ვეფხისტყაოსანი 1712, 1939 წ.

1251. შენ გიცი კარგი მოყვარე: ერთგული მისანდობელი჻ მათ უის ერთი ასული: მზე ჴმელთა მანათობელი჻ იგია ჩემი დამწველი: და ჩემი დამადნობელი჻ მან გამამგზავნა დავაგდე: პატრონი მათი მშობელი჻

1252. რომე შენ ქალი გყოლია: მე ძებნად მისვე ქალისად჻ მივლია ყოვლი ქვეყანა: მის მზისა მონაცვალისად჻ მისთვის გაჭრილი მინახავს: წევს ლომი ფერ ნამკრთალი სად჻ გამცუდებელად თავისად: მის გულისა და ძალისად჻

1253. ავთანდილ ფატმანს ყოველი: უთხრა ამბავი თავისა჻ ამბავი ტარიელისგან: შემოსვა ვეფხის ტყავისა჻ უბრძანა შენ ხარ წამალი: ჯერ შენგანუნახავისა჻ ღონე წამწმისა ჴშირისა: ყორნის ფრთებრ ნაფუშავისა჻

1254. მოდი და ფატმან მეწიე: ვეცადნეთ მისა რგებასა჻ უშველოთ იგი მნათობნი: ნუთუ მიეცნენ შვებასა჻ ვინცა სცნობს კაცი ყველანი: ჩვენსა დაიწყებს ქებასა჻ ნუთუ კულავ მიხვდენ მიჯნურნი: ერთმანერთისა ხლებასა჻

1255. მომგვარე ქაჯეთს გავგზავნოთ: იგივე მონა გრძნეული჻ ქალსა ვაცნობოთ ყველაი: ამბავი ჩვენგან ცნეული჻ მანცა გვაცნობოს მართალი: ვქჰნათ მისი გამორჩეული჻ ღ~თმან ქნას ქაჯთა სამეფო: მოგესმას ჩვენგან ძლეული჻

1256. ფატმან თქვა ღ~თსა დიდება: საქმენი მომხვდეს მორანი჻ დღეს რომე მესმნეს ამბავი: უკვდავებისა სწორანი჻ მოგვარა მონა გრძნეული: შავი მართ ვითა ყორანი჻ უბრძანა ქაჯეთს გაგგზავნი: წა გზანი გისხენ შორანი჻

1257. აწ გამოჩნდების სახმრობა: ჩემი შენისა გრძნებისა჻ ფიცხლად დამივსო საჴმილი: შენ ჩემთა ცეცხლთა დებისა჻ მას მზესა ჰკადრე მიზეზი: მისისა განკურნებისა჻ მან უთხრა ხვალე მოგართვა: ყოვლი ამბავი ნებისა჻

წიგნი ფატმანისა ნესტან დარეჯანის წინაშე მიწერილი჻

1258. ფატმან სწერს აჰა მნათობო: სოფლისა მზეო ზენაო჻ შენთა შორს მყოფთა ყოველთა: დამწველო ამაზრზენაო჻ სიტყვა მჭევრო და წყლიანო: ტურფაო ლამაზ ენაო჻ ბროლო და ლალო ორივე: კულავ ერთგან შენათხზენაო჻

1259. თუცა თუ შენი ამბავი: შენ არა მომასმენიე჻ მე ეგრეცა ვსცან მართალი: მით გულსა მოვალხენიე჻ შენთვის ჴელქმნილსა ტარიელს: ამბითა მოალხენიე჻ ორნივე მიხუდეთ წადილსა: იგი ვარდობდეს შენ იე჻

1260. მოსრულა შენად საძებრად: მისი ძმად შეფიცებული჻ ავთანდილ მოყმე არაბი: არაბეთს შიგან ქებული჻ სპასპეტი როსტენ მეფისა: ვერვისგან დაწუნებული჻ შენ სწერდი შენსა ამბავსა: ლაღი ბრძნად გაგონებული჻

1261. ჩვენ ამისთვის ესე მონა: გამოვგზავნეთ თქუენსა წინა჻ ვცნათ ამბავი ქაჯეთისა: მოსრულანცა ქაჯნი შინა჻ მანდაურთა მეომართა: ანგარიში წვრილად გვინა჻ ვინ არიან მცველნი შენნი: ან თავადი მათი ვინა჻

1262. რაცა იცი მანდაური: მოგვიწერე გაამჟღავნე჻ მერმე შენსა საყუარელსა: ნიშანი რა გაუგზავნე჻ შენი ყუელა აქამდისი: ჭირი ლხინსა გაათავნე჻ ღ~თსა უნდეს მოყუარენი: შესაფერნი შეგაზავნე჻

1263. წადი უსტარო ისწრაფე: თუ მუჴლი გქონდეს მალები჻ დაგნატრი მიხვალ დაგხვდების: ბროლი სათი და ლალები჻ ბედად შენ მჯობხარ უსტარო: გნახვენ დამწველის თვალები჻ შენს უკან ჩემი სიცოცხლე: თუ გესმის არ გებრალები჻

1264. ფატმან მისცა დაწერილი: მას გრძნეულსა ჴელოვანსა჻ ესე წიგნი მიართვიო: ქალსა მზისა დასაგვანსა჻ მან გრძეულმან მოლი რამე: წამოისხა ზედა ტანსა჻ მასვე წამსა გარდიკარგა: გარდაფრინდა ბანის ბანსა჻

1265. წავიდა ვითა ისარი: კაცისა მშვილდ ფიცხელისა჻ რა ქაჯეთს შეჰჴდა ქმნილ იყო: ოდენ ბინდ ბანდი ბნელისა჻ უჩინლად შევლო სიმრავლე: მოყმისა კართა მცველისა჻ მას მზესა ჰკადრა სალამი: მისისა სასურველისა჻

1266. ციხისა კარნი დახშულნი: შევლნა მართ ვითა ღიანი჻ შევიდა ზანგი პირ შავი: თმა გრძელი ტან ნაბდიანი჻ იგი მზე დაჰკრთა ეგონა: სამოსი რამე ზიანი჻ შესცვალა ვარდი ზაფრანად: ლაჟვარდის ფერად იანი჻

1267. ქაჯმან უთხრა ვინ გგონივარ: ანუ აგრე რად დაბნდები჻ მე ვარ მონა ფატმანისა: თქუენს წინაშე ნამგზავრები჻ ამა წიგნმან გამამართლოს: არ ტყუვილად გეუბნები჻ მზისა შუქნი მოიცადე: ვარდო ადრე ნუ დასჭნები჻

1268. პირ მზე გაჰკვირდა ფატმანის: ამბითა საკჳრველითა჻ ნუშნი გააპნა შეიძრნეს: სათნი გიშრისა წნელითა჻ მას იგი წიგნი მონამან: მისცა თავისა ჴელითა჻ სულთქვამს იკითხავს უსტარსა: ალტობს ცრემლითა ცხელითა჻

1269. მონასა ჰკითხა მიამბე: ვინ არის ჩემი მძებნელი჻ ანუ ვინ მიცის ცოცხალი: მიწასა ზედან მტკეპნელი჻ მან მოახსენა ვიკადრებ: რასაც ოდენ ვარ მცნებელი჻ რა წამოსრულ ხარ მას აქეთ: შენგან ჩვენია მზე ბნელი჻