ვეფხისტყაოსანი, 1926a წ.

1182. “სხუა გიამბო საკუირველი რიდისა და ყაბაჩისა; ვარ მნახავი ყოვლისავე უცხოსა და ძვირფასისა, მაგრა მისი არა ვიცი, ქნილი იყო რაგვარ რისა: სილბო ჰქონდა ნაქსოვისა და სიმტკიცე ნაჭედისა.

1183. “მან ტურფამან სახლსა ჩემსა ეგრე დაჰყო ხანი დიდი; ვერ გავანდევ ქმარსა ჩემსა, შესმენისა მქონდა რიდი; ვთქუი: “თუ უთხრობ, ვიცი, დარბაზს გამამჟღავნებს, ისი ფლიდი”. ესე მეყო საგონებლად, კვლა შევიდი, თუ გამოვიდი.

1184. “ვთქუი: “თუ არ უთხრა, რა უყო, ჩემგან რა მოეგვარების? არცა რა ვიცი, რა უნდა, რა ვისგან მოეჴმარების; ქმარი რა მიგრძნობს, მოცამკლავს, ვეღარა მომეფარების; ვითა დავმალო ნათელი, ვინ მზესა დაედარების?!

1185. “მე, გლახ, მარტომან რა უყო, მიმატებს ცეცხლთა დებასა! მო და გავანდო, ნუ შევალ უსენის შეცოდებასა; არ გამამჟღავნოს, ვაფიცო, თუ მამცემს იმედებასა, სულსა ვერ წასწყმენდს, ვერა იქს ფიცისა გაცუდებასა.”

1186. “მიველ მარტო, ქმარსა ჩემსა ველაღობე, ველაციცე, მერმე უთხარ: “გითხრობ რასმე, მაგრა პირველ შემომფიცე, არვის უთხრა სულიერსა, საფიცარი მამეც მტკიცე”. ფიცი ფიცა საშინელი: “თავიცაო კლდეთა ვიცე!

1187. “რაცა მითხრა, სიკუდილამდის არვის უთხრა სულიერსა, არა ბერსა, არა ყმასა, მოყუარესა, არცა მტერსა”. მერმე უთხარ ყუელაკაი უსენს, კაცსა ლმობიერსა: “მოდი, მამყევ, აქა სადმე, მო, გიჩვენებ მზისა ფერსა”.

1188. “ადგა, ამყუა და წავედით, შევვლენით კარნი სრისანი. უსენ გაკუირდა, გაცაკრთა, რა შუქნი ნახნა მზისანი; თქუა: “რა მიჩვენე, რა ვნახე, რანია, ნეტარ, რისანი?! თუ ჴორციელი არისმცა, თუალნიმცა მრისხვენ ღმრთისანი!”

1189. “ვთქუი, თუ: “არცარა მე ვიცი ამისი ჴორციელობა, რაცა არ გითხარ, მის მეტი არა მაქუს მეცნიერობა; მე და შენ ვჰკითხოთ, ვინ არის, ვისგან სჭირს ისი ხელობა, ნუთუ რა გუითხრას, ვიაჯნეთ, ქნას დიდი ლმობიერობა”.

1190. “მივედით, გუქონდა ორთავე კრძალვა მისისა კრძალისა; ვჰკადრეთ, თუ: “მზეო, საჴმილი გუედების შენგან ალისა, გუითხარ, რა არის წამალი მთუარისა შუქ ნამკრთალისა? რას შეუქნიხარ ზაფრანად შენ, ფერად მგზავსი ლალისა?”

1191. “რაცა ვჰკითხეთ, არა ვიცი, ესმა, ანუ არ ისმენდა: ვარდი ერდგან შეეწება, მარგალიტსა არ აჩენდა; გველნი მოშლით მოეკეცნეს, ბაღი შეღმა შერაშენდა, მზე ვეშაპსა დაებნელა, ზედა რამცა გაგუითენდა!

1192. “ვერა დავჰყარეთ პასუხი ჩუენ საუბრითა ჩუენითა: ვეფხი ავაზა პირ ქუშად ზის, წყრომა ვერ უგრძენითა. კულაცა ვაწყინეთ, ატირდა მჩქეფრად ცრემლისა დენითა, “არა ვიციო, მიმიშვით!”, ეს ოდენ გუითხრა ენითა.

1193. “დავსხედით და მას თანავე ვიტირეთ და ცრემლი ვლამეთ, რაცა გუეთქვა, შევინანეთ, სხუამცა რაღა შევიწამეთ! ძლივ ვიაჯეთ დადუმება, დავადუმეთ, დავაამეთ, ჩუენ მივართვით ხილი რამე, მაგრა ვერა ვერ ვაჭამეთ.

1194. “უსენ იტყუის: “ბევრ ათასნი ჭირნი ამან ამიჴოცნეს; ესე ღაწუნი მზისად კმარან, კაცთაგანმცა ვით იკოცნეს! უმართლეა, ვერ მჭურეტელმან თუ პატიჟნი იასოცნეს, მე თუ შვილნი მირჩევნიან, ღმერთმან იგი დამიჴოცნეს!”

1195. “მას უჭურიტეთ დიდი ხანი, წამოვედით სულთქმით, ახით; შეყრა გუიჩნდის სიხარულად, გაყრა დიდად ვივაგლახით; ვაჭრობისა საქმისაგან მოვიცალით, იგი ვნახით, გულნი ჩუენი გაუშვებლად დაეტყვევნეს მისით მახით.

უსენისაგან გამჟღავნება ნესტან დარეჯანისა მეფის წინაშე

1196. – რა გამოჴდა ხანი რამე, გამოვიდა ღამე-დღენი, უსენ მითხრა: “არ მინახავს ძოღანდლითგან მეფე ჩუენი. მივაზირებ, წავალ, ვნახავ, ვუდარბაზო, უძღუნა ძღვენი”. მოვაჴსენე: “დია, ღმერთო, ბრძანებაა ეგე თქუენი!”

1197. “უსენ ტაბაკსა დააწყო მარგალიტი და თუალები. დავვედრე: “დარბაზს დაგხუდების დარბაზის ერი მთურალები; ამა ქალისა ამბავსა, მამკალ, თუ არ ეკრძალები”. კულა შემომფიცა: “არ ვიტყუი, თავსაცა მეცეს ჴრმალები!”

1198. “უსენ მივიდა, ჴელმწიფე დახუდა ნადიმად მჯდომელი უსენ, არიფი მეფისა, მეფეცა მისი მნდომელი; წინა მიისვა, შეიძღვნა, ძღვენი მიართვა რომელი. აწ ნახეთ მთურალი ვაჭარი, ცქაფი, უწრფელი, მსწთომელი.

1199. “რა მეფემან უსენს წინა სვა მრავალი დოსტაქანი, კულა შესვეს და კულა აუვსნეს სხუა ფარჩი და სხვა ჭიქანი. დაავიწყდა იგი ფიცნი რა მუსაფი, რა მაქანი, მართლად თქმულა: “არა მართებს ყუავსა ვარდი, ვირსა რქანი “.

1200. “უთხრა დიდმან ჴელმწიფემან უჭკუოსა უსენს, მთურალსა: “დია მიკუირს, საძღვნოდ ჩუენად სით მოიღებ ამა თუალსა, მარგალიტსა დიდროვანსა, უმსგავსოსა ჰპოებ ლალსა? ვერ გარდვიჴდი, თავმან ჩემმან, ძღვენთა შენთა ნაათალსა”.