ვეფხისტყაოსანი, 1927 წ.

1201. “თაყუანი სცა უსენ, ჰკადრა: “ჰე მაღალო ჴელმწიფეო, ზეცით შუქთა მამფენელო, მარჩენელო არსთა, მზეო! რაცა სხუა მაქუს, ვისი არის? ოქრო, თუნდა საჭურჭლეო, დედის მუცლით რა გამომყუა? მბოძებია თქუენგან მეო.

1202. “ამას გკადრებ, თავმან თქუენმან, არა გმართებს მადლი ძღვნისა; სხუა რამე მითქს სასძლო თქუენი, შესართავი თქუენის ძისა; მას უცილოდ დამიმადლებთ, ოდეს ნახოთ მგზავსი მზისა, მაშინ მეტად გაამრავლოთ თქუენ ბრძანება ნეტარძისა”.

1203. “რას ვაგრძელებდე! გატეხა ფიცი, სიმტკიცე რჯულისა, უამბო პოვნა ქალისა, მჭურეტთაგან მზედ სახულისა. მეფესა მეტად იამა, მიეცა ლხინი გულისა, უბრძანა დარბაზს მოყუანა, სრულ-ქნა უსენის თქმულისა.

1204. “მე აქა ჩემსა ამოდ ვჯე, მუნამდის არ მიკუნესია. შემოდგა კარსა მეფისა მონათა უხუცესია, თანა ჰყუა მონა სამოცი, ვით ჴელმწიფეთა წესია, მოვიდეს; დია გავკუირდი, ვთქუი: “რამე საქმე ზესია”.

1205. “მისალამეს, “ფატმან! მითხრეს, ბრძანებაა ღმრთისა სწორთა: დღეს რომელი უსენ შესძღვნა ქალი, მგზავსი მზეთა ორთა, აწ მომგვარე, წავიყუანოთ, ვლა არ გუინდა გზათა შორთა”. ესე მესმა, დამტყდეს ცანი, რისხვა ღმრთისა ეცა გორთა.

1206. “მე გაკუირვებით კულა ვჰკითხე: “რა ქალი გინდა, რომელი?” მათ მითხრეს: “უსენ შემოსძღვნაო პირი ელვათა მკრთომელი” არას მარგებდა, დავასკუნა დღე ჩემი სულთა მჴდომელი, ავთრთოლდი, ავდეგ ვეღარა, ვერცა ქუე ვიყავ მჯდომელი.

1207. “შეველ, ვნახე იგი ტურფა მტირალად და ცრემლ დასხმულად, ვჰკადრე: “მზეო, ბედმან შავმან ვით მიმუხთლა, ხედავ, რულად! ცა მობრუნდა რისხვით ჩემკენ , იავარ მყო, ამფხურა სრულად, შემასმინეს, მეფე გითხოვს, ვარ ამისთჳს გულ მოკლულად”.

1208. “მან მითხრა: “დაო, ნუ გიკუირს, ეგე რაზომცა ძნელია! ბედი უბედო ჩემზედა მიწყივ ავისა მქნელია. კარგი რამ მჭირდეს, გიკუირდეს, ავი რა საკუირველია! სხუა და სხუა ჭირი ჩემზედა არ ახალია, ძველია”.

1209. “თუალთა, ვითა მარგალიტი გარდმოყარა ცრემლი ხშირი, ადგა ასე გულ უშიშრად, ვეფხი იყო, ანუ გმირი, ლხინი ლხინად არად უჩნდა, მართ აგრევე ჭირად ჭირი. მთხოვა, გარე აჯიღითა მოიბურა ტანი, პირი.

1210. “შევე საჭურჭლეს, რომელსა ფასი არ დადებოდა, თვალ მარგალიტი ავიღე, რაც ოდენ ამეღებოდა, თჳთო და თჳთო თჳთოსა ქალაქსა ეფასებოდა, მივე, მას წელთა შევარტყი, შავ გული ვისთჳს ჰკუდებოდა.

1211. “ვარქუი: “ჩემო, განაღ სადმე გეჴმარების ესე გვარი”. მათ მონათა ჴელთა მივეც იგი პირი მზისა დარი. ცნა მეფემან, მოეგება; ჰკრა ტაბლაკსა, გაჰჴდა ზარი; იგი მივა თავ მოდრეკით წყნარი, არას მოუბარი.

1212. “ზედა მოატყდა მჭურეტელი, გაჰჴდა ზათქი და ზარები, ვერ იჭირვიდეს სარანგნი, მუნ იყო არ სიწყნარები; იგი რა ნახა მეფემან, საროსა მგზავსი ნარები, გაკრთომით უთხრა: “ჰე, მზეო, აქა ვით მოიგვარები?”

1213. “ვით მზემან, მისნი მჭურეტელნი შექნა თუალისა მფახველად; მეფემან ბრძანა: “გამხადა ნახული მე უნახველად, ღმრთისაგან კიდე ვინ იყო კაცი ამისად მსახველად? მართებს ამისსა მიჯნურსა, ხელი თუ რბოდეს , გლახ ველად!”

1214. “გუერდსა დაისვა, ეუბნა ტკბილითა საუბარითა: “მითხარო, ვინ ხარ, ვისი ხარ, მოსრული ვისთა გვარითა?” მან არა გასცა პასუხი პირითა, მზისა დარითა; თავ დადრეკილი დაღრეჯით ქუე ზის ცნობითა წყნარითა.

1215. “არ ისმენდა მეფისასა, რასა გინდა უბრძანებდა, სხუაგან იყო გული მისი, სხუასა რასმე იგონებდა; ვარდი ერდგან შეეწება, მარგალიტსა არ აღებდა, მჭურეტნი მისნი გააკუირვნა, რასამცა ვინ იაზრებდა!

1216. “მეფე ბრძანებს: “რა შევიგნათ, გული ჩუენი რათ იჴსნების? ამა ორთა კიდეგანთა აზრი არა არ იქნების: ან ვისიმე მიჯნურია, საყუარელი ეგონების, მისგან კიდე არვისად სცალს, აღარცა ვის ეუბნების.

1217. “ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი, არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედა ზედი; ვით ზღაპარი, ასრე ესმის უბედობა, თუნდა ბედი, სხუაგან არის, სხუაგან ფრინავს, გონება უც ვითა ტრედი.

1218. “ღმერთმან ქნას, შინა მოვიდეს ძე ჩემი გამარჯვებული, მე დავახვედრო ესე მზე, და, მისთჳს დამზადებული; მან ათქმევინოს ნუთუ რა, ჩუენცა ვსცნათ გაცხადებული, მუნამდის მთუარე შუქ კრთომით ჯდეს, მზისა მოშორვებული”.

1219. “ჴელმწიფისა შვილსა გითხრობ კარგსა ყმასა, გულოვანსა, უებროსა ზნედ და თუალად, შვენიერსა პირსა, ტანსა; მაშინ ლაშქარს წარსულ იყო, მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა, მამა მისთჳს ამზადებდა მას, მნათობთა დასაგვანსა.

1220. “მოიღეს, ტანსა ჩააცვეს შესამოსელი ქალისა, მას ზედა შუქი მრავალი ჩნდა მნათობისა თუალისა, დაადგეს თავსა გჳრგჳნი ერთობილისა ლალისა, მუნ ვარდსა ფერი აშვენებს ბროლისა გამჭვირვალისა.