ვეფხისტყაოსანი, 1926 წ.

116. “ტკბილნი მისნი წყალობანი ბოლოდ ასრე გამემწარნეს, დამავიწყდეს, რაცა დღენი მხიარულსა წამეარნეს. ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს, ვეღარავინ მინეტარნეს, სადამდისცა დღენი მესხნენ, ვეღარამან გამახარნეს!”

117. ქალმან ჰკადრა: “მოგაჴსენებ მე სიტყვასა დანაყბედსა: ჰე მეფეო! რად ემდურვი ანუ ღმერთსა, ანუ ბედსა? რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათჳს ტკბილად მხედსა? ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა!

118. თუ ცუდი რამე გინახავს, მაცთური ანუ ქაჯია, ამისთჳს, მეფე რად სჭმინავ, ანუ რად გაგისაჯია?– სიტკბოსა ნაცვლად ღმრთისაგან სიმწარე რად გიაჯია? მასვე ევედრე, მოასხი ყოვლი მუყრი და აჯია.“

119. “მე ამას ვარჩევ: მეფე ხარ, მეფეთა ზედა მფლობელი, შორს არის თქუენი საზღვარი, ბრძანება-მიუთხრობელი. გაგზავნე კაცი, ყოველგნით მისთა ამბავთა მცნობელი, ადრე სცნობ, არის იგი ყმა შობილი, თუ უშობელი”.

120. თუ ყოფილა იგი მოყმე ხორციელი, ხმელთა მვლელად, მას ნახვიდა სხუაცა ვინმე, გამოჩნდების მასწავლელად; თუ არ, ეშმა გჩვენებია ლხინთა შენთა შემცვლელ - მშლელად, სევდისაგან მოიცალეთ, რად შექმნილხართ მოუცლელად?“

121. როსტან სიტყვა ასულისა მოეწონა, ეკეთაცა; პირი ჴელით დაუჭირა, გარდაჰკოცნა კულა და კულაცა; უბრძანა, თუ: “ დაგმორჩილდე, რაცა მითხარ, აგრე ვქნაცა, იგივეა მჴსნელი ჩემი, ვინცა მიწა გამაკაცა.“

122. მოასხნეს კაცნი, გაგზავნეს ოთხთავე ცისა კიდეთა, უბრძანეს: “წადით, პატიჟთა თავიმცა რად დარიდეთა? მონახეთ, ძებნეთ იგი ყმა, სხუად ნურად მოიცლიდეთა, მისწერეთ წიგნი, სადაცა ვერ მისწვდეთ, ვერ მიხვიდეთა”.

123. კაცნი წავიდეს, იარეს მართ ერთი წელიწადია, მონახეს, ძებნეს იგი ყმა, იკითხეს კულა და კულა დია, ვერცა თუ ნახეს ნახული ღმრთისაგან დანაბადია, ცუდად მაშურალნი მოვიდეს, მათსავე გულსა ზადია.

124. მონათა ჰკადრეს: “მეფეო, ჩვენ ჴმელნი მოვიარენით, მაგრა ვერ ვჰპოვეთ იგი ყმა, მით ვერა გავიხარენით, მისსა მნახავსა სულ-დგმულსა კაცსა ვერ შევეყარენით, ჩუენ ვერას გარგეთ, საქმენი სხუანი რამ მოიგვარენით”.

125. მეფე ბრძანებს: “მართალ იყო ასული და ჩემი ძეო, ვნახე რამე ეშმაკისა სიცუდე და სიბილწეო, ჩემად მტერად წამოსრული, გარდმოჭრილი ზეცით ზეო. გამიშვია შეჭირვება, არა მგამა ყოლა მეო”.

126. ესე თქუა და სიხარულით თამაშობა ადიადა. მგოსანი და მუშაითი უჴმეს, პოვეს რაცა სადა. დია გასცა საბოძვარი, ყუელა დარბაზს შემოხადა. მისი მგზავსი სიუხვითა ღმერთმან სხუამცა რა დაბადა!

127. ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს, ეცვა ოდენ მართ პერანგი, იმღერდა და იხარებდა, წინა ედგა ერთი ჩანგი. შემოვიდა მას წინაშე თინათინის მონა ზანგი; მოაჴსენა: “გიბრძანებსო ტანი ალვა, პირი მანგი”.

128. ავთანდილს მიხუდა მოსმენა საქმისა სანატრელისა, ადგა და კაბა ჩაიცვა, მჯობი ყოვლისა ჭრელისა; უხარის შეყრა ვარდისა, არ ერთგან შეუყრელისა. ამაოა ჭურეტა ტურფისა, სიახლე საყუარელისა!

129. ავთანდილ ლაღი, უკადრი, მივა, არვისგან რცხვენოდა, მას ნახავს, ვისთა ვამთაგან ცრემლი მრავალჯერ სდენოდა; იგი უებრო ქუშად ჯდა, ელვისა მგზავსად შვენოდა, მთუარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაფენოდა.

130. გაძრცვლისა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი, ებურნეს მოშლით რიდენი, ფასისა თქმად საჭირონი, შვენოდეს შავნი წამწამნი, გულისა გასაგმირონი, მას თეთრსა ყელსა ეკიდნეს გრძლად თმანი არ-უხშირონი.

131. დაღრეჯით იყო მჯდომარე ძოწეულითა რიდითა, ავთანდილს უთხრა დაჯდომა წყნარად, ცნობითა მშვიდითა. მონამან სელნი დაუდგნა, დაჯდა კრძალვით და რიდითა. პირის-პირ პირსა უჭურეტდა, სავსე ლხინითა დიდითა.

132. ქალმა უბრძანა: “ზარი მლევს მე ამისისა თხრობისა; მწადდა არა- თქმა, რომლისა ღონე არა მაქუს თმობისა, მაგრა იცია მიზეზი შენისა აქა ჴმობისა, რად ვზი ქუშად და დაღრეჯით ასრე მიჴდილი ცნობისა?”

133. ყმამან ჰკადრა: “საზაროსა ჩემგან თქმაღა ვით იქმნების? მზესა მთუარე შეეყაროს, დაილევის, და-ცა-ჭნების; აზრად არად აღარა მცალს, თავი ჩემი მეგონების, თქუენვე ბრძანეთ, რაცა გიმძიმს, ანუ რაცა გეკურნების”.

134. ქალმან უთხრა საუბარი კეკლუც-სიტყუა არ დუხჭირად; იტყუის: “თუცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭირად, მიკუირს, მოგხუდა წამის ყოფად საქმე შენგან საეჭვი რად, მაგრა გითხრა პირველ ხვალმე, სენი მე მჭირს რაცა ჭირად.

135. “გახსოვს, ოდეს შენ და როსტანს მინდორს მჴეცი დაგეჴოცა, ყმა გენახა უცხო ვინმე, რომე ცრემლი მოეჴოცა? მას უკანით გონებამან მისმან ასრე დამამჴოცა, შენ გენუკევ მონახვასა, კიდით კიდე მოლახო ცა.