ვეფხისტყაოსანი, 1926a წ.

1318. “შენ ორთა დამჴსენ გრძნეულთა, გამიადვილე ჭირები, აწ აქა სრულთა ქაჯთაგან ვარ ასრე დანამჭირები: ერთსა მცავს ერთი სამეფო, ბევრჯერ ათასი გმირები, ავად მომიჴდა თათბირი და ჩემი დანაპირები!

1319. “სხუად ამბავი აქაური მეტი რამცა მოგიწერე: ქაჯთა მეფე, არ მოსრულა, არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე, მაგრამ სპანი უთუალავნი მცვენ და მათი სიალფე რე, რასა ჰქუიან ძებნა ჩემი? არ ეგების, დაიჯერე!

1320. “ვინცა ღა ჩემი მძებნელი მოსრულა, ცუდ მაშვრალია, იჭირვის, იწვის, ენთების, ჩემი სწვავს ცეცხლებრ ალია, მაგრა მას ვნატრი, უნახავს მზე, ამად არ დამზრალია, უმისოდ ჩემი სიცოცხლე, ვაჲმე, რა დიდი ბრალია!

1321. “შენ ამბავი არ გიამბე, მაშინ ამად დაგიმალე, ვერ იტყოდა ენა ჩემი, თავი ჭირთა გავაკრძალე; გეხვეწები, საყუარელსა შემახვეწე, შემაბრალე, ნუ წამოვა ძებნად ჩემად, მიუწერე, შეცასთუალე.

1322. “მე რომ მჭირს, კმარის, ნუ მამკლავს ამისითავე სწორითა: მას მკვდარსა ვნახავ, მოვკუდები მე სიკუდილითა ორითა. ვერას ვინ მარგებს, დასტურად ვიცი, არ რამე ჭორითა, არ დაგმორჩილდეს, დამქოლე შავისა ქვისა ყორითა.

1323. “გეთქუა ნიშნისა გაგზავნა, აწ ესე განამჟღავნია, მისეულთავე რიდეთა ნაკვეთი გამიგზავნია; ესენი ჩემთჳს მის გამო ტურფანი სანახავნია, თუცა თუ ფერად ბედისა ჩემისა მგზავსად შავნია”.–

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყუარელსა თანა

1324. აწ საყუარელსა მიუწერ გულ ამოსკუნილი მტირალი, მისმანვე ცრემლმან დაუვსის, ვის ედებოდის ვის ალი! დაწერა წიგნი, მსმენელთა გულისა გასაგმირალი, ვარდი გააპის, გამოჩნდის მუნ ბროლი გამომჭვირვალი.

1325. –ჰე, ჩემო, ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები, ტანი კალმად მაქუს, კალამი ნაღველსა ამონაწები, მე გული შენი ქაღალდად გულსავე ჩემსა ვაწები, გულო, შავ-გულო, დაბმულხარ, ნუ აეჴსნები, აწ ები!

1326. ხედავცა, ჩემო, სოფელი რათა საქმეთა მქნელია? რაზომცა ნათობს სინათლე, ჩემთჳს ეგრეცა ბნელია. ბრძენნი იცნობენ, სწუნობენ მით, მათგან საწუნელია; უშენოდ ჩემი სიცოცხლე, ვაჲმე, რა დიდი ძნელია!

1327. ხედავ, ჩემო, ვით გაგუყარნა სოფელმან და ჟამმან კრულმან! ვეღარ გნახე საყუარელი მხიარული მხიარულმან, ნეტარ, რა ქნას უშენომან, გულმან, შენგან დალახვრულმან! გაგიცხადა დამალული გონებამან დაფარულმან.

1328. “შენმან მზემან, აქანამდის შენ ცოცხალ არ მეგონე; ჩემი მეთქუა: გარდასრულა სიცოცხლე და ყოვლი ღონე; აწ რა მესმა, შემოქმედი ვადიდე და ღმერთსა ვმონე, ჩემი ყველა აქანამდის ჭირი ლხინსა შევაწონე.

1329. “შენი სიცოცხლე მეყოფის ჩემად იმედად გულისად, გულისად ერთობ წყლულისა და ასრე დადაგულისად! მამიგონებდე, გაჳსოვდე მე შენჳს დაკარგული სად; ვზი მზრდელად სიყუარულისა მის შენგან დანერგულისად.

1330. “ სხუად, ჩემო, ჩემი ამბავი ჩემგან არ მოგეწერების: ენა დაშვრების, მოსმენით არვისგან დაიჯერების. ფატმან წამგვარა გრძნეულთა, ღმერთიმცა მას ეტერების! აწ კულა ქნა იგი სოფელმან, რაცა მას შეეფერების.

1331. “აწ სოფელმან უარესი ჭირი ჭირსა დამისართა, არ დასჯერდა ბედი ჩემი მათ პატიჟთა მრავალ-გვართა, კულაცა მიმცა შესაპყრობლად ქაჯთა, ძნელად საომართა; ბედმან გუიყო ყუელაკაი, ჩემო, რაცა დაგუემართა!

1332. “ციხეს ვზი ეზომ მაღალსა, თუალნი ძლივ გარდასწვდებიან, გზა გუირაბითა შემოვა, მცველნი მაზედან დგებიან, დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დასცდებიან, მათთა შემბმელთა დაჰჴოცენ, მართ ცეცხლად მოედებიან.

1333. “ნუთუ ესენი გეგონნენ სხუათა მებრძოლთა წესითა?! ნურცა მე მამკლავ ჭირითა, ამისგან უარესითა; შენ მკუვდარსა გნახავ, დავიწვი, ვითა აბედი კვესითა; მოგშორდი, დამთმე გულითა, კლდისაცა უმაგრესითა!

1334. “შენ, საყუარელო, ნუ სჭმუნავ ჭმუნვითა ამისთანითა; ჩემი სთქუა, სხუათა მიხუდაო იგი ალვისა ტანითა. არამ სიცოცხლე უშენოდ ვარ აქამდისცა ნანითა; ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ, ანუ მოვიკლავ დანითა.

1335. “შენმან მზემან, უშენოსა არვის მიხუდეს მთუარე შენი, შენმან მზემან, ვერვის მიხუდეს, მოცავიდენ სამნი მზენი! აქა თავსა გარდავიქცევ, ახლოს მახლვას დიდნი კლდენი, სული ჩემი შეივედრე, ზეცით მამხუდენ ნუთუ ფრთენი.

1336. “ღმერთსა შემვედრე, ნუთუ კულა დამჴსნას სოფლისა შრომასა, ცეცხლსა, წყალსა და მიწასა, აერთა თანა ძრომასა; მომცნეს ფრთენი და ავფრინდე, მივხუდე მას ჩემსა ნდომასა, დღისით და ღამით ვხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა.