ვეფხისტყაოსანი, 1934 წ.

1647. როსტან მათითა გაყრითა ხელთაგან უფრო ხელდების, ათასჯერ იტყვის ვაგლახსა, არ სულთქმა უერთხელდების, ცხელი სდის წყარო ცრემლისა, მართ ვითა ქვაბი ცხელდების, ტარიელ არის დაღრეჯით, ფიფქი ნასდების, თხელდების.

1648. ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს მეფე ხვევნით და კოცებით; იტყვის თუ: “თქვენი სიახლე მიჩნს აქამდისცა ოცებით; რათგან მოგშორდი, დავრჩები პატიჟთა გაასოცებით, შენგან მოგვეცა სიცოცხლე, შენგანვე დავიხოცებით”.

1649. ტარიელ შეჯდა მეფისა გამყრელი, გამომსალამე; სრულად ლაშქართა სდიოდა ცრემლი, მინდორთა სალამე: “მზე შენ გელმისო საომრად და თავი შენ მას ალამე”. უბრძანა: “თქვენთვის მტირალსა ყოლა რად მიჩნდეს სალა მე!”

1650. გაემართნეს და წავიდეს დია სპითა და ბარგითა, ტარიელ, ფრიდონ, ავთანდილ თავითა მეტად კარგითა, კაცი ორმოცი ათასი ჰყვა ცხენებითა ვარგითა, მივლენ სამნივე გულითა ერთმანერთისა მარგითა.

1651. სამ თვე ვლეს, ღმერთსა მათებრ სხვა რამცა დაებადოსა! მოეგებიან; მტერობა ვერავინ დაიქადოსა! მინდორსა შიგან სადილად გარდახდეს უდილადოსა, ვითა მართებდათ, პურობდეს, ღვინოსა სმიდეს, არ დოსა.

ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა

1652. ქედსა ზედა გარდმოადგა მეტად დიდი ქარავანი; კაცები და სახედრები ერთობ იყო შაოსანი; გარეშემო მოეკვეცნეს უკანამო დალალანი; მეფე ბრძანებს: “მოასხითო, ჩვენ დავყოვნოთ აქა ხანი”.

1653. მოასხნეს იგი ვაჭარნი და მათი უხუცესია; უბრძანა:”ვინ ხართ, შავითა რად ტანი შეგიგლესია?” მათ მოახსენეს:”სით მოვალთ, მუნ ასრე დანაწესია, ინდოეთს მისრით მოსრულთა გვივლია გზა უგრძესია”.

1654. გაეხარნეს მათ ვაჭართა ინდოეთით მომავლობა, მაგრა თავი უმეცარ ჰყვეს, არა მისცეს ყოლა გრძნობა; უცხოურად ეუბნების, – მათ ვერა ქმნეს მათი ცნობა, არ ესმოდა ინდოური, არაბულად ჰყვეს უბნობა.

1655. უბრძანეს:”გვითხარ, ვაჭარნო, ამბავი ინდოეთისა”. მათ ჰკადრეს: “ზეცით მოსრულა ინდოეთს რისხვა ზეცისა; დიდსა და წვრილსა ყველასა ცრემლი სდის მსგავსი წვეთისა, მას შიგან მყოფსა ბრძენსაცა ცნობა აქვს ვითა შეთისა”.

1656. თვით მათვე მათსა ამბავსა უამბობს, არის წყლიანი: “ფარსადან მეფე ინდოთა, იყო ხელმწიფე სვიანი, მას ესვა ქალი, მნათობი მზისაცა უფრო მზიანი, კბილ-მარგალიტი, ტან-ალვა, ღაწვ-ბადახშ, ყორან-თმიანი.

1657. “მას ქალსა და ამირბარსა ერთმანერთი შეუყვარდა. ამირბარმან სიძე მოკლა, ხმა მეფესა დაუვარდა; იგი ქალი პატარაი მამიდასა გაეზარდა, ბუქთა მისგან მონაქროლთა ინდოეთი გარდაქარდა.

1658. “მამიდაი ქაჯი იყო, გრძნეულობა იცის კარგა; მით შემართა საშინელი, მზე ხმელეთსა დაუკარგა; თვითცა მოკვდა უბედური, მართ საცოცხლოდ არად ვარგა, იგი ქალი დაიკარგა, ალვა მორჩი სხვაგან დარგა.

1659. “ცნა ამირბარმან, წავიდა ლომი მის მზისა მძებნელად; იგიცა წახდა, ინდოეთს გახდა მთვარე და მზე ბნელად; ორნივე წარხდა, მათიღა პოვნა არს ძნელად, მეფემან ბრძანა: “ჰე, ღმერთო, რად ცეცხლსა მომიდებ ნელად?”

1660. “მეფე გაშმაგდა მათისა უღონო-ქმნილი ძებნისა; ვად შეიცვალა ინდოეთს ხმა წინწილისა, ებნისა; ცოტასა ხანსა გავეძლო დება სახმილთა გზნებისა, აწ თვითცა მოკვდა, შეიქმნა ბოლო სრვისა და ტკებნისა”.

1661. რა ვაჭარმან ესე სიტყვა თქვა, საქმენი გააკვლადნა. ქალმან დიდნი დაიკივლნა, ფიცხლა თავსა მოიხადნა. ტარიელცა დაიზახნა, დაფარულნი გააცხადნა, ნარგისთაგან ნაწვიმარი ღვარი ადგა, თოვლი გადნა.

1662. მომკალ, ქალსა თავ-შიშველსა თუ მზე ვითა ეურჩოსა! სული ვარდსა დავამსგავსე, თავ მოხდილი ყაყაჩოსა; თუ ბრძენიცა მაქებარი მისი –იხმობს ვირებრ “ჩოსა”, ჰგავს, თუ ტყუბი მარგალიტი ზის ბროლისა ხარხაჩოსა.

1663. ქალი საბრალოდ მამასა სტირს, ბულბულისა მსგავსია. თმა გაიგლიჯა, გაყარა, ღაწვი ცრემლითა ავსია, ვარდი შექმნილა ზაფრანად, ლალი მართ ვითა ხავსია, მზესა ღრუბელი ეფარვის, ამად ნათელი დავსია.

1664. იხოჭს და იგლეჯს, ხმამაღლად ტირს სიტყვა-ხაფი უარე; სისხლი და ცრემლი თვალთაგან ჩამოსდის გარე უარე: “მოვკვე, მამაო, მე შენთვის შვილი ყოველთა უარე, ვერა გმსახურე ასულმან, ვერცა რა შეგაგუარე.

1665. “ჩემთვის ბნელ-ქმნილო მამაო, ნათელო თვალთა ჩემთაო; ჩემთა რა გაცნევს ამბავსა, გულისა მონაცემთაო! მზეო, რადღა გაქვს სინათლე, რადღა ანათობ თემთაო, რად არ დაიქეც, ქვეყანავ, რადღა მართიხარ ზე მთაო?”