ვეფხისტყაოსანი, 1888 წ.

წიგნი ნესტან-დარეჯანისა ფატმანთანა მიწერილი

1263. პირ-მზე სწერს: ,,აჰა, ხათუნო, დედისა მჯობო დედაო! მისგან ტყვე-ქმნილსა სოფელმან რა მიყო, ამას ჰხედაო? მე, გლახ, მათ ჩემთა პატიჟთა სხვაცა დამერთო ზედაო, აწ ვნახე შენი უსტარი, მე დიდად მეიმედაო.

1264. ,,შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა, გამიადვილე ჭირები, აწ აქა სრულთა ქაჯთაგან ვარ ასრე დანამჭირები: ,,ერთსა მცავს ერთი სამეფო, ბევრჯელ ათასი გმირები, ავად მომიხდა თათბირი და ჩემი დანაპირები!

1265. ,,სხვად ამბავი აქაური მეტი რამცა მოგიწერე: ქაჯთა მეფე, არ მოსრულა, არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე, მაგრა სპანი უთვალავნი მცვენ და მათი სიალფერე, რასა ჰქვიან ძებნა ჩემი, არ ეგების, დაიჯერე!

1266. ,,ვინცაღა ჩემი მძებნელი მოსრულა, ცუდ–მაშვრალია, იჭირვის, იწვის, ენთების, ჩემი სწვავს ცეცხლებრ ალია; მაგრა მას ვნატრი, უნახავს მზე, ამად არ დამზრალია, უმისოდ ჩემი სიცოცხლე, ვაჰმე, რა დიდი ბრალია!

1267. ,,შენ ამბავი არ გიამბე, მაშინ ამად დაგიმალე, ვერ იტყოდა ენა ჩემი, თავი ჭირთა გავაკრძალე; გიაჯები, საყვარელსა შემახვეწე, შემაბრალე, ნუ წამოვა ძებნად ჩემად, მიუწერე, შეცასთვალე.

1268. ,,მე რომ მჭირს, კმარის, ნუ მომკლავს ამისითავე სწორითა: მას მკვდარსა ვჰნახავ, მოვკვდები მე სიკვდილითა ორითა. ვერას ვინ მარგებს, დასტურად ვიცი, არ რამე ჭორითა, არ დაგმორჩილდეს, დამქოლე შავისა ქვისა ყორითა!

1269. ,,გეთქვა ნიშნისა გაგზავნა, აწ ესე განამჟღავნია, მისეულთავე რიდეთა ნაკვეთი გამიგზავნია; ესენი ჩემთვის მის გამო ტურფანი სანახავნია, თუცა თუ ფერად ბედისა ჩემისა მსგავსად შავნია,,.

წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა წინაშე მიწერილი

1270. აწ საყვარელსა მიუწერს გულ-ამოსკვნილი მტირალი მისმანვე ცრემლმან დაუვსის ვის ედებოდა ვის ალი! დასწერა წიგნი, მსმენელთა გულისა გასაგმირალი, ვარდი გააპის, გამოჩნდის მუნ ბროლი გამომჭვირვალი

1271. ,,ჰე, ჩემო, ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები, ტანი კალმად მაქვს, კალამი ნაღველსა ამონაწები, მე გული შენი ქაღალდად გულსავე ჩემსა ვაწები, გულო, შავ-გულო, დაბმულხარ, ნუ აეხსნები, აწ ები!

1272. ,,ჰხედავ, ჩემო, სოფელი რათა საქმეთა მქმნელია! რაზომცა ნათობს სინათლე, ჩემთვის ეგრეცა ბნელია. ბრძენნი იცნობენ, სწუნობენ მით, მათგან საწუნელია; უშენოდ ჩემი სიცოცხლე, ვამე, რა დიდი ძნელია.

1273. ,,ჰხედავ, ჩემო, ვით გაგვყარნა სოფელმან და ჟამმან კრულმან, ვეღარ გნახე საყვარელი მხიარული მხიარულმან, ნეტარ რა ჰქმნას უშენომან გულმან, შენგან დალახვრულმან, გაგიცხადა დამალული გონებამან დაფარულმან.

1274. ,,შენმან მზემან, აქანამდის შენ ცოცხალ არ მეგონე; ჩემი მეთქვა, გარდასრულდა სიცოცხლე და ყოვლი ღონე; აწ რა მესმა, შემოქმედი ვადიდე და ღმერთსა ვმონე, ჩემი ყველა აქანამდის ჭირი ლხინსა შევაწონე.

1275. ,,შენი სიცოცხლე მეყოფის ჩემად იმედად გულისად, გულისა ერთობ წყლულისა და ასრე დადაგულისად! მომიგონებდე, გახსოვდე მე, შენთვის დაკარგული სად, ვზი მზრდელი სიყვარულისა, მის ჩემგან დანერგულისად.

1276. ,,სხვად, ჩემო, ჩემი ამბავი ჩემგან არ მოგეწერების: ენა დაშვრების, მოსმენით არვისგან დაიჯერების. ფატმან წამგვარა გრძნეულთა, ღმერთიმცა მას ეტერების, აწ კვლავ ჰქმნა იგი სოფელმან, რაცა მას შეეფერების.

1277. ,,აწ სოფელმან უარესი ჭირი ჭირსა მომისართა, არ დასჯერდა ბედი ჩემი მას პატიჟთა მრავალ-გვართა; კვლავცა მიმცა შესაპყრობლად ქაჯთა, ძნელად საომართა, ბედმან გვიყო ყველაკაი, ჩემო, რაცა დაგვემართა.

1278. ,,ციხეს ვზი ეზომ მაღალსა, თვალნი ძლივ გარდასწვდებიან, გზა გვირაბითა შემოვა, მცველნი მუნ ზედა დგებიან, დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დასცდებიან, მათთა შემბმელთა დახოცენ, მართ ცეცხლად მოედებიან.

1279. ,,ნუთუ ესენნი გეგონნეს სხვათა მებრძოლთა წესითა?! ნუცა მე მომკლავ ჭირითა, ამისგან უარესითა; შენ მკვდარსა გნახავ, დავიწვი, ვითა აბედი კვესითა; მოგშორდი, დამთმე გულითა, კლდისაცა უმაგრესითა.

1280. ,,შენმან მზემან, უშენოსა არვის მიჰხვდეს მთვარე შენი, შენმან მზემან ვერვის მიჰხვდეს, მოცავიდენ სამნი მზენი; აქა თავსა გარდავიქცევ, ახლოს მახლვან დიდნი კლდენი, სული ჩემი შეივედრენ, ზეცით მომხვდენ ნუ-თუ ფრთენი.