ვეფხისტყაოსანი, 1934 წ.

1685. ცხენის ფერხთა მოეხვია, მუხლ-მოყრილი შეეხვეწა; მოახსენა: “შემიბრალე, მისსა ძალსა ვინცა გხვეწა! ნუ დამარჩენ, ნუ მაცოცხლებ და წამიღონ მკვდარი მე, წა; გული თქვენი სასაკუთრო ბედმან ასრე დამილეწა.

1686. “დაიკარგენით, წახვედით თქვენ, წელნი მეათენია, გახდეს ფრინველნი უმეფოდ, არწივსა მოსტყდეს ფრთენია; ამად შევმართენ საქმენი ჩემნი საკამათენია, ადრე გამიტყდა სოფელი, მართ ვითა კაბათ ენია.

1687. “ვიაჯი, მომკალ მე ხოლმე, ყველაი ჩემი ბრალია; მერმე ხუთასი ვაზირი მყავს აქათ წაუვალია; თავები დასჭერ, ადინე, სისხლი მართ ვითა ღვარია, სპა უბრალოა, ნუ დაჰხოც, ვტირ ამად გულ-მდუღარია”.

1688. ყოვლთა მისცეს ზენაარი, მიუყარნეს მუხლნი წინა; ნუ დაგვხოცო მისსა ძალსა, ვინცა აგრე დაგარჩინა.” ტარიელ დგას დაყმუნვებით, რამაზ წინა მოეფინა. ღმერთი ალხენს მონანულთა, არ შეუნდობს კაცი ვინა.

1689. კაცი ცრემლითა შეინდობს, თუ ცოდვა მასთანაც არსა, ვით ნინეველი ისხემდეს თავსა მტვერსა და ნაცარსა, ამით დაესხნეს რისხვასა, ზეცით მოსრულსა ნაცარსა, წაღმავე წაგრეხს სოფელი კვლა მისგან უკუნაცარსა.

1690. ბრძენთა ვინმე მოსწავლემან საკითხავსა ესე ვპოვნე: ესეაო მამაცისა მეტის-მეტი სიგულოვნე: “ოდეს მტერსა მოერიო, ნუღარ მოჰკლავ, დაიყოვნე,– გინდეს სრული მამაცობა, ესე სიტყვა დაიხსოვნე”.

1691. ტარიელ მოტკბა, ღმრთისავე მსგავსად იგ წაღმართულია; “აღარ დაგხოცო”, უბრძანა: ძლეული შიშმან თუ ლია, “წაღმავე წაგრეხს საქმესა რაცა უკუღმა რთულია,– ნაქმარი მრუდი ყველაი აწ ჩემგან გამართულია”.

1692. თაყვანი სცეს და დალოცეს, ყოველთა ხმა ერთად იერეს, ღმერთსა შევედრეს ზახილით, სვე მათი გააძლიერეს, თავები დახსნეს სიკვდილსა, სიცოცხლე ამით მიერეს; ტარიას ხრმალნი ვერ გაძღა, ჯერთ ხორცი მოიმშიერეს.

1693. ტარიას ნახვად მოსრული მუშთარი ახლოს მჭვრეტია; რისხვისა ცეცხლი ტარიელს სიტკბოთა დაუშრეტია; მოვიდეს, ნახეს; რამაზის ლაშქარი ძლივ-ღა ეტია, ინდოეთს ზეცით სინათლე ჩადგა, მართ ვითა სვეტია.

1694. ერთი კაცი მახარობლად მათ ლაშქართა მიუვიდა: “არ დაგხოცსო, შეგიწყალნა”, ყველაკაი დალოცვიდა; ბუკსა ჰკრეს და იხარებდეს, ყველა ამას მოზრახვიდა: “მოვიდა იგი მოყმე, რომე ერთი ბევრსა სრვიდა”.

1695. მოეგებნიან ტარიელს, შორი-შორ უსალამიან; შიგანთა დროშა ინდოთა მათად ცნეს – იალამიან. ვერ გამოენდვნეს ინდონი; თქვეს, თუ “ღალატსა ლამიან”, არ მოელოდეს ტარიელს, მით ცრემლი დაილამიან.

1696. ტარიელ მიდგა, უყივლა: “მე მოველ მეფე თქვენიო, თანა მყავს ჩემი მნათობი, პირი ელვათა მფენიო, ჩვენ მოგვცა მაღლით მაღალმან წყალობა მისი ზენიო, გამოდით, თქვენი სიშორე არს ჩემგან მოუთმენიო”.

1697. მაშინ-ღა იცნეს ტარიელ, მათგან მიდამო სრბანია, სრულად ნათლითა აივსო ზღუდე და ბანის-ბანია; ხმა-მაღლად ხმობდეს, იზახდეს: “მოგვშორდეს სალმობანია, აქამდის რისხვა მაღალმან აწ მოგვცა წყალობანია”.

1698. კარნი გაახვნეს, გამოჩნდეს, მოიხვნეს მათ კლიტენია; ერთობ ფლასითა მოსილნი უმზერდეს მუნ მჭვრეტენია; ტირან ორნივე ქალ-ყმანი, ვარდისა ბაღსა ტენია, ზახილით თავსა იცემდეს, ყორნის ფრთა ბროლსა სტენია.

1699. ვითა გამზრდელსა მართებდა, გაზრდილი აგრე ხელია; რომე სდის ცრემლი თვალთაგან ცეცხლთაგან უფრო ცხელია; თავსა იცემდეს, იზახდეს, ტირს მეტად გულ-ფიცხელია, გიშრისა ტევრსა მოფოცხდა ბროლისა საფოცხელია.

1700. რა ნახნა ხასნი, ვაზირნი ფლასითა დამოსილნია, კვლა დაიზახნა ტარიელ, უფროსი დანაკივლნია; სისხლი და ცრემლი თალთაგან სდის და მიწყობით მილნია. მოვიდეს, ყელსა მოეჭვდნეს, ვითა ძმანი და შვილნია.

1701. დიდებულნი მოეხვივნეს, მოუზრუნვეს მათ ცოლ-ქმართა; ქალი დაბნდა, მამისათვის ტირილიცა ვერ შემართა, ვარდსა რტონი ჩამოსცვივდეს, ზე ვერავინ წამომართა, მუნა კაცთა ვერ ნახვიდი გაცინებით მოღიმართა.

1702. დედოფალი გამოჭრილი მოვიდოდა მათად ნახვად; უბრძანებდა: “რად ვინ სტირთო, ესე ჰქონდა წყრომა-ზრახვად; “ღმერთმან რისხვა მოაქცია წყალობისა გამოსახვად, გვმართებს, რომე მადლი მივსცეთ, აღარა გვცალს გლოვა-ახვად”.

1703. ტარიელ ზედა მოიჭდო მხურვალთა ცრემლთა მდენელმან; იტყვის თუ: “ცეცხლი დამევსო ცხელი, აწ დამწვა მე ნელმან; დადუმდი, სული დაიღე ჩემგან ამისმან მსმენელმან, თქვენი სიცოცხლე მალხინა ღმერთმან, ობოლთა მლხენელმან”.

1704. ქალმან დედასა შესტირნა: “აჰა, მე რა ვქნა, დედაო! წითელ-ყვითლითა დაგაგდე, აწ შაოსანსა გხედაო, მამამან ტახტი დასცალა, ვაი, აღარ ზის ზედაო!” დედამან ცრემლნი მოსწყურნა, “ნუ სტირ, დადუმდი, ბედ-აო”.