ვეფხისტყაოსანი, 1890 წ.

1051. ზღვა გაიარა ავთანდილ, მივა ტანითა მჭევრითა. ჰნახეს ქალაქი, მოცული გარე ბაღისა ტევრითა, გვარად უცხონი ყვავილნი, ფერითა ბევრის-ბევრითა, მის ქვეყანისა სიტურფე რა გაგაგონო შენ რითა!

1052. მათ ბაღთა პირსა დააბეს ნავი საბლითა სამითა; ავთანდილ ტანსა ჯუბანი ჩაიცვნა, დასჯდა სკამითა; მოასხნეს კაცნი მზიდავნი, დამიზდებულნი დრამითა; იგი ყმა ვაჭრობს, თავადობს და თავსა მალავს ამითა.

1053. მოვიდა მისი მებაღე, ბაღსა ეახლნეს რომელსა. მას ყმასა უჭვრეტს შეფრფინვით პირსა, ელვათა მკრთომელსა, ავთანდილ უხმო, ეუბნა კაცსა არ სიტყვა მცთომელსა: “ვისნი ხართ, ვინ ხართ, რა ჰქვიან მეფესა აქა მჯდომელსა?

1054. “წვრილად მითხარ ყველაკაი”, ყმა მას კაცსა ეუბნების, “რა ლარია უფრო ძვირად, ან იეფად რა იხსნების?” ჰკადრა: “ვხედავ პირსა თქვენსა, მზისა პირად მემეცნების; რაცა ვიცი, მართლად გკადრებ, მრუდი არა არ გემცნების.

1055. “ესეა ზღვათა სამეფო თვისა ათისა სავლითა, თვით გულანშაროს ქალაქი, სავსე ტურფითა მრავლითა; აქ მოდის ტურფა ყველაი ნავითა ზღვა-ზღვა მავლითა; მელიქ სურხავი ხელმწიფობს, სრული სვითა და დავლითა.

1056. “აქა მოსლვითა გაყმდების, კაციმცა იყო ბერები: სმა, გახარება, თამაში, ნიადაგ არს სიმღერები, ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს ყვავილი ფერად-ფერები. ვინცა გვიცნობენ, გვნატრიან, იგიცა, ვინა მტერები.

1057. “დიდ-ვაჭარნი სარგებელსა ამის მეტსა ვერ ჰპოვებენ: იყიდიან, გაჰყიდიან, მოიგებენ, წააგებენ; გლახა თვე ერთ გამდიდრდების, სავაჭროთა ყოვლგნით ჰკრებენ; უქონელნი წელიწდამდის საქონელსა დაიდებენ.

1058. “მე ვარ მებაღე უსენის, ვაჭართა უხუცესისა; ესეცა გკადრო ამბავი, საქმე მისისა წესისა; თვით ესე ბაღი მისია, სადგომი თქვენი დღესისა; პირველ მას ჰმართებს ჩვენება ყოვლისა უტურფესისა.

1059. “რა შემოვლენ დიდ-ვაჭარნი, მას ნახვენ და ძღვენსა სძღვნიან, უჩვენებენ, რაცა ჰქონდეს სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან, უტურფესსა სეფედ დასხმენ, ფასსა მუნვე დაუთვლიან; მათ მაშინვე ააზატებს, ვითა სწადდეს, დაჰყიდიან.

1060. “თქვენებრთა საპატიოთა მას ჰმართებს გამოსვენება; დამყენებელთა უბრძანებს, ჰმართებდეს ვის დაყენება. აწ იგი აქა არ არის, რას მარგებს მისი ხსენება; გამოგება და წაყვანა მას ჰმართებს, თქვენი ქენება.

1061. “ფატმან ხათუნ შინა არის, ხათუნი და ცოლი მისი, პურად კარგი მასპინძელი, მხიარული, არ თუ მქისი; მას ვაცნობო მოსლვა თქვენი, წაგიყვანოს ვითა თვისი; წინა კაცსა მოგაგებებს, ქალაქს შეხვალ ნათლივ დღისი”.

1062. ავთანდილ უთხრა: “წადიო, აგრე ქმენ, რაცა გწადიან”. მებაღე მირბის, იხარებს, ოფლი მკერდამდის ჩასდიან. ხათუნსა უთხრა ამბავი: “მე ესე დამიქადიან, ყმა მოვა, მისთა მჭვრეტელთა შუქნი მზედ გაიცადიან.

1063. “ვაჭარი ვინმე პატრონი არს ქარავნისა დიდისა, საროსა მზგავსი ნაზარდი და მთვარე დღისა შვიდისა; ჰშვენის ჯუბა და მოხვევა ძოწეულისა რიდისა. მიმიხმო, მკითხა ამბავი და ნირი ლართა სყიდისა”.

1064. ფატმან ხათუნს გაეხარნეს, გააგება მონა ათი, მოუკაზმნა ქარვასრანი, დააყენა ბარგი მათი; შემოვიდა ღაწვი-ვარდი, ბროლ-ბადახში, მინა, სათი; მისთა მჭვრეტთა დაუსახეს ვეფხსა ტოტი, ლომსა – თათი.

1065. ზარი გახდა, შემოკრბეს ქალაქისა ერნი სრულად, იქით აქათ იჯრებოდეს: – “ვუჭვრიტოთო ამა სრულად”; ზოგნი ნდომით შეჰფრფინვიდეს, ზოგნი იყვნეს სულ-წასულად; მათთა ცოლთა მოიძულვეს, ქმარნი დარჩეს გაბასრულად.

XXX. მისვლა ავთანდილისა ფატმანისას ფატმანის მიერ მიგებება და სიხარული.

1066. ფატმან, ცოლი უსენისი, გაეგება კართა წინა, მხიარულად უსალამა, სიხარული დაიჩინა; ერთმანერთი მოიკითხეს, შევიდეს და დასხდეს შინა; ფატმან ხათუნს მოსლვა მისი, შევითვატყევ, არ ეწყინა.

1067. ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე, არ ყმაწვილი, მაგრა მზმელი, ნაკვთად კარგი, შავ-გრემანი, პირ-მსუქანი, არ-პირხმელი, მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული, ღვინის-მსმელი, დია ედვა სასალუქო დასაბურავ-ჩასაცმელი.

1068. მას ღამესა ფატმან ხათუნ უმასპინძლა მეტად კარგა. ყმამან უძღვნა ძღვენი ტურფა, მიმღებელთა სთქვეს თუ: “ვარგა”. ფატმანს მისი მასპინძლობა უღირს, ღმერთო, არ დაკარგა; ჰსვეს და ჭამეს, დასაწოლად ყმა გავიდა ღამით გარგა.

1069. დილასა ლარი ყველაი უჩვენა, გაახსნევინა, ტურფანი სეფედ გარდასხნა, ფასიცა დაათვლევინა, ვაჭართა უთხრა: “წაიღეთ”, აჰკიდა, გააწევინა; “თქვენ ვითა გინდა, ვაჭრობდით, ნუ გამამჟღავნებთ, მე ვინა”.