყრიხარ სიყუარულსა, გული შენი დაუტყვია.

137. “ასრე გითხრა, სამსახური ჩემი გმართებს ამად ორად: პირველ ყმა ხარ, ჴორციელი არავინ გუყავს შენად სწორად, მერმე ჩემი მიჯნური ხარ, დასტურია, არ ნაჭორად; წა და იგი, მოყმე ძებნე, ახლოს იყოს თუნდა შორად.

138. “შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე, რომე დამჴსნა შეჭირვება, ეშმა ბილწი ასაპყარე, გულსა გარე საიმედო ია მორგე, ვარდი ყარე, მერმე მოდი, ლომო, მზესა შეგეყრები, შემეყარე.

139. “სამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებარი; ჰპოვო, მოდი გამარჯვებით, მხიარულად მოუბარი; ვერა ჰპოვებ, დავიჯერებ, იყო თურე უჩინარი; კოკობი და უფურჭვნელი ვარდი დაგხუდე დაუმჭნარი.

140. “ფიცით გითხრობ: შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი, მზეცა მამხუდეს ჴორციელი, ჩემთჳს კაცად შენაქმარი, სრულად მოვსწყდე სამოთხესა, ქუესკნელს ვიყო დასანთქმარი, შენი მკლუიდეს სიყუარული, გულსა დანა ასაქმარი”.

141. მოაჴსენა ყმამან: “მზეო, ვინ გიშერი აწამწამე, სხუა პასუხი რამცა გკადრე, ანუ რამცა შევიწამე? მე სიკუდილსა მოველოდი, შენ სიცოცხლე გამიწამე, ვითა მონა, სამსახურად განაღამცა წავეწამე!”

142. კულაცა ჰკადრა: “აჰა, მზეო, ღმერთმან რათგან მზედ დაგბადა, მით გმორჩილობს ზეციერი მნათობია რაცა სადა; მე რომ თქუენგან მოვისმინენ წყალობანი, მედიადა, ვარდი ჩემი არ დაჭკნების, შუქი შენი იეფადა”.

143. თავი ჩემი სამსახურად შენად რადმცა შევიწყალე! არასათჳს არ დავდგები, უსაცილოდ წავალ ხვალე; გული ფერი ლაჟუარდისა გავაწითლე, გავალალე, სიცოცხლისა უკეთესი რა მიბოძე, რამც ვივალე.“

144. კულა შეჰფიცეს ერთმანერთსა, დააპირეს ესე პირი; გასალდეს და გაამრავლეს საუბარი სიტყუა-ხშირი. გაადვილდა, აქანამდის გარდეჴადა რაცა ჭირი; თეთრთა კბილთა გამოჰკრთების თეთრი ელვა ვითა ჭვირი.

145. ერთგან დასხდეს, ილაღობეს, საუბარი ასად აგეს, ბროლ-ბადახში შეხვეული და გიშერი ასადაგეს; ყმა ეტყუის თუ: “შენთა მჭურეტთა თავი ჴელი ასადაგეს! ცეცხლთა, მანდით მოდებულთა, გული ჩემი ასადაგეს”.

146. ყმა წავიდა, სიშორესა თუცა მისსა ვერ გასძლებდა, უკუღმავე იხედვიდა, თუალთა რეტად აყოლებდა, ბროლსა სეტყუს და ვარდსა აზრობს, ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა, გული ჰქონდა გულისათჳს, სიყვარულსა ავალებდა.

147. თქუა: “მზეო, ვარდსა სიშორე შენი დამაჩნდეს ეს ადრე, ბროლი და ლალი გასრულ ვარ ქარვისა უყუითლესად-რე. მაშინ რაღა ვქმნა, ვერ-ჭურეტა რა მომხუდეს კულა უგრძესად-რე! ჴამს მოყვრისათჳს სიკუდილი, ესე მე დამიც წესად-რე”.

148. საწოლს დაწვა, ტირს, მტირალსა ცრემლი ძნელად ეჴოცების, ვითა ვერხვი ქარისაგან ირხევის და იკეცების; რა მილულნის, სიახლევე საყუარლისა ეოცების, შეკრთის, დიდნი დაიზახნის, მით პატიჟი ეოცების.

149. მოშორვება საყუარლისა მას შეჰქმნოდა მისად ღაზოდ, ცრემლსა, ვითა მარგალიტსა სწვიმს ვარდისა დასანაზოდ. რა გათენდა, შეეკაზმა მისთა მჭურეტთა სალამაზოდ, ცხენსა შეჯდა, გაემართა, დარბაზს მივა სადარბაზოდ.

150. დარბაზს ეჯიბი შეგზავნა, მართ მისგან შენარონია, შესთუალა: “გკადრებ, მეფეო, მე ესე გამიგონია: ყოველი პირი მიწისა თქუენ ჴრმლითა დაგიმონია, აწ თუ სჯობს, ესე ამბავი ცნან რაცა გარემონია.

151. “მე წავიდე, მოვიარო, ვილაშქრო და ვინაპირო, თინათინის ჴელმწიფობა მტერთა თქუენთა გულსა ვგმირო, მორჩილ-ქმნილთა გავახარო, ურჩი ყოვლი ავატირო, ძღვენი გკადრნე ზედას-ზედა, არ სალამი დავაძვირო”.

152. მეფესა ეთქუა ამისი დიადი მადრიელობა, ებრძანა: “ლომო, არა გჭირს შენ ომთა გარდაუჴდელობა აწ მაგა შენსა თათბირსა ჰგავსო შენივე ქუელობა. წა, მაგრა მამხუდეს, რაღა ვქმნა, თუ სიშორისა გრძელობა!”

153. ყმა შევიდა, თაყვანი სცა, მადლი რამე მოაჴსენა: ჴელმწიფეო, მიკუირს, ქება რად იკადრეთ ჩემი თქუენა?! აწ ნუთუ კულა სიშორისა ღმერთმან ბნელი გამითენა. პირი თქუენი მხიარული მხიარულსა კულა მიჩვენა”.

154. მეფე ჴელსა მოეკიდა, გარდაჰკოცნა ვითა შვილი, სხუა მათებრი არ ყოფილა არ გამზრდელი, არ გაზრდილი! ყმა ადგა და წამოვიდა, მას დღე მათი ჩანს გაყრილი; როსტან მისთჳს აატირა გონიერი გული, ბილი.

155. გამოემართა ავთანდილ, მოყმე მჴნე, ლაღად მავალი. ოც დღე იარა, ღამესა დღეს ზედა წართო მრავალი. იგია ლხინი სოფლისა, იგია ნივთი და ვალი, არ მისცილდების თინათინ მისი მას, ვისგან სწვავ ალი.