ვეფხისტყაოსანი, 1926 წ.

37. უბრძანა: “გკითხავ საქმესა, ერთგან სასაუბნაროსა: რა ვარდმან მისი ყუავილი გააჴმოს, დაამჭნაროსა, იგი წაჴდების, სხუა მოვა ტურფასა საბაღნაროსა, _ მზე ჩაგუისვენდა, ბნელსა ვსუჭვრეტთ, ღამესა უმთუაროსა.

38. “მე გარდასრულ ვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია, დღეს არა, ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია; რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?! ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია”.

39. ვაზირთა ჰკადრეს: “მეფეო, რად ჰბრძანეთ თქუენი ბერობა? ვარდი თუ გაჴმეს, ეგრეცა გუმართებს მისივე ჯერობა: მისივე ჰმეტობს ყვავილსა სული და ტურფა ფერობა. მთუარესა მცხრალსა ვარსკულავმან ვითამცა ჰკადრა მტერობა!

40. “მაგას ნუ ბრაძანებთ, მეფეო, ჯერ ვარდი არ დაგჭნობია, თქუენი თათბირი ავიცა სხუისა კარგისა მჯობია; ჴმდა განაღამცა საქმნელად, რაცა თქუენ გულსა გლმობია: სჯობს და მას მიეც მეფობა, ვისგან მზე შენაფლობია.

41. “თუცა ქალია, ჴელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია; არ გათნევთ, იცის მეფობა, უთქუენოდ გვითქვამს კულა დია; შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია. ლეკუი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია”.

42. ავთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამირ-სპასალარისა, საროსა მჯობი ნაზარდი, მგზავსი მზისა და მთუარისა, ჯერთ უწუერული, სადარო ბროლ-მინა საცნობარისა; მას თინათინის შვენება ჰკლვიდის წამწამთა ჯარისა.

43. გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად; რა მოჰშორდის, ვერ -მჭვრეტელმან ვარდი შექმნის ფერ-ნაკლულად; ნახის, ცეცხლი გაუახლდის, წყლული გახდის უფრო წყლულად. საბრალოა, სიყვარული კაცსა შეიქმს გულ-მოკლულად!

44. რა მეფედ დასმა მეფემან ბრძანა მისისა ქალისა, ავთანდილს მიხუდა სიამე, ვსება სჭირს მის სოქ ალისა; თქუა: “ზედაზედა მომხუდების ნახვა მის ბროლ-ფიქალისა, ნუთუ მით ვპოო წამალი მე ჩემი ფერ-გამქრალისა!”

45. არაბეთს გასცა ბრძანება დიდმან არაბთა მფლობელმან: “თინათინ ჩემი ჴელმწიფედ დავსვი მე, მისმან მშობელმან, მან გაანათლნეს ყოველნი, ვით მზემან მანათლობელმან. მოდით და ნახეთ ყოველმან შემსხმელმან, შემამკობელმან!”

46. მოვიდეს სრულნი არაბნი, ჯარი განმრავლდა ხასისა: ავთანდილ პირ-მზე, სპასპეტი ლაშქრისა ბევრ-ათასისა, ვაზირი სოგრატ, მოახლე მეფისა დასთა დასისა; მათ რომე დადგეს საჯდომი, თქუეს: “უთქმელია ფასისა!”

47. თინათინ მიყავს მამასა პირითა მით ნათელითა, დასვა და თავსა გჳრგჳნი დასდგა თავისა ჴელითა, მისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა. ქალი მზეებრ სჭურეტს ყოველთა ცნობითა ბრძნად მხედველითა.

48. უკუდგეს და თაყუანი სცეს მეფემან და მისთა სპათა, დალოცეს და მეფედ დასვეს, ქება უთხრეს სხუაგნით სხუათა, ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს მათთაჴმათა. ქალი ტირს და ცრემლთა აფრქუევს, ხრის ყორნისა ბოლო-ფრთათა.

49. მამისა ტახტსა საჯდომლად თავი არ ეღირსებოდა, ამად ტირს, ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა; მეფე სწურთის: ”მამა ყოველი ძისაგან ითავსებოდა, ამისად ქმნამდის დამწველი ცეცხლი არ დამევსებოდა”.

50. უბრძანა: “ნუ სტირ, ასულო, ისმინე ჩემი თხრობილი: დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს, ჩემგან ჴელმწიფედ ჴმობილი, აქათგან ესე სამეფო მართ შენია მონდობილი. ხარმცა ბრძნად მქნელი საქმისა, იყავ წყნარი და ცნობილი!

51. “ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების, დიდთა და წურილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების! უხვი აჴსნილთა დააბამს, იგი თჳთ ების, ვინ ების. უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების.

52. “მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა, რგულია: უხვსა მორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია; სმა-ჭამა — დიდად შესარგი, დება რა სავარგულია? რასაცა გასცემთ, შენია; რაც არა, დაკარგულია!”

53. ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა, ყურსა უპყრობდა, ისმენდა,წურთასა არ მოიწყინებდა; მეფე სმასა და მღერასა იქს, მეტად მოილხინებდა; თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრა მზე თინათინებდა.

54. მოიჴმო მისი გამზრდელი, ერთგული, ნაერთგულევი, უბრძანა: “ჩემი საჭურჭლე, შენგან დანაბეჭდულევი, მომართვი ჩემი ყუელაი, ჩემი ნაუფლისწულევი”. მოართვეს. გასცა უზომო, უანგარიშო, ულევი.

55. მას დღე გასცემს ყუელაკასა სივაჟისა მოგებულსა, რომე სრულად ამოაგებს მცირესა და დიდებულსა. მერმე ბრძანა: “ვიქ საქმესა, მამისაგან სწავლებულსა, ჩემსა ნუვინ ნუ დამალავთ საჭურჭლესა დადებულსა”.

56. უბრძანა: “წადით, გაჴსენით, რაცა სად საჭურჭლენია! ამილახორო, მოასხი რემა, ჯოგი და ცხენია!” მოიღეს. გასცა უზომო, სიუხვე არ მოსწყენია. ლარსა ხვეტდიან ლაშქარნი, მართ ვითა მეკობრენია.