ვეფხისტყაოსანი, 1926a წ.

1087. ავთანდილს უსამ მოართვა ვაჭართა შემოთულილობა: “შენგან ვართ გამაგრებულნი, ჩუენ ვიცით ჩუენი ფლიდობა; რაცა გუაქუს, იგი შენია, ამას არ უნდა ცილობა, რასაცა მოგუცემ, გუიბოძე, გუიქნია აქა ყრილობა”.

1088. ყმამან შესთუალა: “ჰე, ძმანო, წეღანცა მოგისმენია, ღმერთსა შეესმა, ნაკადი, რაცა თქუენ თუალთა გდენია, მან დაგარჩინნა; მე რა ვარ, მე, გლახ, რა მომილხენია! რა გინდა მამცეთ, რას ვაქნევ? მე ვარ და ჩემი ცხენია!

1089. “მე თუმცა რაცა მინდოდა საჭურჭლე დასადებელი, ჩემსაცა მქონდა ურიცხვი, უსახო ლარ საგებელი; რას ვაქნევ თქუენსა რას - მინდა? ოდენ ვარ თანა მხლებელი; სხუაგან რამე მიც სხუა საქმე თავისა წასაგებელი.

1090. “აწ რაცა აქა ვიშოვე საჭურჭლე დაუთუალავი, რაცა ვის გინდა, წაიღეთ, არვისი ვიყო მლალავი, ერთსა ვიაჯი, მიაჯეთ სააჯო არ საკრძალავი: საქმე რამე მიც თქუენშია თავისა დასამალავი.

1091. “ჟამამდის ჩემსა ნუ იტყუით არ თქუენსა პატრონობასა, “თჳთ თავადია ჩუენი”თქო, ნუ მიჴმობთ ჭაბუკობასა. მე სავაჭროსა ჩავიცვამ, დავიწყებ ჯუბაჩობასა; თქუენ შემინახეთ ნამუსი, თქუენსა და ჩემსა ძმობასა!”

1092. ესე საქმე ქარავანსა გაეხარნეს მეტად დია; მოვიდეს და თაყუანის სცეს, ჰკადრეს: “ჩუენი იმედია, რაცა აჯა ჩუენ გუმართებდა, იგი თქუენვე გიაჯია, მას ვმსახუროთ, ვისი პირი მზისა პირად გაგუიცდია”.

1093. მუნით წავიდეს, იარეს, არ თურე ხანსა ზმიდიან, მიხუდეს ტაროსსა ამოსა, ნიადაგ ამოდ ვლიდიან; შეფრფინვიდიან ავთანდილს, ქებასა შეასხმიდიან, მას მარგალიტსა მას ყმასა, კბილთავე ფერსა, სძღვნიდიან

ამბავი ავთანდილისა გულანშაროს მისლვისა

1094. ზღვა გაიარა ავთანდილ, მივა ტანითა მჭევრითა. ნახეს ქალაქი, მოცული გარე ბაღისა ტევრითა, გვარად უცხონი ყუავილნი, ფერითა ბევრის ბევრითა. მის ქუეყანისა სიტურფე რა გაგაგონო მევ, რითა!

1095. მათ ბაღთა პირსა დააბეს ნავი საბლითა სამითა; ავთანდილ ტანსა ჯუბანი ჩაიცვა, დაჯდა სკამითა; მოასხნეს კაცნი მზიდავნი, დამიზდებულნი დრამითა; იგი ყმა ვაჭრობს, თავადობს და თავსა მალავს ამითა.

1096. მოვიდა მისი მებაღე, ბაღსა იახლნეს რომელსა, მას ყმასა უჭურეტს შეფრფინვით პირსა, ელვათა მკრთომელსა; ავთანდილ უჴმო, ეუბნა კაცსა არ სიტყუა მცთომელსა: “ვისნი ხართ, ვინ ხართ, რა ჰქუიან მეფესა აქა მჯდომელსა?

1097. “წურილად მითხარ ყუელაკაი, ყმა მას კაცსა ეუბნების: რა ლარია უფრო ძვირად, ან იეფად რა იჴსნების?” ჰკადრა: “ვხედავ, პირი შენი მზისა პირად მემეცნების; რაცა ვიცი, მართლად გკადრებ, მრუდი არა არ გემცნების!

1098. “ესეა ზღვათა სამეფო თვისა ათისა სავლითა, თჳთ გულანშარო ქალაქი, სავსე ტურფითა მრავლითა; აქ მოდის ტურფა ყუელაი ზღვა ზღვა ნავითა მავლითა; მელიქ სურხავი ხელმწიფობს, სრული სვითა და დავლითა.

1099. “აქა მოსვლითა გაყმდების, კაცი თუც იყოს ბერები: სმა, გახარება, თამაში, ნიადაგ არს სიმღერები, ზამთარ და ზაფხულ სწორად გუაქუს ყუავილი ფერად-ფერები; ვინცა გუიცნობენ, გუნატრიან, იგიცა, ვინ ა მტერები.

1100. “დიდ-ვაჭარნი სარგებელსა ამისებრსა ვერ ჰპოებენ: იყიდიან, გაჰყიდიან, მოიგებენ, წააგებენ; გლახა თვე ერთ გამდიდრდების, სავაჭროსა ყოვლგნით ჰკრეფენ; უქონელნი წელიწდამდის საქონელსა დაიდებენ.

1101. “მე ვარ მებაღე უსენის, ვაჭართა უხუცესისა; ესეცა გკადრო ამბავი, საქმე მისისა წესისა: თჳთ ესე ბაღი მისია, თქუენი სადგომი დღეს ისა; პირველ მას მართებს ჩვენება ყოვლისა უტურფესისა.

1102. “რა შემოვლენ დიდ-ვაჭარნი, მას ნახვენ და ძღვენსა სძღვნიან, უჩვენებენ, რაცა ჰქონდეს, სხვაგან ლარსა ვერ გაჴსნიან, უტურფესთა სეფედ დასხმენ, ფასსა მუნვე დაუთულიან; მათ მაშინვე ააზატებს, ვითა სწადდეს, დაჰყიდიან.

1103. “თქუენებრთა საბატიოთა მას მართებს გამოსვენება; დამყენებელთა უბრძანებს, მართებდეს ვის დაყენება. აწ იგი აქა არ არის, რას მარგებს მისი ჴსენება! გამოგებება, წაყვანა მას ჰმართებს, თქუენი ქენება.

1104. “ფატმან ხათუნ შინა არის, ხათუნი და ცოლი მისი, პურად კარგი მასპინძელი, მხიარული, არ თუ მქისი; მას ვაცნობო მოსვლა თქუენი, წაგიყვანოს ვითა თჳსი; წინა კაცთა მოგაგებებს, ქალაქს შეხვალ ნათლივ, დღისი”.

1105. ავთანდილ უთხრა: “წადიო, აგრე ჰქენ, რაცა გწადიან”. მებაღე მირბის, ახარებს, ოფლნი მკრდამდის ჩასდიან. ხათუნსა უთხრა ამბავი: “მე ესე დამიქადიან: ყმა მოვა, მისთა მჭურეტელთა შუქნი მზედ გაიცადიან.