ვეფხისტყაოსანი, 1888 წ.

1300. ,,ამა მონათა ჩემზედა გარდაუხდელი გულია. ამოდ მმსახურეს, თქვენიმცა გული ამათთვის სრულია, ქება რად უნდა მას, ვინცა თქვენთანა ხანდაზმულია? მზგავსი ყველაი მზგავსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია.,,

1301. ესე უსტარი დასწერა, შეჰკრა და წაცახვია მან, მისცა ფრიდონის მონათა ვარდმან და ვითა იამან; შესთვალა ზეპირ, რაც ჰხამდა სრულად, მართ ვითა ჰგია, მან, მათ მარგალიტი უჩვენის ძოწისა კარმან ღიამან.

1302. მოჰნახა, ჰპოვა ავთანდილ ნავი მისისა მხარისა, გამოემართა იგი მზე პირითა სავსე მთვარისა; მაგრა დაგდება უმძიმდა ფატმანის გულმდუღარისა; მისთა გამყრელთა ნაკადი ჩასდის სისხლისა ღვარისა.

1303. ფატმან, უსენ და მონანი სტირან ცრემლითა ცხელითა; იტყვიან: ,,მზეო, რა გვიყავ, დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა, რად დაგვაბნელენ შენისა მოშორვებისა ბნელითა; დაცაგვმარხენო ხელითა ჩვენისა დამმარხველითა!,,

წასლვა ავთანდილისა გულანშაროით და ტარიელის შეყრა

1304. გამოვლნა ზღვანი ავთანდილ მგზავრითა რითმე ნავითა, პირ-მხიარული აცორვებს მართ ოდენ მარტო თავითა; მას შეყრა ტარიელისა უხარის მით ამბავითა, ხელ-განპყრობილი გულითა არს ღმრთისა საესავითა.

1305. მოწურვილ იყო ზაფხული, ქვეყნით ამოსლვა მწვანისა, ვარდის ფურცლობის ნიშანი, დრო მათის პაემანისა, ეტლის ცვალება მზისაგან, შეჯდომა სარატანისა, სულ-ჰთქნა, რა ჰნახა ყვავილი მან, უჰნახავმან ხანისა.

1306. აგრგვინდა ცა და ღრუბელნი, ცროდეს ბროლისა ცვარითა; ვარდთა აკოცა ბაგითა, მითვე ვარდისა დარითა; უბრძანა:,,გიჭვრეტ თვალითა, გულ-ტკბილად შემხედვარითა, მისად სანაცვლოდ მოვილხენ თქვენთანა საუბარითა,,.

1307. რა მოეგონის მოყვარე, სდინდიან ცრემლნი მწარენი, ტარიელისკენ იარნა მან გზანი საწყინარენი, უდაბურნი და უგზონი, უცხონი რამე არენი, სადაცა ჰნახის, დაჰხოცის ლომ-ვეფხვნი მოშამბნარენი.

1308. ქვაბნი გამოჩნდეს, იამა, იცნა, სთქვა: ,,იგი კლდენია, სადაა, ჩემი მოყვარე და ვისთვის ცრემლი მდენია; ღირს -ვარმცა, ვნახო პირის-პირ, უამბო რაცა მსმენია, არ მოსრულ იყოს, რაღა ვქმნა, ცუდ ჩემი განავლენია!,,

1309. ,,თუ მოსრულა, უღონიოდ შინა ხანსა არ დაზმიდა, მინდორს სადმე წავიდოდა, მხეცისაებრ ველთა ვლიდა; სჯობს, თუ შამბ-შამბ წავიარო,,, იგონებდა, იხედვიდა, ესე სთქვა და მიუქცია, მინდორთაკე წამოვიდა.

1310. მიაცორვებს და იმღერის მხიარულითა გულითა, მართ სახელ-დებით უყივის ხმითა მით სიხარულითა. ცოტაი წარვლო, გამოჩნდა მზე სინათლითა სრულითა: შამბისა პირსა ტარიელ დგას ხრმლითა მომახულითა.

1311. ტარიელს ლომი მოეკლა, მით ხრმალსა სისხლი სცხებოდა; შამბისა პირსა ქვეითი დგა, ცხენი არა ხლებოდა; ყივილი ავთანდილისა ესმოდა, ეოცებოდა, შეხედა, იცნა, გაიქცა, მისკე მირბოდა, ხლტებოდა.

1312. ხმალი გასტყორცა ტარიელ, მიჰმართა მისა ძმობილსა, ყმა ცხენისაგან გარდიჭრა, ჰგვანდა ეტლისა სწრობილსა. მათ ერთმანერთსა აკოცეს, ჰგვანან ყელ-გარდაჭდობილსა, ხმა შაქრის ფერად გაუხდა ვარდსა, ხშირ-ხშირად პობილსა.

1313. ტარიელ მოსთქვა ტირილით სიტყვა ნატიფი, მჭევრები: – სისხლისა ღვარმან შეღება წითლად გიშრისა ტევრები, ალვასა წყარო ცრემლისა მორწყავს, ნაკადი ბევრები, – ,,რადგან შენ გნახე, რა მგამა, პატიჟი მჭირდეს მევ რები.,,

1314. ტარიელ სტირს და ავთანდილ სიცილით ეუბნებოდა; გაღიმდის, ძოწი გააპის, კბილთაგან ელვა ჰკრთებოდა; ეტყოდა: ,,ვცანო ამბავი, შენ რომე გეამებოდა, აწ გაახლდების ყვავილი, ვარდი აქამდის სჭკნებოდა,,.

1315. ტარიელ უთხრა: ,,ჱე, ძმაო, კმარის, დღეს რაცა მლხენია, ყოველი ჩემი სალხინო მინახავს, ნახვა შენია; სხვად ნუ ჰყოს ღმერთმან წამალი, არცა რა მოგისმენია: – კაცმანმცა სოფელს ვით ჰპოვა, რაც არა საქმე ზენია!,,

1316. რა ტარიელ არ შესჯერდა, ავთანდილცა არ დაწყნარდა, მის ამბისა დაყოვნება ვეღარ გასძლო, აუჩქარდა, გამოიღო რიდე მისი, ვინ ბაგეთა ვარდი ვარდა; რა ტარიელ ჰნახა, იცნა, გამოუღო, შემოვარდა.

1317. წიგნი და კიდე რიდისა იცნა და გაცაშალა მან, პირსა დაიდვა, დაეცა, ვარდმან ფერითა მკრთალამან, სულნი გაიქცნეს, მოდრიკა თავი გიშრისა ტალამან, მისნი ვერ გასძლნეს პატიჟნი ვერ კაენ, ვერცა სალამან.

1318. ავთანდილ უჭვრეტს ტარიელს, უსულოდ ქვე-მდებარესა; შეჰფრინდა, შველად მიჰმართა მას, ტკბილად მოუბარესა; ვერა, ვერ არგო დამწვარსა, სრულად ცეცხლ-ნადებარესა, მისთა ნიშანთა სიცოცხლე მართ მისი მიიბარესა.