... (H-1128), XIX ს.

1348. ავთანდილ ასმათს უსტარი მისცა მისისა ზრდილისა ალვისა შტო დამჭნარისა მთვარისა ფერ მიხდილისა უთხრა თუ ნახე ნაწერი მის პატიჟ გარდახდილისა მზე მოგვეახლა მოგვეცა ჩვენ მოშორვება ჩრდილისა

1349. ასმათ რა ნახა უსტარი ცნა მისი დანაწერობა გაჰკჳრდა ზარმან აიღო ათრთოლებს ვითა ხელობა ტერფით თხემამდის გაუხდა მას დიდი საკვირველობა იტყვის რა ვნახე რა მესმის არსცა ამისი მრთელობა

1350. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის ეგე ამბავი მრთელია ლხინი მოგვეცა მოგვშორდა ყოველი ჭირი ძნელია მზე მოგვეახლა უკუნი ჩვენთვის აღარა ბნელია ბოროტსა სძლია კეთილმან არსება მისი გრძელია

1351. ჰინდოთ მეფე მხიარული ასმათს რასმე უბრძანებდა ერთმანერთსა ეხვეოდეს სიხარული ატირებდა ვარდსა ზედან ყორნის ბოლო ნამსა თხელსა აპკურებდა კაცსა ღ~თი არ გასწირავს თუმცა კაცი შეიგებდა

1352. ღ~თსა მისცეს დიდი მადლი თქვეს გვიყოო რაცა სჯობდა აწყა ვსცანით უარესსა პირი თქვენი არ გაბრჭობდა ჰინდოთ მეფე ჴელ განპყრობით მხიარული ამას ხმობდა ქვაბს შევიდეს მხიარულნი ასმათ რასმე მასპინძლობდა

1353. ტარიელ ეტყვის ავთანდილ ისმინე სიტყვა ასები გიამბობ რასმე ამბავსა მოამბვედ ნუ გენასები მე ოდეს ქვაბნი წაუხვენ დავხოცე დევთა დასები მას აქათ მათი აქა ძეს საჭურჭლე ძვირ ნაფასები

1354. მე აგრე არა მინახავს მართ ვითა არა მნდომია მოდი და გავხსნათ შევიგნეთ საჭურჭლე თუ რა ზომია იამა ადგეს ორნივე არცა ქვე ასმათ მჯდომია დალეწეს კარი ორმოცი მათგან არ ზედა ომია

1355. ჰპოვეს საჭურჭლე უსახო კულავ უნახავი თვალისა მუნ იდვა რიყე თვალისა ჴელ წმიდად განათალისა ჩნდის მარგალიტი ოდენი ბურთისა საბურთალისა ვინმცა ჰქმნა რიცხვი ოქროსა ვერვისგან დანათვალისა

1356. იგი სახლი ორმოცივე შიგან იყო გატენილი ჰპოვეს ერთი ზარადახანი აბჯრისათვის ახლად ქნილი მუნ აბჯარი ყოვლი ფერი ასრე იდვა ვითა მწნილი შიგან ერთი კიდობანი დაბეჭდილი არ გახსნილი

1357. ზედა ეწერა აქა ძეს აბჯარი საკვირველიო ჯაჭ მუზარადი აბჯარი ჴმალი ბასრისა მჭრელიო თუ ქაჯნი მდევთა შეებნენ იყოს დღე იგი ძნელიო უმისჟამისოდ ვინც გახსნას იყოს მეფეთა მკულელიო

1358. კიდობანი გახსნეს პოეს მუნ აბჯარი სამი ტანი რასაცა ვით შეიმოსენ მეომარნი სამნი ყმანი ჯაჭვი ხმალი მუზარადი საბარკული მათი გვანი ზურმუხტისა ბუდებითა იყვნეს ვითა ლუსკუმანი

1359. თჳთომან თჳთო ჩაიცვეს თავის თავს გამოსცდიდიან ჯაჭ მუზარადსა აბჯარსა მართ ვერა ვერ მოკიდიან ხმალი რკინასა მოჰკრიან ვით ბანბის მკედსა სჭრიდიან მათ უღირს ყოვლად ქვეყანად შევატყევ არ გაყიდიან

1360. თქვეს ესე ნიშნად გვეყოფის ვართო კარგითა ბედითა ღ~თნ მოგხვედნა თვალითა ზეგარდმო მონახედითა აიღეს იგი აბჯარი თავის თავისა ქედითა თჳთო მათ ერთი ფრიდონის საძღვნობლად შეჰკრეს ღვედითა

1361. ოქროც რამე წაიტანეს მარგალიტი ღარიბები გამოვიდეს გამობეჭდეს ორმოცივე საჭურჭლები ავთანდილ თქვა ამას იქით დავამაგრო ხრმალთა ნები ამას ღამე არსად წავალ რა გათენდეს არ დავდგები

1362. აქა მხატვარო დახატე ძმად უმტკიცესად ძმობილნი ორნივე გმირნი მოყმენი მამაცობისა ცნობილნი იგი მიჯნურნი მნათობთა სხვისა ვერვისგან სწრობილნი რა ქაჯეთს მივლენ გასინჯოთ ომი ლახვართა სობილნი

ტარიელისა და ავთანდილისაგან წასვლა ფრიდონისას

1363. რა გათენდა გაემართნეს წაიტანეს ასმათ თანა ნურადინის ქვეყანამდი შეისვიან მათ უკანა მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად ცხენი მისცა არ უძღვანა ავთანდილ კმაა ყოლაოზად სხვამცა ვინღა წაიტანა

1364. იარეს და ზედა შეჰხდეს ნურადინის მეჯოგეთა ჯოგი ნახეს მოეწონა ფრიდონისთვის ეაგეთა მუნ ავთანდილს ჰინდო ეტყვის გაქნევ კარგთა სიშმაგეთა მოდი ფრიდონს გავლაღობნეთ ჯოგსა მისსა მოვადგეთა

1365. ჯოგი წაუღოთ მოსრულნი ვესმით ჯოგისა წაღებად გამოემართვის საომრად ველთა სისხლისა დაღებად ანაზდად გვიცნობს გაჰკრთების გულსა შეელმის დაღებად ამოა კარგი ლაღობა ლაღსავე შეიქს ლაღებად

1366. დაიწყეს პყრობა ტაიჭთა ფრიდონის უკეთესებსა მუნ მეჯოგეთა ფანოსი შეექნა ეკრა კვესებსა უყივლეს ვინ ხართ მოყმენო ვინ იქთ საქმესა ზესებსა ჯოგი მისია ვინ მტერსა ჰკრავს ხმალსა არ აკვნესებსა