ვეფხისტყაოსანი, 1926 წ.

96. მონანი მიდგეს, მივიდეს, გახდა აბჯრისა ჩხარია; მაშინღა შეკრთა იგი ყმა, ტირს, მეტად გულ-მდუღარია, თუალნი მოარნა ყოველგნით, ნახა ლაშქართა ჯარია, ერთხელ ესე თქუა: “ვაჲ მეო”, სხუად არას მოუბარია.

97. თუალთა ჴელი უკუივლო, ცხელნი ცრემლნი მოიწურნა, ჴრმალ-კაპარჭი მოიმაგრა, მკლავნი გაიმამაცურნა, ცხენსა შეჯდა, — მონათამცა საუბარნი რად იყურნა! სხუასა მხარსა გაემართა, მათი ჭირი არ განჰკურნა.

98. მონათა ჴელი გამართეს მის ყმისა შესაპყრობელად. მან, იგინი, გლახ დაჴადნა მტერთაცა საწყალობელად: ჰკრნა ერთმანერთსა, დაჴოცნა თავსა ჴელ-აუპყრობელად, ზოგსა გადაჰკრის მათრაჴი, მკერდამდის გასაპობელად.

99. მეფე გაწყრა, გაგულისდა, ლაშქარნიცა შეუზახნა; მან მდევართა მიწევნამდის არ უჭურიტნა, არცა ნახნა, რაზომნიცა მიეწივნეს, ყოვლნი მკუდართა დაასახნა, კაცი კაცსა შემოსტყორცნა, როსტან ამად ივაგლახნა.

100. შესხდეს მეფე და ავთანდილ მის ყმისა მისაწეველად. იგი ლაღი და უკადრი მივა ტანისა მრხეველად, ტაიჭი მიუქს მერანსა, მიეფინების მზე ველად, შეიგნა მისლვა მეფისა მისად უკანა მდეველად.

101. რა ცნა, მეფე მოვიდაო, ჰკრა მათრაჴი მისსა ცხენსა. მასვე წამსა დაიკარგა, არ უნახავს თუალსა ჩვენსა, ჰგვანდა ქუესკნელს ჩაძრომილსა ანუ ზეცად ანაფრენსა; ეძებდეს და ვერ ჰპოებდეს კუალსა მისგან წანარბენსა.

102. კუალი ძებნეს და უკვირდა ვერ-პოვნა ნაკუალევისა, აგრე კუალ-წმიდად წაჴდომა კაცისა, ვითა დევისა; ლაშქარნი მკუდართა ტიროდეს, სწრაფა აქუთ წყლულთა ხვევისა. მეფემან ბრძანა: “ვნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა”.

103. ბრძანა: “ღმერთსა მოეწყინა აქანამდის ჩემი შვება, ამად მიყო სიმწარითა სიამისა დანაღულება, სიკუდილამდის დამაწყლულა, ვერვის ძალ-უც განკურნება. მას ვემადლი! ასრე იყო წადილი და მისი ნება”.

104. ესე თქუა და შემობრუნდა, დაღრეჯილი წამოვიდა, არცაღა ჰკრა ასპარეზსა, ვამი ვამსა მოურთვიდა; ყუელაკაი მოიშალა, სადაცა ვინ მჴეცთა სრვიდა; ზოგთა თქუეს, თუ: “მართალია”, ზოგი, ღმერთო, უზრახვიდა.

105. მეფე საწოლს შემოვიდა სევდიანი, დაღრეჯილი; მისგან კიდე არვინ შეჰყუა, ავთანდილ უჩნს ვითა შვილი. ყველაკაი გაიყარა, ჯალაბი ჩანს არ-დაჯრილი. გაბედითდა სიხარული, ჩაღანა და ჩანგი ტკბილი.

106. თინათინს ესმა ეგეთი მამისა დაღრეჯილობა, ადგა და კარსა მივიდა, ჰქონდა მზისაცა ცილობა,_ მოლარე იჴმო, უბრძანა: “ძილია, თუ ღვიძილობა?” მან მოაჴსენა: “დაღრეჯით ზის, სჭირსო ფერშეცვლილობა.

107. “ერთიღა ახლავს ავთანდილ, წინაშე უზის სკამითა; უცხო ყმა ვინმე უნახავს, ასრე დაღრეჯით ამით-ა“ თინათინ ბრძანა: “ აწ წავალ, შესვლა არ ჴამს ჟამით-ა, მიკითხოს, ჰკადრე: იყო-თქო აქა ერთითა წამითა.“

108. ხანი გამოხდა, იკითხა: “ნეტარ, რასა იქს ქალიო, ჩემი ლხინი და ჯავარი, ჩემი სოფლისა წყალიო?” მოლარე ჰკადრებს: “მოვიდა აწაღა ფერ ნამკრთალიო, დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა წინაშე მომავალიო”.

109. უბრძანა, თუ: “წადი, უჴმე! უმისობა ვით გავსძლეო? მოაჴსენე: “რად დაჰბრუნდი შენ, მამისა სიცოცხლეო? მოდი, ჭმუნვა გამიქარვე, გულსა წყლულსა მეწამლეო, გითხრა ჩემი სამიზეზო, მე თუ ლხინთა რად დავლეო””.

110. თინათინ ადგა, მივიდა, მიჰყუა მამისა ნებასა, უგავს პირისა სინათლე მთუარისა მოვანებასა. მამამან გვერდსა დაისვა, აკოცებს ნება-ნებასა, უბრძანა: “მახლავ რად არა, რად მელი მოყუანებასა?”

111. ქალმან ჰკადრა: “ჴელმწიფეო, დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს, ვინმცა გნახა კადნიერად, რაზომ გინდა ამაყობდეს! თქუენნი აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამხობდეს! კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭუ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს”.

112. უბრძანა: “შვილო, რაზომცა მჭირს საქმე სავაგლახია, შენი ჭურეტა და სიახლე ლხინადვე დამისახია, მომქარვებელი სევდისა, მართ ვითა მუფარახია. ვეჭუ, რა სცნა, შენცა მამართლო, ჩემი სულთქმა და ახია.

113. “უცხოსა და საკუირველსა ყმასა რასმე გარდვეკიდე, მისმან შუქმან გაანათლა სამყარო და ჴმელთა კიდე. რა უმძიმდა, არ ვიცოდი, ან ტიროდა ვისთჳს კიდე; ჩემად ნახვად არ მოვიდა, გავგულისდი, წავეკიდე.

114. “მე რა მნახა, ცხენსა შეჯდა, თუალთა ცრემლნი მოიჴოცნა. შესაპყრობლად შევუზახენ, სპანი სრულად დამიჴოცნა, ვითა ეშმა დამეკარგა, არ კაცურად გარდამკოცნა, ჯერთცა ესე არა ვიცი, ცხადი იყო, თუ მეოცნა.

115. “აწ ესე მიკუირს, რა იყო, ანუ რა ვნახე და რული! მან დამიჴოცა ლაშქარი, ადინა სისხლი ღვარული. კაცთა ჴორცისად ვით ითქმის ისრე თუალთაგან ფარული?! უცილოდ ღმერთსა მოვსძულდი აქამდის მე მხიარული.