ვეფხისტყაოსანი, 1926 წ.

57. ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა, ვითა ნათურქალსა, მას ტაიჭსა არაბულსა, ქუე-ნაბამსა, ნასუქალსა, რომე ჰგუანდა სიუხვითა ბუქსა, ზეცით ნაბუქალსა; არ დაარჩენს ცალიერსა არ ყმასა და არცა ქალსა.

58. დღე ერთ გარდაჴდა. პურობა, სმა-ჭამა იყო, ხილობა, ნადიმად მსხდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა. მეფემან თავი დაჰკიდა და ჰქონდა დაღრეჯილობა. “ნეტარ, რა უმძიმს, რა სჭირსო?”- შექნეს ამისი ცილობა.

59. თავსა ზის პირ-მზე ავთანდილ, მჭურეტთაგან მოსანდომია, სპათა სპასპეტი, ჩაუქი, ვითა ვეფხი და ლომია; ვაზირი ბერი სოგრატი თჳთ მას თანავე მჯდომია. თქუეს, თუ: “რა უმძიმს მეფესა, ანუ რად ფერი ჰკრთომია?”.

60. თქუეს, თუ: “ მეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩავარდნილა, თუარა აქა სამძიმარი მათი ყოლა არა ქმნილა”. ავთანდილ თქუა: “სოგრატ, ვჰკითხოთ, გუითხრას, რამცა შეგვეცილა? ვჰკადროთ რამე სალაღობო, რასათჳსმცა გაგვაწბილა?”

61. ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა, თჳთო აივსეს ჭიქები, მივლენ ქცევითა წყნარითა, წინა მიუსხდეს მუჴლ-მოყრით, პირითა მოცინარითა, ვაზირი ლაღობს ენითა, წყლიანად მოუბნარითა:

62. “დაგიღრეჯია, მეფეო, აღარ გიცინის პირიო. მართალ ხარ: წაჴდა საჭურჭლე თქუენი მძიმე და ძვირიო, ყუელასა გასცემს ასული თქუენი საბოძვარ-ხშირიო; ყოლამცა მეფედ ნუ დასვი! თავსა რად უგდე ჭირიო?”

63. რა მეფემან მოისმინა, გაცინებით შემოჰხედნა, გაუკუირდა: ვით მკადრაო, ან სიტყუანი ვით გაბედნა?! “კარგი ჰქენო, — დაუმადლა, ბრძანებანი უიმედნა, — ჩემი ზრახვა სიძუნწისა, ტყუის, ვინცა დაიყბედნა!

64. “ეგე არ მიმძიმს, ვაზირო, ესეა, რომე მწყენია: სიბერე მახლავს, დავლიე სიყმაწვილისა დღენია, კაცი არ არის, სითგანცა საბრძანებელი ჩუენია, რომე მას ჩემგან ესწავლნენ სამამაცონი ზნენია.

65. “ერთაი მიზის ასული, ნაზარდი სათუთობითა; ღმერთმან არ მომცა ყმა-შვილი, — ვარ საწუთროსა თმობითა, ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად, ანუ კულა ბურთაობითა; ცოტასა შემწევს ავთანდილ ჩემგანვე ნაზარდობითა”.

66. ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა, თავ-მოდრეკით გაიღიმნა, გაცინება დაუშვენდა, თეთრთა კბილთა გამომკრთალსა შუქსა ველთა მოაფენდა. მეფე ჰკითხავს: “რას იცინი, ანუ ჩემგან რას შეგრცხვენდა?”

67. კულა უბრძანა: “თავსა ჩემსა, რას იცინი, რად დამგმეო?” ყმამან ჰკადრა:”მოგაჴსენებ და ფარმანი მიბოძეო, რაცა გკადრო, არ გეწყინოს, არ გაჰრისხდე, არ გასწყრეო, არ გამჴადო კადნიერად, არ ამიკლო ამადზეო”.

68. უბრძანა: “რადმცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა!” ფიცა მზე თინათინისი, მის მზისა მოწუნარისა. ავთანდილ იტყუის: “დავიწყო კადრება საუბნარისა: ნუ მაკუეხ მშვილდოსნობასა, თქმა სჯობს სიტყუისა წყნარისა,

69. “მიწაცა თქუენი ავთანდილ თქუენს წინა მშვილდოსანია; ნაძლევი დავდვათ, მოვასხნეთ მოწმად თქუენნივე ყმანია; მოასპარეზედ ვინ მგავსო? — ცუდიღა უკუთქმანია. გარდამწყუეტელი მისიცა ბურთი და მოედანია!”

70. მეფე ლაღი დაწყლიანი გამხიარულდა მეტადრე; სიცილით უთხრა ავთანდილს: “ შვილად გაგზარდე, მით მკადრე; იცი არ ვიწყენ, გაზრდილო, მით შემომიხველ ზედადრე თუ არ გასწბილდე, მაჯობო, ბედი გეყოფის ბედადრე.

71. “მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა მაგისსა დაცილებასა. ბრძანე, ვისროლოთ, ნუ იქმო შედრეკილობა-კლებასა, კარგთა კაცთასა ვიქმოდეთ მოწმად ჩუენთანა ხლებასა, მერმე გამოჩნდეს მოედანს, ვისძი უთხრობდენ ქებასა!”

72. ავთანდილცა დამორჩილდა, საუბარი გარდასწყუიტეს, იცინოდეს, ყმაწვილობდეს, საყუარლად და კარგად ზმიდეს, ნაძლევიცა გააჩინეს, ამა პირსა დაასკუნიდეს: “ვინცა იყოს უარესი, თავ-შიშველი სამ დღე ვლიდეს!”

73. კულა ბრძანა: “ მონა თორმეტი შევსხათ ჩუენთანა მარებლად, თორემტი ჩემად ისრისა მომრთმევლად, მოსაჴმარებლად. - ერთაი შენი შერმადინ არს მათად დასადარებლად, - ნასროლ-ნაკრავსა სთვალვიდეს უტყუვრად, მიუმცდარებლად.”

74. მონადირეთა უბრძანა: “მინდორნი მოიარენით, დასცევით ჯოგი მრავალი, თავნი ამისთჳს არენით”. ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს: “მოდით და მოიჯარენით”. გაყარეს სმა და ნადიმი. მუნ ამოდ გავიხარენით.

75. დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი, ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ–ბალახშოსანი, პირ-ოქრო რიდე ეხვია, შვენოდა ქარქაშოსანი, მეფესა გასლვად აწვევდა, მოდგა თეთრ-ტაიჭოსანი.

76. შეეკაზმა მეფე, შეჯდა, ნადირობად გამოვიდეს; მგრგულივ მინდორსა მოსდგომოდეს, ალყად გარე შემოჰკრვიდეს; ზეიმი და ზარი იყო, სპანი ველთა დაჰფარვიდეს, ნაძლევისა მათისათჳს ისროდეს და ერთგან სრვიდეს.