ვეფხისტყაოსანი, 1888 წ.

1204. ,,მინდორ-მინდორ მოვდიოდით ჩვენ ღამესა დია ბნელსა, დიდი რამე სინათლენი გამოგვიჩნდეს შუა ველსა; ვთქვით თუ, – მზეა ნუ-თუ ზეცით ჩამოჭრილი ზედა ხმელსა! დაბნეულნი მივეცენით გონებასა ჩვენსა მსჯელსა.

1205. ,,ზოგთა თქვეს, არის ცისკარი, ზოგთა სთქვეს, არის მთვარეო! მას დარაზმულთა მივმართეთ, ახლოსაც ვნახეთ ბარეო; შორს მოვუარეთ, მივედით, შემოვადეგით გარეო, მით ნათლიდაღმა გამოხდა ხმა, ჩვენი მოუბარეო.

1206. ,,გვითხრა:–,, ვინ ხართ ცხენოსანნო, თქვენ სახელნითქვენისთქვენით; გულანშაროთ მოციქული ქაჯეთს მივალ, მერიდენით,,. ესე გვესმა, მოვადეგით, ალყად გარე მოვერტყენით. პირ-მზე რამე ცხენოსანი გავიცადეთ თვალით ჩვენით.

1207. ,,უჭვრიტეთ პირსა მნათობსა, ელვათა მაელვარებსა; მისი ციმციმი მზისაებრ ეფინებოდა არებსა; ძვირ-ძვირად გვეუბნებოდა სიტყვასა რასმე წყნარებსა, კბილთაგან შუქი შეადგა ზედან გიშრისა სარებსა.

1208. ,,კვლავ ვეუბენით მას მზესა ტკბილ-მოუბრითა ენითა. არ მონა იყო, ტყუოდა, ჩვენ ესე შევიგენითა; როშაქ შეატყო ქალობა, გვერდსა წაუდგა ცხენითა; ,,აღარ გავუშვით, დაჭირვა ვკადრეთ ხელითა ჩვენითა.

1209. ,,კვლავ ვკითხეთ, –გვითხარ მართალი საქმე შენ მზებრ ნათელისა, ვისი ხარ, ვინ ხარ, სით მოხვალ მანათობელი ბნელისა?,,– მან არა გვითხრა, გაუშვა წყარო ცრემლისა ცხელისა,– რა საბრალოა გავსილი მთვარე, ჩანთქმული გველისა!

1210. ,,არცა-რა ცხადი ამბავი, არცა-რა დასამალავი, არა არ გვითხრა, ვინ იყო, ან ვისგან ნამუხთალავი; ქუშ-ქუშად გვეუბნებოდა, კუშტი, თავისა მკრძალავი, ,,ვითა ასპიტი, მჭვრეტელთა მისთა თვალითა მლალავი.

1211. ,,როშაქ გვიბრძანა, – ,,ნუ ჰკითხავთ, აწ თურე არ სათქმელია, იმისი საქმე უცხოა საამბობლადცა ძნელია; ბედი მეფისა ჩვენისა არსთაგან სანატრელია, ,, მით, რომე ღმერთი მას მისცემს, რაც უფრო საკვირველია.

1212. ,,ესე ღმერთსა მისაგვრელად მისად ჩვენთვის მოუცდია, მივუტანოთ არმაღანად, დაგვიმადლებს მეტად დია. ,,თუ დავმალავთ, დავმჟღავნდებით, მეფე ჩვენი ამაყია; ,,პირველ მათი შეცოდება, მერმე დიდი აუგია. –

1213. ,,მივემოწმენით, თათბირნი არ კიდე გავაკიდენით; დავბრუნდით, ქაჯეთს მივმართეთ, მას წინა მოვეკიდენით; არცა რა ვკადრეთ ხელდახელ, არცა თუ წავეკიდენით; ,,იგი სტირს, ღაწვსა გულმდუღრად ჩაჰრცხის ცრემლისა კი დენით.

1214. ,,მე როშაქს ვკადრე, –გამიშვი კვლავ ადრე თქვენი მხლებელი; აწ გულანშაროს ქალაქსა ვარ საქმის რასმე მდებელი; – მან გამომიშვა, აქ სადმე ლარი მიძს წასაღებელი; ,,თანა წავიტან, წაცავალ მე მათი ზედა მსწრებელი,,.

1215. ,,მათ კაცთა დიდად იამათ ესე ამბავი მონისა. მე გავიგონე, შერემშრა ნაკადი ცრემლთა ფონისა, მენიშნა, ყოვლი ნიშანი ვიცან ჩემისა ღონისა, ,,ცოტაი ლხინი მომეცა, მზგავსი დრამისა წონისა.

1216. ,,მოვიყვანე იგი მონა, ახლოს დავსვი ჩემსა წინა; ვკითხე: ,,მითხარ, რას იტყოდი, გაგონება მეცა მინა?,, მან იგივე კვლავ მიამბო, რაცა მუნით მომესმინა, ამ ამბავმან გამაცოცხლა, სულმობრძავი დამარჩინა.

1217. ,,მე ორნი შავნი მონანი მყვანან სავსენი გრძნებითა: უჩინოდ წავლენ-წამოვლენ მათითა ხელოვნებითა; მოვასხენ, ქაჯეთს გავგზავნენ, ვარქვი, თუ: ,,ნუ დასდგებითა, ,,მაცნობეთ მისი ამბავი თქვენითა მოქმედებითა,,.

1218. ,,სამ დღე მოვიდეს, მიამბეს, ფიცხლა ებიჯა გჰზისადა: ,,მიუგვრიაო მეფისა, ზღვას იქით წამავლისადა, ვერვის შეუდგმან საჭვრეტად თვალნი, მართ ვითა მზისადა, ,,ქვე დაუწინდავს საცოლედ როსან ცოტასა ყმისადა.

1219. ,,როსანს შევრთოთო,– დულარდუხტს მეფესა უბრძანებია, ,,ჯერ ქორწინებად არა მცალს აწ გული ცეცხლ-ნადებია; შემოვიქცევი, შევისძლობ, ვინ ცისა მზედ ნაქებია,,. ციხეს დაუსვამს, ხადუმი ერთაი უახლებია.

1220. ,,ყოვლი მცოდნელი გრძნებისა მას თანა წაუტანია. მით რომე გზაა საჭირო, მტერნი საომრად მზანია; ქვე დაუყრია მოყმები, ვინც უფრო გულოვანია; დაეყოვნების; წასრულა, ჯერეთ ცოტაი ხანია.

1221. ,,ქაჯთა ქალაქი აქამდის მტერთაგან უბრძოლველია: ქალაქსა შიგან მაგარი კლდე მაღალი და გრძელია, მას კლდესა შიგან გვირაბი, ასაძრომელი ხვრელია, მუნ არის მარტო მნათობი, მისთა შემყრელთა მწველია.

1222. ,,გვირაბის კარსა ნიადაგ მოყმე სცავს არ პირ-ნასები, ათი ათასი ჭაბუკი დგას, ყველაკაი ხასები; ,,ქალაქის კართა სამთავე სამათას-სამათასები. გულო, გაგსაჯა სოფელმან, არ ვიცი და გლახ რას ები!,,

1223. ესე ამბავი ავთანდილ პირ-მზემან, მაგარმ ვადამან, რა მოისმინა, იამა, სხვად არა გაუცხადა მან, შესწირა ღმერთსა მადლობა ტურფამან დანაბადამან: ,,ამბავი ჩემი სალხინო მითხარო ვისმან ღა დამან!,,