ვეფხისტყაოსანი, 1926 წ.

19. ჴამს, მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკმობდეს, ერთი უჩნდეს სამიჯნურო, ერთსა ვისმე აშიკობდეს, ყოვლსა მისთჳს ჴელოვნობდეს, მას აქებდეს, მას ამკობდეს, მისგან კიდე ნურა უნდა, მისთჳს ენა მუსიკობდეს.

20. ჩემი აწ ცანით ყუელამან, მას ვაქებ, ვინცა მიქია; ესე მჩანს დიდად სახელად, არ თავი გამიქიქია! იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია; მისი სახელი შეფარვით ქუემორე მითქუამს, მიქია.

ამბავი მიჯნურობისა

21. ვთქუა მიჯნურობა პირველი და ტომი გუართა ზენათა, ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა; იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა; ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა.

22. მას ერთსა მიჯნურობასა ჭკუიანნი ვერ მიხუდებიან, ენა დაშურების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან; ვთქუენ ხელობანი ქუენანი, რომელნი ჴორცთა ხუდებიან; მართ მასვე ჰბაძავენ, თუ ოდეს არ სიძვენ, შორით ბნდებიან

23. მიჯნური შმაგსა გუიქუიან არაბულითა ენითა, მით რომე შმაგობს მისისა ვერ-მიჴვდომისა წყენითა; ზოგთა აქუს საღმრთო სიახლე, დაშურების აღმაფრენითა, კულა ზოგთა ქუე უც ბუნება კეკლუცთა ზედა ფრფენითა.

24. მიჯნურსა თუალად სიტურფე მართებს, მართ ვითა მზეობა, სიბრძნე, სიუხვე, სიმდიდრე, სიყმე და მოცალეობა. ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა. ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.

25. მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი; მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი: იგი სხუაა, სიძვა სხუაა, შუა უზის დიდი მზღვარი, ნუვინ გაჰრევთ ერთმანერთსა! გესმის ჩემი ნაუბარი?

26. ჴამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი, ბილწი, მრუში, რა მოშორდეს მოყუარესა, გაამრავლოს სულთქმა, უში, გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიხუდეს, თუნდა ქუში; მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა–მტლუში.

27. მას ცოცხალი ნუ ელევის, რაცა პირველ შეუყვარდეს, ნუცა ლხინსა აუზვავდეს, ნურცა ჭირსა შეუზავდეს: მისთჳს დასთმოს ყუელაკაი, მისთჳს ველთა გამოვარდეს, ნურა ჰგავა, სოფელიცა მისი კერძი გარდაქარდეს.

28. ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა: დღეს ერთი უნდეს, ხუალე სხუა, სთმობდეს გაყრისა თმობასა; ესე მღერასა ბედითსა ჰგავს, ვაჟთა ყმაწვილობასა. კარგი მიჯნური იგია, ვინ იქს სოფლისა თმობასა

29. არს პირველი მიჯნურობა არ-დაჩენა ჭირთა, მალვა, თავის-წინა იგონებდეს, ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა, შორით ბნედა, შორით კდომა, შორით დაგვა, შორით ალვა, დათმოს წყრომა მოყურისაგან, მისი ჰქონდეს შიში, კრძალვა.

30. ჴამს, თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს, არ ბედითად “ჰაჲ-ჰაჲ”-ს ზმიდეს, მოყუარესა აყივნებდეს, არსით აჩნდეს მიჯნურობა, არა სადა იფერებდეს, მისთჳს ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთჳს ცეცხლსა მოიდებდეს.

31. მას უშმაგო ვით მიენდოს, ვინ მოყუარე გაამჟღავნოს? ამის მეტი რამცა ირგო: მას ავნოს და თჳთცა ივნოს. რათამცაღა ასახელოს, რა სიტყუითა მოაყივნოს? რა ჰგავა, თუ მოყუარესა კაცმან გული არ ატკივნოს!

32. მიკვირს, კაცი რად იფერებს საყუარლისა სიყუარულსა: ვინცა უყუარს, რად აყივნებს მისთჳს მკუდარი, მისთჳს წყლულსა? თუ არ უყუარს, რად არა სძულს? რად აყივნებს, რაცა სძულსა?! ავსა კაცსა ავი სიტყუა ურჩევნია სულსა, გულსა.

33. თუ მოყუარე მოყურისათვის ტირს, ტირილსა ემართლების; სიარული, მარტოება შვენის, გაჭრად დაეთულების; იგონებდეს, მისგან კიდე ნურად ოდეს მოეცლების, არ დააჩნდეს მიჯნურობა, სჯობს, თუ კაცსა იახლების.

ამბავი პირველი როსტევან არაბთა მეფისა

34. იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი, მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი, მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი, თჳთ მეომარი უებრო, კულა მოუბარი წყლიანი.

35. სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტო ასული, სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული; მან მისთა მჭურეტთა წაუღის გული, გონება და სული, ბრძენი ჴამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული.

36. მისი სახელი — თინათინ, არს ესე საცოდნარია! რა გაიზარდა, გაივსო, მზე მისგან საწუნარია. მეფემან უჴმნა ვაზირნი, თჳთ ზის ლაღი და წყნარია, გუერდსა დაისხნა, დაუწყო მათ ამო საუბნარია.