ვეფხისტყაოსანი, 1926a წ.

1300. “მამგვარე, ქაჯეთს გავგზავნოთ იგივე მონა გრძნეული, ქალსა ვაცნობოთ ყოველი, ამბავი ჩუენგან ცნეული; მანცა გუაცნობოს მართალი, ვქნათ მისი გამორჩეული, ღმერთმან ქნას, ქაჯთა სამეფო მოგესმას ჩუენგან ძლეული!”

1301. ფატმან თქუა: “ ღმერთსა დიდება, საქმენი მომხუდეს, მო რანი, დღეს რომე მესმნეს ამბავნი, უკუდავებისა სწორანი!” მოგუარა მონა გრძნეული, შავი, მართ ვითა ყორანი; უბრძანა: “ ქაჯეთს გაგგზავნი, წა, გზანი გისხენ შორანი!

1302. “აწ გამოჩნდების საჴმრობა ჩემთჳს შენისა გრძნებისა, ფიცხლა დამივსე საჴმილი შენ ჩემთა ცეცხლთა გზნებისა, მას მზესა ჰკადრე მიზეზი მისისა განკურნებისა”. მან უთხრა: “ხვალე მოგართვა ყოვლი ამბავი ნებისა”.

წიგნი ფატმანისა ნესტან დარეჯანთანა

1303. ფატმან სწერს: “– აჰა, მნათობო, სოფლისა მზეო ზენაო, შენთა შორს მყოფთა ყოველთა დამწველო, ამაზრზენაო, სიტყუა მჭევრო და წყლიანო, ტურფაო, ლამაზ ენაო, ბროლო და ლალო ოროვე კულა ერთგან შენათხზენაო!

1304. “თუცა თუ შენი ამბავი შენ არა მომასმენიე, მე ეგრეცა ვცან მართალი, მით გულსა მოვალხენიე; შენთჳს ხელ ქმნილსა ტარიელს ამბითა მოალხენიე, ორნივე მიხუდეთ წადილსა, იგი ვარდობდეს,შენ იე.

1305. “მოსრულა შენად საძებრად მისი ძმად შეფიცებული, ავთანდილ, მოყმე, არაბი, არაბეთშიგან ქებული, სპასპეტი როსტენ მეფისა, ვერვისგან დაწუნებული; შენ სწერდი შანსა ამბავსა, ლაღი, ბრძნად გაგონებული.

1306. “ჩუენ ამისთჳს ესე მონა გამოვგზავნეთ თქუენსა წინა, ვცნათ ამბავი ქაჯეთისა: მოსრულანცა ქაჯნი შინა? მანდაურთა მეომართა ანგარიში წურილად გუინა: ვინ არიან მცველნი შენნი, ან თავადი მათი ვინა?

1307. “რაცა იცი მანდაური, მოგუიწერე, გაამჟღავნე; მერმე შენსა საყუარელსა ნიშანი რა გაუგზავნე! შენი ყუელა აქანამდის ჭირი ლხინსა გაათავნე, ღმერთსა უნდეს, მოყუარენი შესაფერნი შეგაზავნე!–

1308. ფატმან მისცა დაწერილი მას გრძნეულსა ჴელოვანსა: “ესე წიგნი მიართვიო ქალსა, მზისა დასაგვანსა!” მან გრძნეულმან მოლი რამე წამოისხა ზედან ტანსა, მასვე წამსა დაიკარგა, გარდაფრინდა ბანით ბანსა.

1309. წავიდა, ვითა ისარი კაცისა მშვილდ ფიცხელისა. რა ქაჯეთს შეჰჴდა, ქნილ იყო ოდენ ბინდ ბანდი ბნელისა. უჩინოდ შევლო სიმრავლე მოყმისა, კართა მცველისა, მას მზესა ჰკადრა ამბავი მისისა სასურველისა.

1310. ციხისა კარნი დაჴშულნი შევლნა მართ ვითა ღიანი, შევიდა ზანგი პირშავი, თმა გრძელი, ტან ნაბდიანი; იგი მზე დაჰკრთა, ეგონა სამოსი რამე ზიანი, შესცვალა ვარდი ზაფრანად, ლაჟუარდის ფერად იანი.

1311. ზანგმან უთხრა: “ვინ გგონივარ, ანუ აგრე რად დაბნდები? მე ვარ მონა ფატმანისა, თქუენს წინაშე ნამგზავრები; ამა წიგნმან გამამართლოს, არ ტყუილად გეუბნები, მზისა შუქნი მოიცადე, ვარდო, ადრე ნუ დასჭკნები!”

1312. პირმზე გაჰკუირდა ფატმანის ამბვითა საკუირველითა, ნუშნი გააპნა, შეიძრნეს სათნი გიშრისა წნელითა. მან იგი წიგნი მონამან მისცა თავისა ჴელითა; იკითხავს სულ თქუამს, უსტარსა ალტობს ცრემლითა ცხელითა

1313. მონასა ჰკითხა: “მიამბე, ვინ არის ჩემი მძებნელი, ანუ ვინ მიცის ცოცხალი, მიწასა ზედა მტკეპნელი?” მან მოაჴსენა: “ვიკადრებ, რასცა ოდენ ვარ მცნებელი, რა წამოსრულხარ, მას აქათ შენგან ჩუენია მზე ბნელი.

1314. “ფატმანის გული მას აქათ ლახუართა შენახევია; მას რომე ცრემლი სდენია, ზღვათაცა შენართევია; მე ერთხელ შენი ამბავი მისთჳს კულა მიმირთმევია, ღმერთსა ვიმოწმებ, მას აქათ ტირილი არ დალევია.

1315. “აწ ვინმე მოყმე მოვიდა შვენიერითა პირითა, მან უთხრა წურილად ყუელაი, თქუენ ხართ რითაცა ჭირითა. იგია შენი მძებნელი მკლავითა, ვითა გმირითა; მე გამომგზავნეს, დამვედრეს სწრაფა სწრაფითა ხშირითა”.

1316. ქალმან უთხრა: “მემართლების, ყმაო, შენი ნაუბარი! ფატმან ჩემი რა იცოდა,ვისი ვიყავ წანაგვარი. უღონიოდ არის სადმე ჩემი ცეცხლთა მამდებარი, მე მიუწერ, შენცა ჰკადრე, ვარ ვითამცა გულ მდუღარი”.

წიგნი ნესტან-დარეჯანისა ფატმანთანა

1317. –პირმზე ვწერ: “აჰა, ხათუნო, დედისა მჯობო დედაო; მისგან ტყუე ქმნილსა სოფელმან რა მიყო, ამას ხედაო! მე, გლახ, მათ ჩემთა პატიჟთა სხუაცა დამერთო ზედაო, აწ ვნახე შენი უსტარი, მე დიდად მეიმედაო.