ვეფხისტყაოსანი, 1926 წ.

194. მიხუდა რასმე ქუეყანასა უგემურსა, მეტად მქისსა, თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს, ვერას შვილსა ადამისსა, იგი ჭირი არ უნახავს არ რამინს და არცა ვისსა, დღე და ღამე იგონებდა საყუარელსა მასვე მისსა.

195. მას მიხუდა წევრი სადგურად მაღლისა მთისა დიდისა, გამოჩნდა მუნით მინდორი, სავალი დღისა შვიდისა. მის მთისა ძირსა წყალი დის, არად სანდომი ჴიდისა, ორგნითვე ტყესა შეეკრა ნაპირი წყლისა კიდისა.

196. ზედ წაადგა, შეექცევის, დროთა, დღეთა ანგარიშობს; თვენი ესხნეს ორანიღაა, ამად სულთქუამს, არა იშობს; “ვაჲ თუ საქმე გამიმჟღავნდეს! კულა ამისთჳს გულმოშიშობს, ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს”.

197. საგონებელი შეექნა, დადგა საქმისა მრჩეველად. თქუა: “თუ დავბრუნდე, ეზომი ხანი რად დავყავ მე ველად? ჩემსა რა ვჰკადრო მნათობსა, ვიყავ რად დღეთა მლეველად, მისი ვერა ვცნა ჭორადცა, ვარ ვისთა გზათა მკულეველად?”

198. თუ არ დავბრუნდე, საძებრად დავჰყუნე სხუანიცა ხანანი, რომელსა ვეძებ, ვერა ვსცნე ამბავნი მე მისთანანი, დრო გარდაუწყდეს შერმადინს, მიხუდეს ღაწვისა ბანანი, მივიდეს, ჰკადროს მეფესა საქმენი დასაგვანანი!”

199. “უამბოს ჩემი სიკუდილი, თჳთ ჩემგან დავედრებული, მათ შექმნან გლოვა ტირილი, ქნან საქმე გამწარებული: მერმე მივიდე ცოცოხალი, მე სხუაგან სადმე რებული!”– ამას იგონებს ტირილით გონება შეიწრებული.

200. იტყუის: “ღმერთო, სამართალნი შენნი ჩემთჳს რად ამრუდენ! მე ეზომი სიარულნი კიდე რად, გლახ, გამიცუდენ! გულით ჩემით სიხარულნი აღფხურენ, ჭირნი დააბუდენ, დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი ვერათოდეს დავიყუდენ”.

201. კულაცა იტყუის: “დათმობა სჯობს”, და თავსავე ეუბნების: “დღეთა მეტად ნუ მოჰკუდები, გული ჩემი ნუ დადნების, უღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ, ცრემლი ცუდად მედინების, განგებასა ვერვინ შესცვლის, არ საქნელი არ იქნების”.

202. ყოვლნი არსნი ცათ ქუეშეთნი ერთობ სრულად მომივლიან, მაგრა საქმე მის კაცისა ვერა სადა შემიგნიან; უღონიოდ მართალ იყუნეს, რომელთაცა ქაჯად თქუიან. აწ ტირილი არას მარგებს, ცუდად ცრემლნი რასა მდიან!”

203. მთით ჩამოვიდა ავთანდილ, გავლო წყალი და ტყენია, მინდორს აცორვებს ტაიჭსა, შეჟღრენით მონაწყენია. გასცუდებოდეს მკლავნი და მისნი სიამაყენია, ბროლისა ველსა სტურფობდეს გიშრისა მუნ საყენია.

204. მობრუნვება დააპირა, სულთქნა, მერმე ივაგლახა, მას მინდორსა დაემართა, გზა თუალითა გამოსახა; თვესა ერთსა სულიერი კაცი არსად არ ენახა, მჴეცნი იყუნეს საშინელნი, მაგრა არა შეუზახა.

205. თუცა მჴეც ქნილი ავთანდილ გულ ამოსკუნით და კუნესითა, ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა, ისრითა მოკლის ნადირი, როსტომის მკლავს უგრძესითა. შამბისა პირსა გარდაჴდა, ცეცხლი დააგზო კუესითა.

206. ცხენსა მისცა საძოვარი, ვირე მწვადი შეიწოდეს; ექუსნი რამე ცხენოსანნი, ნახა, მისკენ მოდიოდეს; თქუა თუ: “გვანან მეკობრეთა, თვარამ კარგი რამც იცოდეს! აქა კაცი ჴორციელი კულა ყოფილა არაოდეს”.

207. “ ჩუენ ასრე მყოფნი არ ვარგვართ, რა გუნახვენ, ვეჯაბანებით.” შეირტყა წეთა აბჯარი, შეჯდა ტანითა ჯანებით; მზად აქუს მშვილდი და ისარი, ჴრმალი მოიმარჯვა ნებით მისგან მებრძოლმან ყუელამან გაყრამცა იაჯა ნებით.

208. ჴელთა ჰქონდა ისარ მშვილდი , მათკე მივა მხიარული: ორთა კაცთა წვეროსანთა ყმა მოჰყუანდა უწვერული, თავსა იყო დაკოდილი, შეებნიდა სისხლსა გული, ტიროდეს და იჭირვოდეს, ცოტა ედგა მას, გლახ, სული.

209. უყივლა თუ: “ძმანო, ვინ ხართ? მეკობრეთა დაგამზგავსე!” მათ მიუგეს: “დაგუიწყნარდი, გუიშველე რა, ცეცხლი ავსე, ვერა გვარგო, მოგუიმატენ, ჭირნი ჭირთა მოგუისავსე, სატირელნი მოგუიტირენ, ღაწვნი შენცა დაიმხავსე”.

210. ავთანდილ მიდგა, ეუბნა მათ კაცთა გულ მდუღარეთა; მათ უთხრეს მათი ამბავი ტირილით მოუბარეთა: “ჩუენ ვართო ძმანი სამნივე, მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა, დია გუაქუს ციხე ქალაქი ხატაეთს არემარეთა.

211. “კარგი გუესმა სანადირო, ნადირობას წამოვედით, გუყუეს ლაშქარნი უთუალავნი, წყლისა პირსა გარდავჴედით, სანადირო მოგუეწონა, თვესა ერთსა არვდექით, ვჴოცდით მჴეცი უსაზომო მინდორით და მთით და ქედით.

212. “ჩუენ სამთა ძმათა ჩუენთანა მესროლნი დავაწბილენით, მით ერთმანერთსა სამნივე ჩუენ კიდე დავეცილენით: “მე უკეთ მოვჰკლავ, მე გჯობო”, სიტყვანი ვავაქილენით, ვერ გავაჩინეთ მართალი, ვისარჩლეთ, ვითაკილენით.

213. “დღეს ავჰყარენით ლაშქარნი, სავსენი ირმის ტყავითა, ვთქუით: “გავაჩინოთ მართალი, ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა, თავსა ვეახლნეთ მარტონი, დავდგეთ თავის თავითა, თჳთ დანახულსა მოვჰკლვიდეთ, ნუ ვისრვით დამნახავითა”.