ვეფხისტყაოსანი, 1888 წ.

1281. ,,ღმერთსა შემვედრე, ნუთუ კვლავ დამხსნა სოფლისა შრომასა, ცეცხლსა, წყალსა და მიწასა, ჰაერთა თანა ძრომასა; მომცნეს ფრთენი და აღვფრინდე, მივხვდე მას ჩემსა ნდომასა! დღისით და ღამით ვჰხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა.

1282. ,,მზე უშენოდ ვერ იქმნების, რადგან შენ ხარ მისი წილი, გაღანამცა მას იახელ მისი ეტლი, არ თუ წბილი! მუნა გნახო, მანდვე გსახო, განმინათლო გული ჩრდილი,– თუ სიცოცხლე მწარე მქონდა, სიკვდილიმცა მქონდა ტკბილი.

1283. ,,მე სიკვდილი აღარ მიმძიმს, შემოგვედრებ რადგან სულსა, მაგრა შენი სიყვარული ჩავიტანე, ჩამრჩა გულსა; მომეგონოს მოშორება, მემატების წყლული წყლულსა; ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ, ჩემო,შენთვის დაკარგულსა.

1284. ,,წადი, ინდოეთს მიჰმართე, არგე რა ჩემსა მშობელსა, მტერთაგან შეიწრებულსა, ყოვლგნით ხელ-აღუპყრობელსა, გულსა ალხინე ჩემისა მოშორვებისა მთმობელსა, მომიგონებდი მტირალსა, შენთვის ცრემლ-შეუშრობელსა.

1285. ,,რაცა ვიჩივლე ბედისა ჩემისა, კმა საჩივარად; სცან, სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად. შენთვის მოვკვდები, გავხდები ყორანთა დასაყივარად! ვირე ვცოცხალ ვარ, გეყოფი სატირლად და სატკივარად.

1286. ,,აჰა, ინიშნე ნიშანი შენეულისა რიდისა, გადმიკვეთია ალამი, ჩემო, ერთისა კიდისა, ესეღა დაგრჩეს სანაცვლოდ მის იმედისა დიდისა, – რისხვით მობრუნდა ბორბალი ჩვენზედა ცისა შვიდისა.

1287. ესე წიგნი , საყვარელსა მისა თანა მინაწერი, არ დასწერა, გარდაჰკვეთა მათ რიდეთა ერთი წვერი. თავ-მოხდილსა დაუშვენდა სისხო, სიგრძე, თმათა წვერი, ალვისაგან სული მოჰქრის, ყორნის ფრთათათ მონაბერი.

1288. იგი მონა წამოვიდა, გულანშაროს მიმავალი, წამ ერთ მიჰხვა ფატმანისას, დღე იარა არ-მრავალი. რა ავთანდილს გაუსრულდა საქმე მისი სასურვალი, ხელ-აპყრობით ღმერთსა ჰმადლობს, ცნობა-სრული, არა მთრვალი.

1289. ფატმანს უთხრა: ,,გამისრულდა ჟამად საქმე საწადელი, დიდი შენი მოჭირვება ჩემგან არის გარდუხდელი, წავალ, დგომად აღარა მცალს, დრო მოსრულა შარშანდელი, ფიცხლად ქაჯეთს მოვიყვანო მათი მომსპობ-ამწყვედელი,,.

1290. ხათუნმან უთხრა: ,,ჰე, ლომო, ცეცხლი აწ უფრო ცხელდების; მოეშორვების ნათელსა, გული ამისთვის ბნელდების; ისწრაფე, ჩემი ნუ გაგვა, ხელი ეგრეცა ხელდების, თუ ქაჯნი მოგესწრებიან, მუნ მისლვა გაგიძნელდების,,.

1291. ყმამან ფრიდონის მონანი უხმნა, მასთანა ხლებულნი; უჰბრძანა: ,,მკვდარნი აქამდის, აწღა ვართ დაცოცხლებულნი, რაცა გვინდოდა, მისითა სმენითა გახარებულნი, ჩვენთა მტერთანი გიჩვენნე წყლულნი მით ვაგლახებულნი!

1292. ,,მიდით და ფრიდონს უამბეთ ამბავი არ-ნაცქაფავი; მე ვერა ვნახავ, ვისწრაფი, გზა ჩემი არს ნასწრაფავი. მან გაახაფოს ხმა ხაფი, კვლავ უფრო გასახაფავი, თქვენ მოგცე ლარი ყველაი მე, ჩემი ნაალაფავი.

1293. ,,ჩემსა ზედა დიდი არის ვალი, თქვენგან დანადები; მადლსა სხვაებრ გარდავიხდი, თუღა ფრიდონს შეველყრები; აწ წაიღეთ ყველაკაი, მეკობრეთა წანაღები, ამის მეტსა ვერას მოგცემ, ვიცი ამად გეძუნწები.

1294. ,,სახლი არ მახლავს, არ ძალ-მაქვს გაცემა საბოძვარისა,, მისცა მართ სავსე ხომალდი, რიცხვი ტურფათა ლარისა; უბრძანა: ,,წადით, წაიღეთ, გზა წავლეთ მისვე არისა, ფრიდონს მიართვით უსტარი ჩემგან, ძმადნაფიცარისა,,.

წიგნი ავთანდილისაგან მიწერილი ფრიდონის წინაშე

1295. დასწერა: ,,ფრიდონ მაღალო, სვე სრულო მეფეთ მეფეო, ლომისა მზგავსო ძალ-გულად, მზეო შუქ-მოიეფეო, მოვლენილო და მორჭმულო, მტერთა სისხლისა მჩქეფეო, უმცროსმან ძმამან შორი-შორ სალამი დავიყეფეო!

1296. ,,ჭირნი ვნახენ და მოცამხვდა ნაცვალი ჭირნახულისა, კარგა მოხდომა საქმისა ჩემისა გაზრახულისა; მიცნია მართლად ამბავი პირისა მზედ სახულისა, დამარჩენელი ლომისა მის, ქვესკნელს დამარხულისა.

1297. ,,იგი მზე ქაჯთა მეფესა ჰყავს, ქაჯეთს პატიმარია. მუნ მისლვა მიჩანს თამაშად, თუცა გზა საომარია. ნარგისთა წვიმა ბროლისა სწვიმს, ვარდი ნაწვიმარია, ჯერ ქალსა ქაჯნი არ ახლვან, მაგრა სპა უამარია.

1298. ,,გულ-მხიარული ვიხარებ, ამად არ ცრემლი მმილდების, სადაცა შენ და შენი ძმა ხართ ძნელი გაადვილდების; რაცა მოგინდეს, უცილოდ იქმთ, იგი არ აგცილდების, არ თურე კაცმან დაგიდგნას, ვეჭვ, კლდეცა გაგილბილდების.

1299. ,,აწ შემინდევ, ვერა გნახე, შორს ამისთვის წაგიარე, გზა-გზა ყოვნა აღარა მცალს, პატიმრად ა იგი მთვარე, ადრე მოვალთ მხიარულნი, ჩვენი ნახვა გაიხარე, – ამის მეტი რაღა გკადრო, ძმასა ძმურად მოეხმარე.