ვეფხისტყაოსანი, 1888 წ.

1339. ინდოთ მეფე მხიარული ასმათს რასმე უბრძანებდა; ერთმანერთსა ეხვეოდეს, სიხარული ატირებდა; ვარდსა ზედა ყორნის ბოლო ნამსა თხელსა აპკურებდა,– კაცსა ღმერთი არ გასწირავს, თუცა კაცი შეიგებდა.

1340. ღმერთსა მისცეს დიდი მადლი, სთქვეს: ,,გვიყოო, რაცა სჯობდა; აწღა ვცანით, უარესა პირი თქვენი არ გაბრჭობდა,,. ინდოთ მეფე ხელ-განპყრობით მხიარული ამას ხმობდა. ქვაბს შევიდეს მხიარული, ასმათ რასმე მასპინძლობდა.

1341. ტარიელ ეტყვის ავთანდილს: ,,ისმინე სიტყვა ასები, გიამბობ რასმე ამბავსა, მოამბედ ნუ გენასები: მე ოდეს ქვაბნი წავუხვენ, დავხოცე დევთა დასები, მას აქათ მათი აქა ძეს საჭურჭლე ძვირ-ნაფასები,,.

1342. მე აგრე არა მინახავს, მართ ვითა არა მნდომია; მოდი და გავხსნათ, შევიგნეთ, საჭურჭლე თუ რა ზომია,,. იამა, ადგეს ორნივე, არცა ქვე ასმათ მჯდომია, დაჰლეწეს კარი ორმოცი, მათგან არ ზედან ომია.

1343. ჰპოვეს საჭურჭლე უსახო, კვლავვ უჰნახავი თვალისა, მუნ იდვა რიყე თვალისა, ხელ-წმიდად განათალისა, ჩნდის მარგალიტი ოდენი ბურთისა საბურთალისა , – ვინცა ჰქმნა რიცხვი ოქროსა, ვერვისგან დანათვალისა!?

1344. იგი სახლი ორმოცივე შიგან იყო გატენილი. ჰპოვეს ერთი ზარადხანა, აბჯრისათვის ახლად ქმნილი; მუნ აბჯარი ყოვლი-ფერი ასრე იდვა, ვითა მწნილი, შიგან ერთი კიდობანი დაბეჭდილი, არ გახსნილი.

1345. ზედა ეწერა: ,,აქა ძეს აბჯარი საკვირველიო, ჯაჭვ-მუზარადი, ალმასი, ხმალი ბასრისა, მჭრელიო; თუ ქაჯნი დევთა შეებნენ, დღე იყოს იგი ძნელიო; უმის-ჟამისოდ ვინც გაჰხსნას, არის მეფეთა მკვლელიო,,.

1346. კიდობანი გაჰხსნეს, პოეს მუნ აბჯარი სამი ტანი, რასაცა ვით შეიმოსენ მეომარნი სამნი ყმანი, ჯაჭვნი, ხრმალი, მუზარადი, საბარკული მათი გვანი, ზურმუხტისა ბუდებითა იყვნეს ვითა ლუსკუმანი.

1347. თვითომან თვითო ჩაიცვეს, თავის თავს გამოსცდიდიან, ჯაჭვ-მუზარადსა, აბჯარსა მართ ვერა ვერ მოჰკიდიან; ხმალი რკინისა მოჰკრიან, ვით ბამბის მკედსა სჭრიდიან, მათ უღირს ყოვლად ქვეყანად, შევატყევ, არ გაჰყიდიან.

1348. სთქვეს: ,,ესე ნიშნად გვეყოფის, ვართო კარგითა ბედითა; ღმერთმან მოგვხედნა თვალითა, ზეგარდმო მონახედითა,,. აიღეს იგი აბჯარი თავის თავისა ქედითა, თვითო მათ, ერთი ფრიდონის საძღვნობლად შეკრეს ღვედითა.

1349. ოქროც რამე წაიტანეს, მარგალიტი ღარიბები; გამოვიდეს, გამობეჭდეს ორმოცივე საჭურჭლები: ავთანდილ სთქვა: ,,ამას იქით დავმაგრო ხრმალთა ნები, ამას ღამე არსად წავალ, რა გათენდეს, არ დავდგები,,.

1350. აქა, მხატვარო, დაჰხატე, ძმად უმტკიცესად ძმობილნი, იგი მიჯნურნი მნათობთა, სხვისა ვერვისგან სწრობილნი, ორნივე გმირნი, მოყმენი, მამაცობისა ცნობილნი, რა ქაჯეთს მივლენ, გასინჯოთ ომი ლახვართა სობილნი.

ტარიელისა და ავთანდილისაგან წასლვა ფრიდონისასა

1351. რა გათენდა, გაემართნეს, წაიტანეს ასმათ თანა. ნურადინის ქვეყანამდის შეისვიან მათ უკანა; მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად ცხენი მიჰსცა, არ უძღვანა, ავთანდილ კმა ყოლაოზად, სხვამცა ვინღა წაიტანა.

1352. იარეს და ზედან შეჰხდეს ნურადინის მეჯოგეთა; ჯოგი ჰნახეს, მოეწონა ფრიდონისთვის ეაგეთა. მუნ ავთანდილს ინდო ეტყვის: ,,გაქნევ კარგთა სიშმაგეთა, მოდი, ფრიდონს გავლაღობნეთ, ჯოგსა მისა მოვადგეთა.

1353. ,,ჯოგი წაუღოთ, მოსრულნი ესმით ჯოგისა წაღებად, გამოემართვის საომრად, ველთა სისხლისა დაღებად, ანაზდად გვიცნობს, გაჰკრთების, გულსა შეჰლამის დაღებად, – ამოა კარგი ლაღობა, ლაღსა შევეიქმს ლაღებად,,.

1354. დაუწყეს პყრობა ტაიჭთა ფრიდონის უკეთესებსა. მუნ მეჯოგეთა ფანოსი შეექმნა, ეკრა კვესებსა; უყივლეს: ,,ვინ ხართ, მოყმენო, ვინ იქმთ საქმესა ზესებსა? ჯოგი მისია, ვინ მტერსა ჰკრავს ხრმალსა, არ აკვნესებსა,,.

1355. მათ მშვილდები დაიწვადეს, მეჯოგეთა გაეკიდნეს. მეჯოგენი მიიზახდეს, ხმანი მათნი გაადიდნეს: ,,გვიშველეთო, გვიშველეთო, მეკობრეთა ამოგვწყვიდნეს!,, ხმა შეიქმნა, შეიყარნეს, ფრიდონს ჰკადრეს, არ დაჰრიდნეს.

1356. შეეკაზმა ფრიდონ, შესჯდა, შეკაზმული გამოვიდა. ხმა შეიქმნა, შეიყარნეს, რაზმი ველთა დაჰფარვიდა. იგი მზენი მოეგებნეს, ვის ზამთარი ვერ დაჰზვრიდა; დაეხურათ ზარადები, პირსა მათსა უფარვიდა.

1357. რა ტარიელ ფრიდონ იცნა, – ,,აწ ვნახეო, ვინცა მინა,,. მუზარადი მოიხადა, გაიღიმა, გაიცინა; ფრიდონს უთხრა: ,,რასა ჰლამი, ჩვენი მოსლვა რას გეწყინა? პურად ავი მასპინძელი მოგვეგებვი ომად წინა.,,