ვეფხისტყაოსანი, 1891 წ.

1263. ქაჯმან უთხრა: “ვინ გგონივარ, ანუ აგრე რად დაბნდები? მე ვარ მონა ფატმანისა, თქვენს წინაშე ნამგზავრები; ამა წიგნმან გამამართლოს, არ ტყუილად გეუბნები, მზისა შუქნი მოიცადენ, ვარდო, ადრე ნუ დასჭკნდები!”

1264. პირ-მზე გაკვირდა ფატმანის ამბითა საკვირველითა, ნუშნი გააპნა, შეიძრნეს სათნი გიშრისა წნელითა. მან იგი წიგნი მონამან მისცა თავისა ხელითა; სულ–ჰთქვამს, იკითხავს, უსტარსა ალტობს ცრემლითა ცხელითა.

1265. მონასა ჰკითხა: “მიამბე, ვინ არის ჩემი მძებნელი? ანუ ვინ მიცის ცოცხალი, მიწასა ზედა მტკეპნელი?” მან მოახსენა: “ვიკადრებ, რასაც ოდენ ვარ მცნებელი, რა წამოსულხარ, მას აქეთ შენგან ჩვენია მზე ბნელი.

1266. “ფატმანის გული მას აქათ ლახვართა შენახევია; მას რომე ცრემლი სდენია, ზღვათაცა შენართევია; მე ერთხელ შენი ამბავი მისთვის კვლავ მიმირთმევია, ღმერთსა ვიმოწმებ, მას აქათ ტირილი არ დაჰლევია.

1267. “აწ ვინმე მოყმე მოვიდა შვენიერითა პირითა, მან უთხრა წვრილად ყველაი, თქვენ ხართ რითაცა ჭირითა. იგია შენი მძებნელი მკლავითა, ვითა გმირითა, მე გამომგზავნეს, დამვედრეს სწრაფა სწრაფითა ხშირითა”.

1268. ქალმან უთხრა: “მემართლების, ყმაო, შენი ნაუბარი! ფატმან ჩემი რა იცოდა, ვიყავ ვისი წანაგვარი? უღონიოდ არის სადმე ჩემი ცეცხლთა მომდებარი, მე მივუწერ, შენცა ჰკადრე, ვარ ვითამცა გულ-მდუღარი”.

წიგნი ნესტან - დარეჯანისა ფატმანთან მიწერილი.

1269. პირ-მზე სწერს: “აჰა, ხათუნო, დედისა მჯობო დედაო! მისგან ტყვე-ქმნილსა სოფელმან რა მიყო, ამას ხედაო? მე, გლახ, მათ ჩემთა პატიჟთა სხვაცა დამერთო ზედაო, აწ ვნახე შენი უსტარი, მე დიდად მეიმედაო.

1270. “შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა, გამიადვილე ჭირები, აწ აქა სრულთა ქაჯთაგან ვარ ასრე დანამჭირები: ერთსა მცავს ერთი სამეფო, ბევრჯელ ათასი გმირები, ავად მომიხდა თათბირი და ჩემი დანაპირები!

1271. “სხვად ამბავი აქაური მეტი რამცა მოგიწერე: ქაჯთა მეფე, არ მოსულა, არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე, მაგრამ სპანი უთვალავნი მცვენ და მათი სიალფერე, რასა ჰქვიან ძებნა ჩემი, არ ეგების, დაიჯერე!

1272. “ვინცაღა ჩემი მძებნელი მოსულა, ცუდ–მაშვრალია, იჭირვის, იწვის, ენთების, ჩემი სწვავს ცეცხლებრ ალია; მაგრა მას ვჰნატრი, უჰნახავს მზე, ამად არ დამზრალია, უმისოდ ჩემი სიცოცხლე, ვაჰმე, რა დიდი ბრალია!

1273. “შენ ამბავი არ გიამბე, მაშინ ამად დაგიმალე, ვერ იტყოდა ენა ჩემი, თავი ჭირთა გავაკრძალე; გეაჯები, საყვარელსა შემახვეწე, შემაბრალე, ნუ წამოვა ძებნად ჩემად, მიუწერე, შეცასთვალე.

1274. “მე რომ მჭირს, კმარის, ნუ მომკლავს ამისითავე სწორითა: მას მკვდარსა ვჰნახავ, მოვკვდები მე სიკვდილითა ორითა. ვერას ვინ მარგებს, დასტურად ვიცი, არ რამე ჭორითა, არ დაგმორჩილდეს, დამქოლე შავისა ქვისა ყორითა!

1275. “გეთქვა ნიშნისა გაჰგზავნა, აწ ესე განამჟღავნია, მისეულთავე რიდეთა ნაკვეთი გამიგზავნია; ესენი ჩემთვის მის გამო ტურფანი საჰნახავნია, თუცა თუ ფერად ბედისა ჩემისა მსგავსად შავნია”.

წიგნი ნესტან - დარეჯანისა საყვარელსა წინაშე მიწერილი.

1276. აწ საყვარელსა მიუწერს გულ-ამოსკვნილი მტირალი მისმანვე ცრემლმან დაუვსის ვის ედებოდა ვის ალი! დასწერა წიგნი, მსმენელთა გულისა გასაგმირალი, ვარდი გააპის, გამოჩნდის მუნ ბროლი გამომჭვირვალი

1277. “ჰე, ჩემო, ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები, ტანი კალმად მაქვს, კალამი ნაღველსა ამონაწები, მე გული შენი ქაღალდად გულსავე ჩემსა ვაწები, გულო, შავ-გულო, დაბმულხარ, ნუ აეხსნები, აწ ები!

1278. “ხედავცა, ჩემო, სოფელი რათა საქმეთა მქმნელია! რაზომცა ნათობს სინათლე, ჩემთვის ეგრეცა ბნელია. ბრძენნი იცნობენ, სწუნობენ მით, მათგან საწუნელია; უშენოდ ჩემი სიცოცხლე, ვამე, რა დიდი ძნელია.

1279. “ჰხედავ, ჩემო, ვით გაგვყარნა სოფელმან და ჟამმან კრულმან, ვეღარ გნახე საყვარელი მხიარული მხიარულმან, ნეტარ რა ქმნას უშენომან გულმან, შენგან დალახვრულმან, გაგიცხადა დამალული გონებამან დაფარულმან.

1280. “შენმან მზემან, აქანამდის შენ ცოცხალ არ მეგონე; ჩემი მესთქვა, გარდასრულდა სიცოცხლე და ყოვლი ღონე; აწ რა მესმა, შემოქმედი ვადიდე და ღმერთსა ვჰმონე, ჩემი ყველა აქანამდის ჭირი ლხინსა შევაწონე.