ვეფხისტყაოსანი 1712, 1939 წ.

1133. ვით გიამბო საკვირველი: მე გლახ მისი ყოფა ქცევა჻ დღე და ღამე გაუწყვედლად: ტირილი და ცრემლთა ფრქვევა჻ შევეხვეწი დადუმდიო: წამ ერთ ჰქონდის ჩემი თნევა჻ აწ უმისოდ ვით ცოცხალ ვარ: ჰაი ჩემთვის ვაგლახ მე ვა჻

1134. შინა შევიდი მას წინა: ედგის ცრემლისა გუბები჻ შიგან მელნისა მორევსა: ეყრდნის გიშრის შუბები჻ ნილოსის ტბათათ იღვრების: სავსე სათისა რუბები჻ შუა ძოწსა და აყიყსა: ჭვირს მარგალიტი ტყუბები჻

1135. ჟამი ვერ ვპოვე კითხვისა: ნიადაგ ცრემლთა ღვრისაგან჻ თუმცა მეკითხა ვინა ხარ: ეგრე გასრული რისაგან჻ მჩქეფრად სისხლისა ნაკადი: მოსდის ალვისა ხისაგან჻ მას ჴორციელი არ გასძლებს: სხვა კიდეგანი ქვისაგან჻

1136. არად უნდის საბურავი: არცა წოლა საგებლითა჻ მიწყივ იყჳს რიდითა და: მით ერთითა ყაბაჩითა჻ მკლავი მისი სასთაუნალად: მიიდვის და მიწვის მითა჻ ძლივ ვაჭამი ცოტა რამე: ათასითა შეხვეწითა჻

1137. სხვა გიამბო საკვირველი: რიდისა და ყაბაჩისა჻ ვარ მნახავი ყოვლისავე: უცხოსა და ძვირ ფასისა჻ მაგრა მისი არა ვიცი: ქნილი იყო რაგვარისა჻ სილბო ჰქონდა ნაქსოვისა: და სიმტკიცე ნაჭედისა჻

1138. მან ტურფამან სახლსა ჩემსა: ეგრე დაყო ხანი დიდი჻ ვერ გავანდევ ქმარსა ჩემსა: შესმენისა მქონდა რიდი჻ ვთქჳ თუ უთხრობ ვიცი დარბაზს: გამამჟღავნებს ისი ფლიდი჻ ესე მეყო საგონებლად: კვლავ შევიდი კვლავ გავიდი჻

1139. ვთქვი თუ არ უთხრა რა უყო: ჩემგან რა მოეგვარების჻ არცა რა ვიცი რა უნდა: რა ვისგან მოეხმარების჻ ქმარი რა მიგრძნობს მოცამკლავს: ვეღარა მომეფარების჻ ვითა დავმალო ნათელი: ვინ მზესა დაედარების჻

1140. მე გლახ მარტომან რა უყო: მიმატებს ცეცხლთა დებასა჻ მო და გავანდო ნუ შევალ: უსენის შეცოდებასა჻ არ გამამჟღავნოს ვაფიცო: თუ მამცემს იმედობასა჻ სულსა ვერ წასწყმედს ვერა იქს: ფიცისა გაცუდებასა჻

1141. მიველ მარტო ქმარსა ჩემსა: ველაღობე ველაციცე჻ მერმე უთხარ გითხრობ რასმე: მაგრა პირველ შემომფიცე჻ არვის უთხრა სულიერსა: საფიცარი მამეც მტკიცე჻ ფიცი ფიცა საშინელი: თავიცაო კლდეთა ვიცე჻

1142. რაცა მითხრა სიკვდილამდის: არვის უთხრა სულიერსა჻ არა ბერსა არა ყმასა: მოყვარესა არცა მტერსა჻ მერე უთხარ ყუელაკაი: უსენს კაცსა ლმობიერსა჻ მოდი მომყევ აქა სადმე: მო გიჩვენებ მზისა ფერსა჻

1143. ადგა ამყვა და წავედით: შევლენით კარნი სრისანი჻ უსენ გაჰკჳრდა გაცაჰკრთა: რა შუქნი ნახნა მზისანი჻ თქვა რა მიჩვენე რა ვნახე: რანია ნეტარ რისანი჻ თუ ჴორციელი არისმცა: თვალნიმცა მრისხვენ ღ~თისანი჻

1144. ვთქჳ თუ არცა რა მე ვიცი: ამისი ჴორციელობა჻ რაცა არ გითხარ მის მეტი: მაქვს არა მეცნიერობა჻ მე და შენ ვჰკითხოთ ვინ არის: ვისგან სჭირს ისი ხელობა჻ ნუთუ რა გვითხრას ვეაჯნეთ: ქნას დიდი ლმობიერობა჻

1145. მივედით გვქონდა ორთავე: კრძალვა მისისა კრძალისა჻ ვჰკადრეთ თუ მზეო სახმილი: გვედების შენგან ალისა჻ გჳთხარ რა არის წამალი: მთვარისა შუქ ნამკრთალისა჻ რას შეუქნიხარ ზაფრანად: შენ ფერად მზგავსი ლალისა჻

1146. რაცა ვჰკითხეთ არა ვიცით: ესმა ანუ არ ისმენდა჻ ვარდი ერთგან შეეწება: მარგალიტსა არ აჩენდა჻ გველნი მოშლით მოეკეცნეს: ბაღი შეღმა შერაშენდა჻ მზე ვეშაპსა დაებნელა: ზედა რამცა გაგვითენდა჻

1147. ვერა დავყარეთ პასუხი: ჩვენ საუბრითა ჩვენითა჻ ვეფხი ავაზა პირ ქუშად: ზის წყრომა ვერ უგრძენითა჻ კვლაცა ვაწყინეთ ატირდა: მჩქეფრად ცრემლისა დენითა჻ არა ვიციო მიმიშვით: ეს ოდენ გვითხრა ენითა჻

1148. დავსხედით და მის თანავე: ვიტირეთ და ცრემლი ვლამეთ჻ რაცა გვეთქვა შევინანეთ: სხვამცა რაღა შევიწამეთ჻ ძლივ ვიაჯეთ დადუმება: დავადუმეთ დავაამეთ჻ ჩვენ მივართვით ხილი რამე: მაგრა ვერა ვერ ვაჭამეთ჻

1149. უსენ იტყვის ბევრ ათასნი: ჭირნი ამან ამიხოცნეს჻ ესე ღაწვნი მზისად კმამან: კაცთაგანმცა ვით იკოცნეს჻ უმართლეა ვერა მჭვრეტელმან: თუ პატიჟნი იასოცნეს჻ მე თუ შვილნი მირჩევნიან: ღ~თნ იგი დამიჴოცნეს჻

1150. მას უჭვრიტეთ დიდი ხანი: წამოვედით სულთქმით ახით჻ შეყრა გვიჩნდა სიხარულად: გაყრა დიდად ვივაგლახით჻ ვაჭრობისა საქმისაგან: მოვიცალით იგი ვნახით჻ გული ჩვენი გაუშვებლად: დაეტყვევნეს მისით მახით჻

უსენისაგან გამჟღავნება ნესტან დარეჯანისა მეფის წინაშე჻

1151. რა გამოჰჴდა ხანი რამე: გამოვიდა ღამე დღენი჻ უსენ მითხრა არ მინახავს: ძოღანდიდგან მეფე ჩვენი჻ მივაზირებ წავალ ვნახავ: უდარბაზო უძღვნა ძღვენი჻ მოვახსენე დია ღ~თო: ბრძანებაა ეგე თქვენი჻