ვეფხისტყაოსანი, 1934 წ.

1549. რა გამისრულდენ ესენი ჩემნი გულისა ნებანი, მაშინღა მივალ არაბეთს, მომხვდენ მის მზისა ხლებანი; ოდესცა სწადდეს, დამივსნეს ამა ცეცხლისა დებანი. სხვა თქვენგან არა არ მინდა, მძულან ცუდნიღა თნებანი”.

1550. რა ფრიდონ ჰკადრა ტარიელს ესე სიტყვანი ყმისანი, მან ბრძანა: “მაგას არა ვიქმ, ამას არ უნდა მისანი. ვითა მან პოვნა მიზეზნი ჩემისა სულთა-დგმისანი, ეგრევე მანცა სამისოდ ნახნეს ძალ-გულნი ძმისანი.

1551. მიდი, უთხარ ჩემ მაგიერ სიტყვა ჩემგან არ ნათნები: “მე შენისა გამზრდელისა უნახავად არ დავდგები. ვეჭვ, მრავალი დამეხოცოს მონა მისგან საყვარლები, ვითხოვ ხოლე შენდობასა, ეგეთი-ღა მოვბრუნდები”.

1552. “ესე უთხარ: “ამის მეტსა ჰმოციქულობ ნურას ნუო, ხვალე წასლვა არ დავშალო, არცა საქმე გავათუო; მე არ მიზამს არაბთ მეფე, რომე სიტყვა გავაცრუო, ამოდ ვსთხოვო ქალი მისი, შევეხვეწო, შევაგუო”.

1553. უამბო ფრიდონ ავთანდილს ტარიას მოციქულობა: “არ დადგებისო, ცუდია შენგან ცდისაღა თქმულობა”. მას დაუმძიმდა, მოედვა კვლა გულსა კვამლ-ალმულობა. ასრე ხამს რიდი მეფეთა ყმათაგან მოკრძალულობა.

1554. ავთანდილ მივა მუხლ-მოყრით ტარიას შესახვეწელად. ფერხთა ეხვევის, აკოცებს,აღარ შეხედავს ზე წელად; ეტყვის: “კმა, რაცა შევსცოდე როსტანს წლეულად მე წელად, კვლა ნუ მიქმ ერთგულობისა გამტეხლად, დაცამლეწელად.

1555. “რასაცა ლამი, არ მოგცემს მას ღმრთისა სამართალია, გამზრდელსა ჩემსა ვით ვკადრო მე საქმე სამუხთალია! მე მისთვის ხელი ვით გავძრა, ვინ ჩემთვის ფერ-ნამკრთალია! ვით მოიხმაროს მონამან პატრონსა ზედა ხრმალია!

1556. “ეგე საქმე მე და ჩემსა საყვარელსა შეგვამდურვებს, ვა თუ გაწყრეს, გაგულისდეს, კუშტი გულსა შეაურვებს, ამბავსაცა დამიძვირებს, ჭვრეტისათვის მომასურვებს, შენდობასა ხორციელი კაცი ვერა დამიურვებს”.

1557. ტარიელ უთხრა სიცილით, მან მზემან შუქ-ნაფენამან, ხელი მოჰკიდა ავთანდილს, ამართა, ააყენა მან: “მიყოო კარგი ყველაი მომართებამან შენამან, მაგრა სჯობს, შენცა გალხინოს ჩემმან შენითა ლხენამან.

1558. დია მძულს მეტი მოყვრისა შიში, კრძალვა და რიდობა, მძულს გაუწყვედლად კუშტობა, და სულ-მძიმობა, დიდობა; თუ მოყვარეა გულისა, ჰქმნას ჩემკენ მონაზიდობა, თვარა მე ჩემდა, იგ მისდა, დია სჯობს კიდის კიდობა.

1559. “მე ვიცი გული საშენოდ შენისა საყვარელისა, არ ეწყინების სტუმრობა შენისა მე შემყრელისა. რადმცა რა ვკადრე მეფესა თხრობა რასაცა ჭრელისა! ოდენ ნახვისა მათისა ნატრა მაქვს სანატრელისა.

1560. ამას ოდენ მოვახსენებ მუდარით და შეპოვნებით, რომე მოგცეს ქალი მისი მან მისითა მოგონებით. რადგან ბოლო შეყრავეა, სიშორესა ვით ეთნებით? დააშვენეთ ერთმანერთი, თავის თავის ნუ დასჭნებით”.

1561. რა ავთანდილ ტარიასგან ცნა, წასლვასა არ დაშლიდა, არა ჰკადრა შეცილება, საუბარსა ზედან რთვიდა; ფრიდონ კაცსა დარჩეულსა სათანაოდ გარდასთვლიდა, თანა წაჰყვა, განაღამცა მასთანავე გზასა ვლიდა.

სამთაგან ქვაბსა მისლვა და მუნით არაბეთს წასლვა

1562. ამ საქმესა დაფარულსა ბრძენი დივნოს გააცხადებს, ღმერთი კარგსა მოავლინებს და ბოროტსა არ დაჰბადებს, ავსა წამ-ერთ გაამოკლებს, კარგსა ხან-გრძლად გააკვლადებს, თავსა მისსა უკეთესსა უზადო-ჰყოფს, არ აზადებს.

1563. ფრიდონისით გაემართნეს იგი ლომნი, იგი მზენი, თანა მიჰყავს პირი მზისა, ქალი მჭვრეტთა ამაზრზენი, ჰკიდავს ბროლსა ყორნის ბოლო დაწყობილი, დანათხზენი მუნ ბალახშსა აშვენებდეს სინატიფე, სინაზენი.

1564. იგი მზე უჯდა კუბოსა და აგრე არონინებდეს; მინადირობდეს, ნადირსა მუნ სისხლსა დაადინებდეს; სადაცა დახვდის ქვეყანა, მჭვრეტელთა მოალხინებდეს, მოეგებნიან, სძღვნობდიან, აქებდეს, არ აგინებდეს.

1565. მას ჰგვანდეს, თუმცა სამყაროს მზე უჯდა შუა მთვარეთა; იარნეს დღენი მრავალნი ლაღთა, ბრძნად მოუბარეთა; შიგან მათ დიდთა მინდორთა, ყოვლგნით კაც-მიუმწვდარეთა, სად ყოფილ იყო ტარიელ, მიხვდეს მის კლდისა არეთა.

1566. ტარიელ ბრძანა: “მე მმართებს დღეს თქვენი მასპინძელობა; მუნ მივალ, სადა ყოფილ ვარ, მჭირდა სადამდის ხელობა; მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან, მას უც ხორცისა ხმელობა, მე რომე გიძღვნი ტურფათა, აქოთ ლარისა ჭრელობა.”

1567. მივიდეს, შიგან გარდახდეს ქვაბსა მას დიდთა კლდეთასა. ასმათს უც ხორცი ირმისა, იქმს მასპინძლობა-კვეთასა. ამხანაგობდეს, ლაღობდეს, წასლვასა მათ საქმეთასა; ღმერთსა მადლობდეს შეცვლასა ლხინად ჭირისა დღეთასა.