... (H-1128), XIX ს.

1367. მათ მშვილდები დაიწვადეს მეჯოგეთა გაეკიდნეს მეჯოგენი მიიზახდეს ხმანი მათნი გაადიდნეს გვიშველეთო გვიშველეთო მეკობრეთა ამოგვწყვიტნეს ჴმა შეიქნა შეიყარნეს ფრიდონს ჰკადრეს არ დარიდნეს

1368. შეეკაზმა ფრიდონ შეჯდა შეკაზმული გამოვიდა ჴმა შეიქნა შეიყარნეს რაზმი ველთა დაჰფარვიდა იგი მზენი მოეგებნეს ვის ზამთარი ვერ დაზვრიდა დაეხურა ზარადები პირსა მათსა უფარვიდა

1369. რა ტარიელ ფრიდონ იცნა აწ ვნახეო ვინცა მინა მუზარადი მოიხადა გაიღიმა გაიცინა ფრიდონს უთხრა რასა ლამი ჩვენი მოსლვა რას გეწყინა პურად ავი მასპინძელი მოგვეგებვი ომად წინა

1370. ფრიდონ ფიცხლა გარდაიჭრა დავარდა და თაყვანის სცა იგინიცა გარდაუხდეს მოეხვივნეს აკოცესცა ფრიდონ ღ~თსა ჴელაპყრობით უსაზომო მადლი მისცა დიდებულნი აკოცებდეს იცნობდიან იგი ვისცა

1371. ფრიდონ უთხრა რასა სდეგით მოგელოდი უწინარე მე მზა ვარო სამსახური თქვენი რამცა დავიზარე ჰგვანდა თუმცა შეყრილ იყუნეს ორნი მზენი ერთი მთვარე ერთმანერთი დააშვენეს გაემართნეს იქცეს გარე

1372. ფრიდონის სახლსა გარდახდეს ორნივე ტურფად გებულსა ახლოს დაისვამს ავთანდილს მისსა ძმად შეფიცებულსა ტარიელ დაჯდა საჯდომსა ოქსინო გარდაგებულსა მათ უძღვნეს იგი აბჯარი ფრიდონს ჭაბუკად ქებულსა

1373. უთხრეს ჯერთ ჟამად არა გვაქვს სხვა შენთვის არმაღანია მაგრა ტურფანი მრავალნი ქვე სადმე გვისხენ სხვანია მან დასდვა პირი მიწასა არ დააყოვნა ხანია ჩემთვის ამისი ბოძება არს თქვენი შესაგვანია

1374. გამოისვენეს მას ღამით ფრიდონის მასპინძლობითა აბანოს ბანნა აავსნა შესამოსლისა ძღნობითა დამოსნა ტურფა ტურფითა ერთმანერთისა მჯობითა თვალ მარგალიტი ღარიბი უძღუნა ოქროსა გობითა

1375. უთხრა თუ ესე სიტყვაა ავისა მასპინძელისა ჰგავს მომწყენოდეს სტუმრობა თქვენ ბრძნისა ვითა ხელისა მაგრა აწ ყოფნა არა ვარგა წავლა სჯობს გზისა გრძელისა თუ ქაჯნი მოგვესწრებიან საეჭვი არს სიძნელისა

1376. დიდთა რას ვაქმნევთ ლაშქართა კარგნი გვინდან და ცოტანი სამასი კაცი გვეყოფის წავიდეთ მართ მეოტანი ჩვენ ქაჯეთს ქაჯთა მეომრად დავაგნეთ ხმალსა კოტანი მას ადრე ვჰპოებთ ვისიცა მოგვკლავს ალვისა მოტანი

1377. ქაჯეთს ერთხელ კვლავც ვყოფილვარ ნახავთ თქვენცა გემაგრების ყოვლგნით კლდეა გარეშემო მტერი ვერა მოადგების თუ იდუმალ არ შეუვალთ ცხადად შებმა არ ეგების მით ლაშქარი არად გვინდა რაზმი მალვით ვერ მოგვყვების

1378. იგინიცა დაემოწმნეს ამა მისა ნაუბარსა მუნ დააგდეს ქალი ასმათ ფრიდონ მისცემს საჩუქარსა თჳთ სამასსა ცხენოსანსა წაიტანდეს გმირთა დარსა ბოლოდ ღ~თი გაუმარჯვებს ყოვლსა პირველ შენაზარსა

1379. ზღვა გაიარეს სამთავე ერთგან ძმად შეფიცებულთა ფრიდონ გზა იცის იარეს დღისით და ღამით რებულთა ფრიდონ თქვა ვახლავთ არეთა ჩვენ ქაჯეთს მიახლებულთა აქადგან ღამით ვლა გვინდა მით არას გამჟღავნებულთა

1380. ამა ფრიდონის თათბირთა სამნივე ერთგან ზმიდიან რა გაუთენდის დადგიან და ღამით ფიცხლა ვლიდიან მივიდეს აჩნდა ქალაქი მცველთა ვერ დასთვალვიდიან გარე კლდე იყო გუშაგთა ხმა ჯარვით გაადიდიან

1381. გვირაბის კარსა ჭაბუკი ათი ათასი მცველია მათ ლომთა ნახეს ქალაქი მთვარე დგას მუნ ნათელია თქვეს ვითათბიროთ ვითა ვთქვათ აწ გამორჩევა ძნელია ასი ათასსა აჯობებს თუ გამორჩევით მქმნელია

თათბირი ნურადინ ფრიდონისა ქაჯეთის ციხეს რომ მოადგეს

1382. ფრიდონ თქვა ვიტყვი სიტყვასა ვეჭვ ჩემი არ დამცდარია ჩვენ ცოტანი ვართ ქალაქი დიდთაგან საომარია პირისპირ ომი არ ძალ გვაქვს არ ჟამი საკვეხარია ათას წელ ვერსით შევუვალთ თუ ზედ დაგვიხშან კარია

1383. ჩემსა სიმცროსსა გამზრდელნი სამუშაითოდ მზრდიდიან მასწავლნეს მათი საქმენი მახტუნებდიან მწვრთიდიან ასრე გავიდი საბელსა რომ თვალნი ვერ მამკიდიან ვინცა მჭვრეტდიან ყმაწვილნი იგიცა ინატრიდიან

1384. აწ ვინცა იცით უკეთე შეტყორცა საგდებელისა მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ წვერი საბლისა გრძელისა მას ზედა გავლა ადვილად მიჩანს მართ ვითა ველისა თქვენ ჭირად გიყო შიგანთა პოვნა კაცისა მრთელისა

1385. აბჯრითა გავლა არად მჩანს ჭირად გატანა ფარისა შიგან ჩავხტები კისკასად ვეცემი მსგავსად ქარისა ლაშქართა დავხოც გავახვამ ნახოთ გაღება კარისა თქვენცა მუნ მოდით სადაცა გესმას ზრიალი ზარისა