ვეფხისტყაოსანი, 1890 წ.

1165. მან მითხრა: დაო, ნუ გიკვირს, ეგე რაზომცა ძნელია, ბედი უბედო ჩემზედა მიწყივ ავისა მქნელია. კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია! სხვა და სხვა ჭირი ჩემზედა არ ახალია, ძველია”.

1166. “თვალთათ, ვითა მარგალიტი გარდმოჰყარა ცრემლი ხშირი; ადგა ასე გულ-უშიშრად, ვეფხი იყო, ანუ გმირი, ლხინი ლხინად არად უჩნდა, მართ აგრევე ჭირად ჭირი, მთხოვა, გარე აჯიღითა მოიბურა ტანი, პირი.

1167. “შეველ საჭურჭლეს, რომელსა ფასი არ დაედებოდა, თვალ-მარგალიტი ავიღე, რაც ოდენ ამეღებოდა, თვითო და თვითო თვითოსა ქალაქსა ეფასებოდა, მივე, მას წელთა შევარტყი, შავ-გული ვისთვის კვდებოდა.

1168. “ვარქვი: “ჩემო, განღა სადმე გეხმარების ესე გვარი”. მათ მონათა ხელთა მივეც იგი პირი მზისა დარი. ცნა მეფემან, მოეგება, ჰკრეს ტაბლაკსა, გახდა ზარი, იგი მივა თავ-მოდრეკით წყნარი, არას მოუბარი.

1169. “ზედა მოატყდა მჭვრეტელი, გახდა ზათქი და ზარები; ვერ იჭირვებდეს სარანგნი, მუნ იყო არ სიწყნარები. იგი რა ნახა მეფემან, საროსა მზგავსი ნარები, გაკრთომით უთხრა: “ჰე, მზეო, აქა ვით მოიგვარები?”

1170. “ვით მზემან, მისნი მჭვრეტელნი შექმნნა თვალისა მფახველად; მეფემან ბრძანა: “გამხადა ნახული მე უნახველად; ღმრთისაგან კიდე ვინ იყო კაცი ამისად მსახველად! ჰმართებს ამისსა მიჯნურსა, ხელი თუ რბოდეს ახ ველად!”

1171. “გვერდსა დაისვა, ეუბნა ტკბილითა საუბარითა; “მითხარო, ვინ ხარ, ვისი ხარ, მოსრული ვისთა გვარითა?” მან არა გასცა პასუხი პირითა, მზისა დარითა; თავ-მოდრეკილი დაღრეჯით ქვე ჰზის ცნობითა წყნარითა.

1172. “არ ისმენდა მეფისასა, რასა გინდა უბრძანებდა; სხვაგან იყო გუ მისი, სხვასა რასმე იგონებდა; ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აღებდა, მჭვრეტნი მისნი გააკვირვნა, რასამცა ვინ იაზრებდა!

1173. “მეფე ბრძანებს: “რა შევიგნათ, გული ჩვენი რით იხსნების? ამა ორთა კიდეგანთა აზრი არა არ იქმნების: ან ვისიმე მიჯნურია, სიყვარული ეგონების, მისგან კიდე არვისად ჰსცალს, აღარცა ვის ეუბნების.

1174. “ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი, არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედა-ზედი; ვით ზღაპარი, ასრე ესმის უბედობა, თუნდა ბედი, სხვაგან არის, სხვაგან ფრინავს, გონება უც, ვითა ტრედი.

1175. “ღმერთმან ქმნას, შინა მოვიდეს ძე ჩემი გამარჯვებული, მე დავახვედრო ესე მზე და მისთვის დამზადებული; მან ათქმევინოს ნუთუ რა, ჩვენცა ვცნათ გაცხადებული, მუნამდის მთვარე შუქ-კრთომით ჯდეს, მზისა მოშორვებული”.

1176. “ხელმწიფისა შვილსა გითხრობ კარგსა ყმასა, გულოვანსა, უებროსა ზნედ და თვალად, შვენიერსა პირსა, ტანსა; მაშინ ლაშქარს წასრულ იყო, მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა; მამა მისთვის ამზადებდა მას, მნათობთა დასაგვანსა.

1177. “მოიღეს, ტანსა ჩააცვეს შესამოსელი ქალისა, მას ზედა შუქი მრავალი ჩნდა მნათობისა თვალისა, დაადგეს თავსა გვირგვინი ერთობილისა ლალისა; მუნ ვარდსა ფერი აშვენებს ბროლისა გამჭვირვალისა.

1178. “მეფემან ბრძანა: “მოჰკაზმეთ საწოლი უფლის-წულისა”. დაუდგეს ტახტი ოქროსა, წითლისა მაღრიბულისა; ადგა თვით დიდი ხელმწიფე, პატრონი სრისა სრულისა, მას ზედა დაჰსვა იგი მზე, ლხინი მჭვრეტელთა გულისა.

1179. “უბრძანა ცხრათა ხადუმთა დადგომა მცველად კარისად; ხელმწიფე დასჯდა ნადიმად, მსგავსად მათისა გვარისად; უბოძა უსენს უზომო მუქფად მის მზისა დარისად, სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა მოსამატებლად ზარისად.

1180. “გააგრძელეს ნადიმობა, სმა შეიქმნა მეტად გრძელი, ქალი პირ-მზე ბედსა ეტყვის: “რა ბედი მიც ჩემი მკლველი! სადაური სად მოსულ ვარ, ვის მივჰხვდები, ვისთვის ხელი, რა ვქმნა, რა ვყო, რა მერგების, სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი!”

1181. “კვლავცა იტყვის: “ნუ დავაჭნობ შვენებასა ვარდთა ფერსა; ვეცადო რას, ნუთუ ღმერთმან მომარიოს ჩემსა მტერსა; სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა? რა მისჭირდეს, მაშინ უნდან გონებანი გონიერსა!”

1182. “ხადუმნი უხმნა, უბრძანა: “ისმინეთ, მოდით ცნობასა! მოღორებულხართ, დამცთარხართ თქვენ ჩემსა პატრონობასა, დამცთარა თქვენი პატრონი, ჩემსა თუ ჰლამის სძლობასა, ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა ცუდად გლახ იცემს ნობასა.

1183. “არ ვარგვარ თქვენად დედოფლად, ჩემი გზა კიდეგანია; მაშოროს ღმერთმან მამაცი, პირად მზე, სარო ტანია! სხვასა რას მნუკევთ საქმესა, ჩემნი საქმენი სხვანია, თქვენ თანა ჩემი სიცოცხლე არ ჩემი შესაგვანია!

1184. “უცილოდ თავსა მოვიკლავ, გულსა დავიცემ დანასა, თქვენ დაგხოცს თქვენი პატრონი, სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა; ესე სჯობს, მოგცე საჭურჭლე, მძიმე მარტყია ტანასა, მე გამაპარეთ, გამიშვით, თვარა დავიწყებთ ნანასა”.