ვეფხისტყაოსანი 1712, 1939 წ.

1192. მის მთვარისა სადაობა: კვლა გიამბო საქმე კულაცი჻ აწ უწინა ესე გითხრა: რას მექადდა ისი კაცი჻ მე გლახ ვიყავ მისი ნეზვი: იგი იყო ჩემი ვაცი჻ კაცსა დასურის უგულობა: და დიაცსა ბოზი ნაცი჻

1193. მით არ ვჯერ ვარ ქმარსა ჩემსა: მჭლე არის და თვალად ნასი჻ ისი კაცი ჩაშნაგირი: დარბაზს იყო მეტად ხასი჻ ჩვენ გვიყვარდა ერთმანერთი: არ მაცვია თუცა ფლასი჻ ნეტარძი ვინ სისხლი მისი: შემახვრიტა ერთი თასი჻

1194. ესე ამბავი მასთანა: ვთქჳ დიაცურად ჴელურად჻ ჩემსავე მოსლვა მის მზისა: და გაპარება მელურად჻ გამჟღავნებასა მექადდა: არ მოყვარულად მტერულად჻ აწ ისრე მკვდარსა ვიგონებ: იშ თავი ვიჴსენ მე სრულად჻

1195. დამექადის რაზომჯერცა: წავიკიდნით თავის წინა჻ ოდეს მეჴმე არ მეგონა: მე იმისი ყოფა შინა჻ მოსრულ იყო მოსლვა ეთქუა: შენცა მოხველ შემეშინა჻ ამად გკადრე ნუ მოხვალო: მოგაგებე მონა წინა჻

1196. აღარ დაბრუნდით მოხვედით: შუქნი თქუენ ჩემთვის არენით჻ შეიყარენით ორნივე: ჩემზედან დაიჯარენით჻ ამად შევშინდი ღონენი: ვეღარა მოვაგვარენით჻ იმას გლახ ჩემი სიკუდილი: გულითა სწადდა არ ენით჻

1197. თუმცა ისი არ მოგეკლა: მისრულიყო დარბაზს მითა჻ შემასმენდა ჯავრიანი: გული ედვა ცეცხლებრ წვითა჻ მეფე მწყრალი გარდასწმენდდა: სახლსა ჩემსა გარდაგვითა჻ შვილთა ღ~თო დამაჭმევდა: დამქოლვიდა მერმე ქვითა჻

1198. მუქაფა ღ~თნ შემოგზღოს: მადლსა გკადრებდე მე რასა჻ რომელმან დამხსენ მშვიდობით: ამა გველისა მზერასა჻ აწ ამას იქით ვნატრიდე: ჩემსა ეტლსა და წერასა჻ აღარ ვიშიშვი სიკვდილისა: ჰაი ჰაი ჩავიჭერ რასა჻

1199. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის: წიგნსაცა აგრე სწერია჻ მოყუარე მტერი ყოვლისა: მტრისაგანც უფრო მტერია჻ არ მიენდობის გულითა: თუ კაცი მეცნიერია჻ ნუღარ იშიშვი იმისგან: აწ იგი მკუდართა ფერია჻

1200. იგივე მითხარ მას აქათ: ქალი გაგზავნე შენ ოდეს჻ რაცაღა გეცნას ამბავი: ანუ რა მისი გსმენოდეს჻ კვლავ იტყჳს ფატმან ტირილით: კულავ თვალთა ცრემლი სდენოდეს჻ წაჴდესო შუქი რომელი: მზისაებრ ველთა ჰფენოდეს჻

ამბავი ნესტან დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა ფატმანისაგან მბობა ავთანდილთანა჻

1201. ვაი საწუთროო სიცრუვით: თავი სატანას ადარე჻ შენი ვერავინ ვერა ცნას: შენი სიმუხთლე სად არე჻ პირი მზისაებრ საჩინო: სად უჩინო ჰყავ სად არე჻ მით ვხედავ ბოლოდ სოფელსა: ოჴრად ჩანს ყოვლი სადარე჻

1202. ფატმან იტყჳს მამეშორა: მზე მნათობი სრულად ჴმელთა჻ სიცოცხლე და სულდგმულობა: მონაგები ჩემთა ჴელთა჻ მას უკანით გაუწყვეტლად: დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა჻ ვერ გავაჴმე წყარო ცრემლთა: თვალთა ჩემთა გარდმომღვრელთა჻

1203. სახლი და შვილნი მამძულდა: ვჯდი უგულოსა გულითა჻ მას ვიგონებდი მღვიძარე: რა მიმეძინის ლულითა჻ უსენ გამტეხი ფიცისა: მიჩნს უსჯულოთა სჯულითა჻ ვერ მიმიახლოს საახლოდ: კრულმან პირითა კრულითა჻

1204. დღესა ერთსა საღამო ჟამ: ჩასლვა იყო ოდენ მზისა჻ წავდეგ წინა დარიჯაგთა: კარი მიჩნდა ხანაგისა჻ ვიგონებდი სევდა მკვლიდა: მისისავე გონებისა჻ ვთქჳ კრულია ზენაარი: ყოვლისამცა მამაცისა჻

1205. მოვიდა სითმე ღარიბი: მონა მოყუსითა სამითა჻ მონა მონურად მოსილი: სხვანი მგზავრულად ხამითა჻ სასმელ საჭმელი მოიღეს: ქალაქს ნასყიდი დრამითა჻ სმიდეს სჭამდეს და უბნობდეს: სხდეს მხიარულნი ამითა჻

1206. მე უყურებდი უჭურეტდი: თქუეს ამოდ გავიხარენით჻ მაგრა ჩვენ აქა მოყუასნი: უცხონი შევიყარენით჻ არცა რა ვიცით ვინ ვინა: ანუ სით მოვიარენით჻ ჴამს ერთმანერთსა ამბავი: ჩვენიცა უთხრათ ბარ ენით჻

1207. მათ სხვათა მათი ამბავი: თქუეს ვითა მგზავრთა წესია჻ მონამან უთხრა ჱე ძმანო: განგება რამე ზესია჻ მე მარგალიტსა მოგიმკი: თქუენ ქურიმა დაგითესია჻ ჩემი ამბავი ამბავთა: თქვენთაგან უკეთესია჻

1208. მე ვარო მონა მეფისა: მაღლისა ქაჯთა მფლობლისა჻ მათ მიხვდა ცემა სენისა: მათისა დამამჴობლისა჻ მოგვიკუდა შემწე ქურივისა: შემწყნარებელი ობლისა჻ აწ შვილთა მისთა და მისი: ზრდის უმჯობესად მშობლისა჻

1209. დულარდუხტ არის დიაცი: მაგრა კლდე ვითა ლოდია჻ ვისცა არ დაჰკოდს ყმა მისი: ვერავის დაუკოდია჻ მას უსხენ წვრილნი ძმის წულნი: როსან და ერთი როდია჻ აწ იგი ქაჯეთს ჴელმწიფედ: ქვე ზის მორჭმული წოდია჻

1210. გვესმა ამბავი ზღვათ იქით: სიკუდილი დისა მათისა჻ შეიჭირვებდეს ვეზირნი: დაშალეს ქნა ხალვათისა჻ ვითა ვჰკადროთო დავსება: პირისა ჴმელთა მნათისა჻ როშაქ მონაა თავადი: მონისა ბევრ ათასისა჻