ვეფხისტყაოსანი, 1934 წ.

1511. ფატმან ხათუნ თაყვანი სცა, ჰკადრებს მადლსა მეტის მეტსა: “მე,მეფეო, ნახვა თქვენი მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა; რა მოგშორდე, რა ვიქმნები, მე დამაგდებ, ვითა რეტსა. ახ, ნეტარძი მოახლეთა! ვაგლახ თქვენსა ვერა მჭვრეტსა!”

1512. ზღვათა მეფესა ეტყვიან ორნივე შუქთა მაფენი, კბილნი ბროლნი და ბაგენი, სადაფთა მოსადაფენი: “უთქვენოდ მყოფსა არ გვინდა ნიშაგნი, ნა-ჩანგ-დაფენი, მაგრა გაგვიშვენ, წავიდეთ, ჟამია, ვართ მოსწრაფენი.

1513. ”შენ იყავ მამა მშობელი და ჩვენი საესავიო, მაგრა ამასცა ვიაჯით გვიბოძო ერთი ნავიო”. მეფემან ბრძანა: “არა მშურს სამიწოდ თქვენად თავიო, რადგან ისწრაფი, რა გკადრო? წა, გიწინამძღვრდეს მკლავიო!”.

1514. მეფემან ნავი-ხომალდი მოკაზმა ზღვისა კიდესა. გამოემართა ტარიელ, გამყრელნი ცრემლსა ღვრიდესა, თავსა იცემდეს, იგლეჯდეს, თმა-წვერსა გაიყრიდესა, ფატმანის ცრემლთა შედენით თვით ზღვაცა გაადიდესა.

1515. ფატმან ავთანდილს თვალითა ტკბილითა შემხედველია; ავთანდილ უთხრა: “მუხთალი სოფელი ეგრე მქმნელია; აღარვისად მცალს უმისოდ, გული ვისთვისმცა მწველია ბრძენთა თქმულია: “მოყვარე არ გაიწირვის ძველია.“

1516. კვლა ფატმან ჰკადრა სამთავე სიტყვები დასათხოველი; ავთანდილისგან გამოვა ქნად საქმე კარგი ყოველი; ნუ მოიშორვებთ, გიყვარდეს, გაფიცო ღმერთი ცხოველი, რადგან გმსახურეთ, რაც ვქმენით, ცოდვათ აღარას მოველი.”

1517. ტარიელ ბრძანა: “ჰე ფატმან, ჩემთვის ხარ კარგის გულითა, შენ გაგვინათლე სიბნელე, ვსხედით შუქ- დაკარგულითა, ხარ ნიადაგმცა ყოვლითა საქმითა საკარგულითა, ვართ ჩვენის გულით შენისა გულთანა დანერგულითა“

ტარიელისაგან ზღვათა მეფის გაყრა და ფრიდონისას მისვლა

1518. გამოვლნეს ზღვანი სამთავე, ერთგან ძმად შენაფიცართა, კვლა ამტკიცებდეს სიტყვათა, მათ პირველ დანამტკიცართა; შვენის მღერა და სიცილი მათ, მისთა არ-უიცართა, ბაგეთათ შუქი შეადგის ზედან ბროლისა ფიცართა.

1519. მუნით კაცი ასმათს თანა მათ გაგზავნეს მახარობლად, კვლა ფრიდონის თავადთასა ნაომართა მათთა მთხრობლად; “მანდა მოვა, მოიმაღლებს მზე მნათობთა მამაგრობლად, ჩვენ, დამზრალნი აქანამდის, აწ ვიქმნებით დაუზრობლად”.

1520. იგი მზე შესვეს კუბოსა, იარეს გზა ზღვის პირისა, მიყმაწვილობდეს, უხარის მათ გარდახდომა ჭირისა; მივიდეს, სადა ქვეყანა იყო ნურადინ გმირისა, მოეგებნიან, ისმოდის ხმა სიმღერისა ხშირისა.

1521. მუნ მიეგებნეს ყოველნი ფრიდონის დიდებულები. ასმათი, სავსე ლხინითა, ვის აღარ აჩნდა წყლულები, ნესტან-დარეჯანს მოეჭდო, რომე ვერ გახსნის ცულები, აწ გაუსრულა ყოველი მან მისი ნაერთგულები.

1522. ნესტან-დარეჯან ეხვევის, პირსა აკოცებს პირითა; უბრძანა: “ჩემო, ვაგლახ მე, შენცა აგავსე ჭირითა, აწ ღმერთმან მოგვცა წყალობა, ვცან მისი არ-სიძვირით ა; მე გულსა შენსა ეზომსა, არ ვიცი, გარდვიხდი რითა!”

1523. ასმათ ჰკადრა: “მადლი ღმერთსა, ვარდნი ვნახენ არ-დაზრულნი, ბოლოდ ასრე გააცხადნა გონებამან დაფარულნი, სიკვდილიცა სიცოცხლედ მჩანს, ოდეს გნახენ მხიარულნი, სჯობან ყოვლთა მოყვარულთა პატრონ-ყმანი მოყვარულნი”.

1524. დიდებულთა თაყვანი სცეს, მოახსენეს დიდი ქება; “რომე ღმერთმან გაგვახარნა, კურთხეულ არს მისი ღმრთება! ჩვენ გვიჩვენა პირი თქვენი, აღარა გვწვავს ცეცხლთა დება, წყლულსა, მისგან დაკოდილსა, მასვე ძალ-უც განკურნება”.

1525. მოვიდეს და პირი ხელსა დასდვეს, აგრე გარდაკოცნეს. მეფე ეტყვის:”ძმათა თქვენთა თავნი ჩვენთვის დაიხოცნეს, იგი შვებას საუკუნოს ცხადად ჰპოვეს, არ იოცნეს, ერთსა მიხვდეს საზიაროდ, დიდებანი იასოცნეს.

1526. “თუცა მე მათი დახოცა მტკივის და სატკივარია, მაგრა მათ მიხვდა უკვდავი მუნ დიდი საჩუქარია”. ესე თქვა, ნელად ატირდა და წვიმა თოვლსა არია, ნარგისთათ იბრძვის ბორიო, ვარდსა ზრავს იანვარია.

1527. მუნ ატირდეს ყველაკანი, რა ტირილად იგი ნახეს, რაცა ვისცა დაჰკლებოდა, მათ ტირილით, სულთქმით ახეს; დადუმდეს და მოახსენეს: “რადგან ბრძენთა მზეებრ გსახეს, თქვენთა მჭვრეტთა მღერა ჰმართებს, რასათვისმცა ივაგლახეს!

1528. “ვინ ღირს ა თქვენსა ეგზომსა ტირილსა, შეჭირვებასა! თქვენთვის სიკვდილი დია სჯობს მიწათა ზედა რებასა”. კვლა ფრიდონ ჰკადრა მეფესა: “ნუ რად იქმ გამწარებასა, ღმერთიმცა მუქფად მოგიზღავს ათასსა გახარებასა!”

1529. ავთანდილცა მიუმტკივნა, იტყვის დიდსა სიმძიმილსა; მათ შეასხეს ქება, უთხრეს: “თავნი მივსცნეთ აწ ღიმილსა, რადგან მიხვდა დაკარგული ლომი მზესა წახდომილსა, აღარა ვსტირთ სატირალსა, აღარ დავსდებთ თვალთა მილსა”.