ვეფხისტყაოსანი, 1926a წ.

1143. ფატმანს უთხრა: “კაცი მომეც მასწავლელად, წინამძღუარად, გზასა მართლად წამიყუანოს, თუარა მეშვლად მინდა არად; იმა კაცსა ვერა ვხედავ მეომრად და ჩემად დარად, რაცა უყო, მოგანახვებ, მომიცადე, იყავ წყნარად”.

1144. მას მისცა მონა დიაცმან წინამძღურად, წაცამყუანელად, კულავე მიჰყივლა:”ვინათგან ცეცხლი აწ ცხელია ნელად, თუ მოვითაჰკლა იგი ყმა ჩემად გულისა მფხანელად, ბეჭედი ჩემი აცვია, მას გვედრებ მოსატანელად”.

1145. ავთანდილ გავლო ქალაქი მით უებროთა ტანითა; ზღვის პირსა სახლი ნაგებნი დგეს ქვითა წითელ მწვანითა, ქუეშეთკენ სრითა ტურფითა, კულა ზედათ ბანის-ბანითა, დიდროვანითა ტურფითა, მრავლითა თანის თანითა.

1146. მუნ მიჰყავს პირმზე ავთანდილ მას, მისსა წინამძღომელსა; ჴმა მდაბლად ჰკადრებს: “ისია სრა მისი, ეძებ რომელსა”. უჩვენებს, ეტყუის: “ხედაო ბანსა ქუე ზედა მდგომელსა? იქი წევს ძილად, იცოდი, ანუ ზე ჰპოებ მჯდომელსა”.

1147. კარსა წინა დარაჯანი ორნი უწვეს მას, გლახ, ყმასა. ყმა გავიდა, გაეპარა, დააგდებდეს ვირე ჴმასა, თჳთო ჴელი ყელსა მიჰყო, მუნვე მისცა სულთა ჴდასა, თავი თავსა შეუტაკა, გაურია ტვინი თმასა.

1148. იგი ყმა მარტო საწოლს წვა გულითა ჯავრიანითა; ჴელ სისხლიანი ავთანდილ შედგა ტანითა ჯანითა; ვეღარ აესწრა, იდუმალ მოკლა, თუ ვერცა ვსცანითა, ჴელი მოჰკიდა, მიწასა დაასკუნა, დაკლა დანითა.

1149. მჭურეტელთა მზე და მებრძოლთა მჴეცი და ვითა ზარია. ბეჭდითურ თითი მოჰკუეთა, ქუესკნელს მიწათა გარია, ზღვითკენ სარკმლითა გასტყორცა, ზღვისა ქვიშათა დარია, მისთჳს არცა ღა სამარე, არცა სათხარად ბარია.

1150. ჴმა მათისა დაჴოცისა არ გაისმა არსით არა. წამოვიდა ვარდი ტკბილი, რასამცა ვით გაემწარა! ესე მიკუირს, სისხლი მითი ასრე ვითა მოიპარა! რომე წეღან წამოევლო, გზა იგივე წაიარა.

1151. რა ფატმანისსა შევიდა ლომი, მზე, მოყმე წყლიანი, “მოვკალო, უთხრა მან ყმამან: დღე ვეღარ ნახოს მზიანი, თჳთ მონა შენი მოწმად მყავს, ფიცი აფიცე ღმრთიანი, აჰა თითი და ბეჭედი, და დანა მაქუს სისხლიანი.

1152. “აწ მითხარ, თუ: რას იტყოდი, რას გაშმაგდი ისრე რეტად? რას გექადდა ისი კაცი? მესწრაფების მეტის მეტად”. ფატმან ფერჴთა მოეხვია: “არა ღირს ვარო პირსა ჭურეტად, გამიმრთელდა გული წყლული, ახლა დავჯე ცეცხლთა შრეტად.

1153. “მე და უსენი შვილითურთ აწ ახლად დავიბადენით; ლომო, ქებანი თქუენიმცა ჩუენ ვითა ვადიადენით! ვინათგან სისხლთა მისთაგან დაღვრასა დაექადენით, თავითგან გითხრობ ყუელასა, თქუენ სმენად დაემზადენით”.

ფატმანისგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა

1154. –ამა ქალაქსა წესია: დღესა მას ნავროზობასა არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა; ყუელაი სწორად დავიწყებთ კაზმასა, ლამაზობასა, დიდსა შეიქმენ მეფენი პურობა დარბაზობასა.

1155. “ჩუენ დიდ-ვაჭართა ზედა გუაც დარბაზს მიღება ძღვენისა, მათ საბოძურისა ბოძება მართებს მგზავსისა ჩუენისა; ათ დღემდის ისმის ყოველგნით ჴმა წინწილისა, ებნისა, მოედანს მღერა, ბურთობა, დგრიალი ცხენთა დგენისა.

1156. “ქმარი ჩემი დიდ-ვაჭართა წაუძღვების, უსენ, წინა, მათთა ცოლთა მე წავასხამ, მაწვეველი არად მინა; დედოფალსა ძღვენსა უძღვნით, მდიდარი თუ გლახა ვინ ა, დარბაზს ამოდ გავიხარებთ, მხიარულნი მოვალთ შინა.

1157. დღე მოვიდა ნავროზობა, დედოფალსა ძღვენი ვსძღვენით; ჩუენ მივართვით, მათ გუიბოძეს, ავავსენით, ავივსენით; ჟამიერად მხიარულნი წამოვედით ნებით ჩუენით, კულა დავსხედით გახარებად, მუნებურნი არ ვიყუენით.

1158. “ბაღსა შიგან თამაშობად საღამოსა გავე ჟამსა, გავიტანე ხათუნები, მათი ჭმევა ჩემგან ჴამსა; მომყვებოდეს მომღერალნი, იტყოდიან ტკბილსა ჴმასა, ვიმღერდი და ვყმაწვილობდი, ვიცვალებდი რიდე თმასა.

1159. იქ ბაღსა შიგან ტურფანი სახლნი, ნატიფად გებულნი, მაღალნი, ყოვლგნით მხედველნი, ზღვაზედა წაკიდებულნი, მუნ შევიტანე ხათუნნი, იგი ჩემთანა ხლებულნი, კულა დავიდევით ნადიმი, დავსხედით ამოდ შვებულნი.

1160. “ვაჭრის ცოლთა მხიარულმან ვუმასპინძლე ამოდ, დურად; სმასა ზედა უმიზეზოდ გავჴე რამე უგემურად; რა შემატყუეს, გაიყარა, სხდომილ იყუნეს რაცა პურად, მარტო დავრჩი, სევდა რამე შემომექცა გულსა მურად.

1161. “უკმოვახვენ სარკმელნი და შევაქციე პირი ზღვასა, ვიხედვიდი, ვიქარვებდი კაეშნისა ჩემგან ზრდასა; შორს ამიჩნდა ცოტა რამე, მოცურვიდა შიგან ზღვასა, მფრინველად ვთქუი, ანუ მჴეცად, სხუას ვამგზავსე მემცა რასა!