ვეფხისტყაოსანი, 1934 წ.

1492. სამასისა კაცისაგან ას-სამოცი შეჰყოლოდა; ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა, მაგრა ცალ-კერძ უხაროდა: მონახეს და არ აცოცხლეს, რაცა მბრძოლი დარჩომოდა, რომე ჰპოვნეს საჭურჭლენი, აწმცა თვალვა ვით ითქმოდა!

1493. მოკრიფეს ჯორი, აქლემი, რაცა ვით ჰპოვეს მალები; სამიათასსა აჰკიდეს მარგალიტი და თვალები, თვალი ყველაი დათლილი, იაგუნდი და ლალები, იგი მზე შესვეს კუბოსა, არს მათგან განაკრძალები.

1494. სამოცი კაცი დააგდეს ქაჯეთს ციხისა მცველია, წამოიყვანეს იგი მზე,– მათიღა წაგვრა ძნელია; – ზღვათა ქალაქსა დაჰმართეს, თუცა გზა მუნით გრძელია, თქვეს: “ფატმან ვნახოთ, მუქაფა გვაც მისი გარდუხდელია”.

მისვლა ტარიელისა ზღვათა მეფისას

1495. ზღვათა მეფესა წინაშე გაგზავნა მახარობელი; შესთვალა: “მოველ ტარიელ, მტერთა მძლე, მოსრვით მსპობელი; ქაჯეთით მომყავს ჩემი მზე, ჩემი ლახვართა მსპობელი; მწადიან, გნახო პატივით, ვითა მამა და მშობელი.

1496. “აწ მე მაქვს ქაჯთა ქვეყანა და მათი დანადებია; მეფეო, კარგი ყველაი მე თქვენგან წამკიდებია; ფატმანს უხსნია ჩემი მზე, სდედებია და სდებია, მისად მუქაფად რა გიძღვნა? მძულს ცუდი ნაქადებია!

1497. “მოდი, გვნახენ, გავიარდეთ ქვეყანასა შენსა ვირე, სრულად ქაჯთა სამეფოსა გიძღვნი, ჩემგან შეიწირე, კაცნი შენნი შეაყენენ, ციხე მაგრად დაიჭირე, მე ვისწრაფი, ვერა გნახავ, შენ წამოდი, ჩემ კერძ ირე.

1498. “თქვენ უბრძანეთ ჩემმაგიერ უსენს, ქმარსა ფატმანისსა, გამოგზავნოს, იამების ნახვა მისი ხსნილსა მისსა; მისგან კიდე ინატრიდა ჭვრეტასამცა სხვადღა ვისსა, ვინ მზესაცა უნათლეა, ასრე ვითა ბროლი ფისსა!”

1499. რა კაცი ტარიელისა ესტუმრა ზღვათა მფლობელსა,– წესია, გული გაჰკრთების ამბავსა გასაკრთომელსა – მისცა მადლი და დიდება ღმერთსა, მართლისა მბრჭობელსა, მაშინვე შეჯდა, არ უნდა მისლვა სხვასაღა მხმობელსა.

1500. ბარგი აჰკიდა, გააგო ქმნა ქორწილისა მათისა, მას მიაქვს, რიცხვი ტურფათა, არს სიდიადე სათისა; ფატმან ჰყავს თანა, იარეს სავალი დღისა ათისა; უხარის ნახვა ლომისა და მზისა, ხმელთა მნათისა.

1501. შორს გაეგებნეს სამნივე დიდსა მეფესა ზღვათასა, გარდახდეს, მდაბლად აკოცეს, გარესწყდეს ჯარსა სპათასა; შეასხეს ქება ტარიელს, მან მადლი გაუათასა, ქალი რა ნახეს, სტრფიალობს შუქსა მას ბროლ-ბაკმათასა.

1502. ფატმან-ხათუნს, მისსა მჭვრეტსა, ედებოდა ცეცხლი ნელი, მოეხვია, გარდუკოცნა ხელი, ფერხი, პირი, ყელი; იტყვის: “ღმერთო, რა გმსახურო, განმინათლდა რათგან ბნელი! ვცან სიმოკლე ბოროტისა, კეთილია მისი გრძელი”.

1503. ქალი ფატმანს ეხვეოდა, ტკბილად იტყვის, არ გამწყრალი: “ღმერთმან გული განმინათლა გახეთქილი, გაცამწკრალი, აწ აგრე ვარ გავსებული, წინას ვიყავ ვითა მცხრალი, მზემან შუქნი შემომადგნა, ვარდი მით ვჩან არ დამზრალი”.

1504. ზღვათა მეფე გარდაიხდის მუნ ქორწილსა მეტად დიდსა. ქაჯეთიცა დაუმადლა, არ გაუშვა დღესა შვიდსა; უხვად გასცემს საბოძვარსა, საჭურჭლესა ანაკიდსა, პერპერასა დაფანტულსა ზედა სცვეთდეს, ვითა ხიდსა.

1505. მუნ იდვის გორი ლარისა, სტავრისა და ატლასისა; ტარიელს უძღვნა გვირგვინი, ვერ- დანადები ფასისა, იაგუნდისა მრთელისა, ყვითლისა, მეტად ხასისა, კვლა ერთი ტახტი ოქროსა, წითლისა მართ ხალასისა.

1506. ნესტან-დარეჯანს ყაბაჩა, უძღვნა შემკული თვალითა, იაგუნდითა წითლითა, ბალახშითა და ლალითა. დასხდეს ორნივე ქალ-ყმანი პირითა ელვა-მკრთალითა, მათნი მჭვრეტელნი დაიწვნეს ცეცხლითა მართ ახალითა.

1507. ავთანდილს და ფრიდონს უძღვნა უსაზომო, დიდი ძღვენი: ძვირფასისა უნაგირი, უკეთესი თვითო ცხენი, თვითო კაბა თვალიანი, უცხო ფერთა შუქთა მფენი, მოახსენეს: “მადლი რა ვთქვათ, სვიანმცაა დავლა თქვენი!”

1508. ტარიელ მადლსა გარდიხდის ტურფა სიტყვითა, ენითა: “დიდად ვიამე, მეფეო, პირველ ნახვითა თქვენითა, მერმე აგვავსენ მრავლითა უცხოთა ტურფა ძღვენითა, ვიცი, შორი-შორ არ-ჩავლა ჩვენ თქვენი კარგად ვქმენითა”.

1509. ზღვათა მეფე მოახსენებს: “ხელმწიფეო, ლომო, ქველო, მოახლეთა სიცოცხლეო, ვერ მჭვრეტელთა შორით მკლველო! მსგავსი თქვენი რამცა მეძღვნა, შვენიერო სანახველო! რა მოგშორდე, რა მერგების, საჭვრეტელად სასურველო?!”

1510. ტარელ ფატმანს უბრძანა: “მე თავი შენი მიდია; დავ, ვალი შენი ჩემზედა გარდაუხდელი, დიდია; აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე ქაჯეთით ამიკიდია, მომიცემია, წაიღე, არ კიდე მომიყიდია”.