ვეფხისტყაოსანი, 1926a წ.

1221. “მეფემან ბრძანა: “მოჰკაზმეთ საწოლი უფლის წულისა!” დაუდგეს ტახტი ოქროსა, წითლისა მაღრიბულისა; ადგა თჳთ დიდი ჴელმწიფე, პატრონი სრისა სრულისა, მას ზედა დასვა იგი მზე, ლხინი მჭურეტელთა გულისა.

1222. “უბრძანა ცხრათა ხადუმთა დადგომა მცველად კარისად; ჴელმწიფე დაჯდა ნადიმად, მგზავსად მათისა გვარისად; უბოძა უსენს უზომო მუქფად მის მზისა დარისად. სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა მოსამატებლად ზარისად.

1223. “გააგრძელეს ნადიმობა, სმა შეიქნა მეტად გრძელი, ქალი პირმზე ბედსა ეტყუის: “რა ბედია ჩემი მკლველი! სადაური სად მოვსრულ ვარ, ვის მივხუდები, ვისთჳს ხელი, რა ვქნა, რა ვყო, რა მერგების, სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი!”

1224. “კულაცა იტყუის: “ნუ დავაჭკნობ შვენებასა ვარდთა ფერსა, ვეცადო რას, ნუთუ ღმერთმან მე მამრიოს ჩემსა მტერსა! სიკუდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა? რა მისჭირდეს, მაშინ უნდან გონებანი გონიერსა!”

1225. “ხადუმნი იჴმნა, უბრძანა: “ისმენდით, მოდით ცნობასა! მოღორებულ ხართ, დამცთარხართ თქუენ ჩემსა პატრონობასა, დამცდარა თქუენი ჴელმწიფე, ჩემსა თუ ლამის რძლობასა, ჩემთჳს ბუკსა და ტაბლაკსა ცუდად, გლახ, იცემს, ნობასა.

1226. “არ ვარგ ვარ თქუენად დედოფლად, ჩემი გზა კიდეგანია; მაშოროს ღმერთმან მამაცი, პირად მზე, სარო ტანია! სხუასა რას მნუკავთ საქმესა? ჩემნი საქმენი სხუანია! თქუენთანა ჩემი სიცოცხლე არ ჩემი შესაგვანია.

1227. “უცილოდ თავსა მოვიკლავ, გულსა დავიცემ დანასა, თქუენ დაგჴოცს თქუენი პატრონი, სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა; ესე სჯობს: მოგცე საჭურჭლე, მძიმე მარტყია ტანასა, მე გამაპარეთ, გამიშვით, თუარა დავიწყებთ ნანასა”.

1228. “შემოიჴსნა მარგალიტი, შემოერტყა რაცა თუალი, მოიჴადა გჳრგჳნიცა გამჭვირალი, ერთობ ლალი; მისცა, უთხრა: “გამომიღეთ, გეაჯები გულ მჴურვალი, მე გამიშვით, ღმერთსა თქუენსა მიავალეთ დიდი ვალი”.

1229. “მონათა მიხუდა სიხარბე მის საჭურჭლისა ძვირისა, დავიწყდა შიში მეფისა, ვითა ერთისა გზირისა, გამოპარება დაასკუნეს მის უებროსა პირისა. ნახე, თუ ოქრო რასა იქს, კუერთხი ეშმაკთა ძირისა!

1230. “რა ოქრო მისთა მოყუასთა აროდეს მისცემს ლხენასა, დღედ სიკუდილამდის სიხარბე შეაქნევს კბილთა ღრჭენასა, შესდის და გასდის, აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა, კულა აქა სულსა დაუბამს, დაუშლის აღმაფრენასა.

1231. “რა ხადუმთა აუსრულეს საქმე მისი საწადელი, ერთმან ტანსა აიხადა, მისცა მისი ჩასაცმელი, სხუანი კარნი გამოარნეს, იჯარვოდა დარბაზს მსმელი. დარჩა მთუარე გველისაგან გავსებული, ჩაუნთქმელი.

1232. “მონანიცა გარდიხუეწნეს, გაიპარნეს მასვე თანა. ქალმან კარსა დამირეკა, ფატმანობა ჩემი ბრძანა. გავე, ვიცან, მოვეხვიე, გამიკუირდა, მეცა განა! შინა ყოლე არ შემომყუა: “რად მაწვეო?” შემანანა.

1233. “მიბრძანა: “თავი ვიყიდე მოცემულითა შენითა; მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს მოწყალებითა ზენითა! ვეღარ დამმალავ, გამიშვი, ფიცხლად გამგზავნე ცხენითა, ვიდრემდის სცნობდეს ჴელმწიფე, კაცთა მამწევდეს რბენითა”.

1234. “შეველ ფიცხლად საჯინიბოს, ავჴსენ ცხენი უკეთესი, შეუკაზმე, ზედა შევსვი მხიარული, არ მომკუნესი; ჰგვანდა, ოდეს ლომსა შეჯდა მზე, მნათობთა უკეთესი, წაჴდა ჩემი ჭირნახული; ვერ მოვიმკე, რაცა ვსთესი.

1235. “დღე მიიყარა, ჴმა გაჴდა, მოვიდა მისი მდევარი, მოიცვეს შიგან ქალაქი, შეიქნა მოსაწევარი; მე მკითხეს, ვარქუი: “თუ ჰპოვოთ მუნ სადა სახლსა მე ვარი, მეფეთა ვიყო შემცოდე და მათთა სისხლთა მზღვევარი!”

1236. “მონახეს, ვერა შეიგნეს, შეიქცეს დაწბილებულნი, მას აქათ იგლოვს ჴელმწიფე და ყოვლნი მათნი ხლებულნი, დახედენ დარბაზის ერთა, შევლენ ის ფრითა ღებულნი: მზე მოგუეშორვა, მას აქათ ჩუენ ვართ სინათლე კლებულნი.

1237. “მის მთუარისა სადაობა კულა გიამბო, საქმე კულაცი; აწ უწინვე ესე გითხრა, რას მექადდა ისი კაცი: მე, გლახ, ვიყავ მისი ნეზვი, იგი იყო ჩემი ვაცი. კაცსა დასვრის უგულობა და დიაცსა ბოზი ნაცი.

1238. “მით არ ვჯერვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თუალად ნასი. ისი კაცი ჩაჩნიგირი დარბას იყო მეტად ხასი; ჩუენ გუიყუარდა ერთმანერთი, არ მაცვია თუცა ფლასი, ნეტარძი ვინ სისხლი მისი შემახურიტა ერთი თასი!

1239. “ესე ამბავი მას თანა ვთქუი დიაცურად, ხელურად: ჩემსავე მოსლვა მის მზისა და გაპარება მელურად. გამჟღავნებასა მექადდა არ მოყუარულად, მტერულად, აწ ისრე მკუდარსა ვიგონებ, იშ, თავი ვიჴსენ მე რულად!

1240. “დამექადის, რაზომჯერცა წავიკიდნით თავის წინა. ოდეს მეჴმე, არ მეგონა მე იმისი ყოფა შინა; მოსრულ იყო, მოსლვა ეთქუა; შენცა მოხველ, შემეშინა, ამად გკადრე: “ნუ მოხვალო”, მოგაგებე მონა წინა.