ვეფხისტყაოსანი, 1890 წ.

1013. “აქა მათ ზანგთა მონათა მზე მოიყვანეს ნავითა, კბილ-თეთრი, ბაგე-ბადახში, სახედავითა შავითა; ცხენი გავქუსლე, გავაგე წაგვრა ხრმლითა და მკლავითა, შორს მჰნახეს, ადრე გამექცეს, ნავი მფრინველე ჩნდა ვითა”.

1014. მოეხვივნეს ერთმანერთსა, გაამრავლნეს ცრემლთა ღვრანი, აკოცეს და გაუახლდეს მათ ორთავე მათნი წვანი, გაიყარნეს გაუყრელნი ძმად-ფიცნი და ვითა ძმანი, ფრიდონ დადგა, ყმა წავიდა, შემხედველთა მკვლელი ტანი.

XXVIII. წასლვა ავთანდილისა ფრიდონიდამ ნესტან დარეჯანის საძებრად.

1015. ყმა მიმავალი მიუბნობს, მზგავსი მთვარისა სრულისა, – არს თინათინის გონება მისად სალხენად გულისა; იტყვის: “მოგშორდი,ჲსიცრუვე, ვა, საწუთროსა კრულისა! შენ გაქვს წამალი ჩემისა მამრთელებელი წყლულისა.

1016. “რად სიცხე გულსა ნიადაგ მწვავს გმირსა სამს ალებისა; რად გული კლდისა ტინისა შემქმნია სამ სალებისა! არ შეუძლია ლახვარსა დაჩენა სამსა ლებისა, შენ ხარ მიზეზი სოფლისა ასრე გასამსალებისა”.

1017. ავთანდილ მარტო ზღვის პირსა მივა ოთხითა მონითა, წამალსა ტარიელისსა ეძებს ყოვლითა ღონითა, დღისით და ღამით მტირალი იღვრების ცრემლთა ფონითა, ჩალად უჩნს ყოვლი ქვეყანა, მისვე ჩალისა წონითა.

1018. სადაცა ნახნის, ეუბნის, მგზავრნი ზღვის პირსა რებულნი, ჰკითხის მის მზისა ამბავი; დღენი ვლნა გაასებულნი. ქედსა გარდადგეს, აქლემნი აუჩნდეს ლარ-კიდებულნი. მოქარავნენი ზღვის პირსა დაყრით დგეს დაყმუნებულნი.

1019. მუნ ქარავანი ურიცხვი იდგა მის ზღვისა კიდესა. შეიჭირვებდეს, ჭმუნვიდეს, ვერცა დგეს, ვერცა ვლიდესა. ყმამან სალამი უბრძანა, — ქებასა შეასხმიდესა, ჰკითხა თუ: “ ვაჭარნო თუ ვინ ხართ?” მათ საუბარი ჰკიდესა.

1020. უსამ იყო ქარავნისა უხუცესი, კაცი ბრძენი. მოახსენა ხოტბა სრული, დალოცა და უქნა ზნენი. ჰკადრეს: “ხმელთა სინათლეო, შენ ამოხვე ჩვენი მლხენი, ჩამოჰხე და მოგახსენოთ ამბავი და საქმე ჩვენი”.

1021. გარდაჰხდა. ჰკადრეს: “ჩვენ ვართო მობაღდადენი ვაჭარნი, მაჰმადის სჯულის მჭირავნი, აროდეს გვისვამს მაჭარნი, ზღვათა მეფისა ქალაქსა სავაჭროდ გარდმონაჭარნი, საქონელ-სრულნი, მდიდარნი, არ ლარნი გვაქვან ნაჭარნი.

1022. “ჩვენ აქა ვპოვეთ ზღვის პირსა კაცი უსულოდ მდებარე; ვუშველეთ, ენა მოეცა სიტყვისა გამომგებარე; ვჰკითხეთ თუ “ვინ ხარ, ღარიბო, რასა საქმისა მძებარე?” გვითხრა: “თუ შეხვალთ, დაგხოცენ; კიდე ცოცხალვარ მე ბარე?!”

1023. “სთქვა: “ქარავანი ეგვიპტით გამოვემართეთ ერითა, ზღვასა შეველდით ტვირთულნი ლარითა მრავალ-ფერითა, მუნ მეკობრეთა დაგვხოცეს ძელის სახნისის წვერითა, ყველაი წახდა, არ ვიცი, აქა მოსრულვარ მე რითა!”

1024. “ლომო და მზეო, ესეა მიზეზი აქა დგომისა, დაბრუნვებითა გვეცემის ზიანი არ-საზომისა; შევიდეთ, ვა თუ დაგვხოცნენ, ძალი არა გვაქვს ომისა, ვერცა ვდგათ, ვერცა წასრულვართ, ღონე წაგვსლვია რჩომისა”.

1025. ყმამან უთხრა: “ვინცა ჭმუნავს, ცუდია და ცუდად ცდების; რაცა მოვა საქმე ზენა, მომავალი არ აგვცთების; მე მივინდობ სისხლთა თქვენთა, შემოვისხამ, დაცაგვწვთების, ვინცა გებრძვის, ხრმალი ჩემი მბრძოლთა თქვენთა დააცვდების”.

1026. მოქარავნენი აივსნეს სიხარულითა დიდითა; სთქვეს: “ყმა ვინმეა ჭაბუკი, არა ჩვენებრვე რიდითა; აქვს თავისაგან იმედი, ვიყვნეთ გულითა მშვიდითა”. შევიდეს, ჩასხდეს ხომალდსა, გაჰმართეს ზღვისა კიდითა.

1027. სიამოვნისა დარითა იარეს, არ სიძნელითა. მათი ბადრაგა ავთანდილ უძღვის გულითა ქველითა. გამოჩნდა ნავი მეკობრე დროშითა მეტად გრძელითა, მას ნავსა ნავთა სალეწლად სახნისი ჰგია ძელითა.

1028. ჰკიოდეს და მოდიოდეს, იზახდეს და ბუკსა ჰკრესა; შეუშინდა ქარავანი მათ ლაშქართა სიდიდესა; ყმამან უთხრა: “ნუ იშიშვით თქვენ იმათსა სიალფესა, ანუ დავხოც იმ ყველასა, ან სიკვდილი ჩემი დღეს ა.

1029. “უგანგებოდ ვერას მიზმენ, შეცამებნენ ხმელთა სპანი; განგებაა, არ დავრჩები, ლახვარნია ჩემთვის მზანი, ვერ მიხსნიან ვერ ციხენი, ვერ მოყვასნი, ვერცა ძმანი, – ვინცა იცის ესე ასრე, ჩემებრვეა გულოვანი.

1030. “თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი, შორს ისრითა არ დაგხოცნენ, ჩაიხშენით თანა კარნი; მარტო მნახეთ, ვით შეველბა, ვით ვიხმარნე ლომნი მკლავნი, მეკობრისა ნავისანი, სისხლნი ნახნეთ მონაღვარნი”.

1031. ჩაიცვა ტანსა აბჯარი ქცევითა ვეფხებრ მკრჩხალითა, მას ხელთა კეტი რკინისა ჰქონდა ხელითა ცალითა, ნავისა თავსა გულითა წადგა შიშ-შეუვალითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა, მტერნი დახოცნა ხრმალითა.