ვეფხისტყაოსანი, 1890 წ.

973. ფრიდონ მონა გამოგზავნა: “წა, ნახენო ისი სპანი, რა ქმნეს, ალყა რად დაშალეს, სად წადიან ვითა ბრმანი?” მონა ფიცხლა მოყგება, ნახა სარო, მორჩი ტანი, დადგა, თვალნი გაურეტდეს, დაავიწყდეს სიტყვის თქმანი.

974. ავთანდილ ცნა, თუ: “ისია მოამბედ ჩემად რებული. ,, წა, ჰკადრე შენსა პატრონსა ეს ჩემი დავედრებული: ვარ უცხო ვინმე ღარიბი, საყოფთა მოშორვებული, ძმად-ფიცი ტარიელისი, თქვენს წინა მომგზავრებული”.

975. მონა წავიდა ფრიდონის თხრობად ამბისა მისისად, უთხრა: “მზე ვნახე მოსრული, ჰსჩანს მანათობლად დღისისად; ვაზრობ, იგიცა დაშმაგდენ, თუ ბრძენთა ნახონ ისი სად, – “ვარ ძმაო ტარიელისი შეყრად ფრიდონის მქისისად”.

976. რა “ტარიელ” მოისმინა, ფრიდონს ჭირი უსუბუქდა, თვალთათ ცრემლნი გარდმოსცვივდეს, გული უფრო აუჩუქდა, მონაქროლმან ვარდი დაზრა, წამწამთაგან ბუქი ბუქდა; შეიყვარნეს, ერთმანერთი მათგან იქო, არ გაუქდა.

977. ფიცხლავ ჩავლო იგი ქედი , ჩაეგება ფრიდონ წინა; რა შეჰხედნა, მან ესე სთქვა: “თუ არ მზეო, ისი ვინ ა?” მას ჰმეტობდა, რაცა ქება მონისაგან მოესმინა; ერთმანერთსა გარდაუხდეს, ლხინმან ცრემლი აფრქევევინა.

978. მოეხვივნეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დარიდონ; თვით უსახოდ ფრიდონს ყმა და მოეწონა ყმასა ფრიდონ; რა მჭვრეტელთა იგი ნახონ, მზე მათთანა გააფლიდონ, – მომკლად, ბაზარს სხვა მათებრი ივაჭრონ რა ანუ ჰყიდონ.

979. ფრიდონისებრნი მოყმენი ვინმცა ვინა ვინ ეგებიან! მაგრა მას ახლვან ქებანი, მართ მეტი არ მიხვდებიან; მზე უჩინო იქმს მნათობთა, რა ახლოს შეიყრებიან, დღისით ვერ ნათობს სანთელი და ღამით შუქნი ჰკრთებიან.

980. ცხენთა შესხდეს, გაემართნეს, ფრიდონისსა მივლენ სრასა; დაიშალა ნადირობა, მოეშალნეს მხეცთა სრვასა; ავთანდილის ჭვრეტად სპანი იქი-აქათ იქმან ჯრასა, სთქვეს: “ასეთი ხორიცელი შეუქმნია, ნეტარ, რასა!”

981. ყმა ფრიდონს ეტყვის: “ისწრაფვი, ვიცი, ამბისა თხრობასა, გიამბო, ვინ ვარ, სით მოვალ, ვინათგან ჰლამი ცნობასა, ანუ სით ვიცნობ ტარიელს, ანუ რად ვიტყვი ძმობასა, – იგი ძმად მიხმობს, ძმა ხარო, თუცა ძლივ ღირს ვარ ყმობასა.

982. “მე ვარ ყმა როსტან მეფისა, მოყმე არაბეთს ზრდილობით, დიდი სპასპეტი, სახელად მიხმობენ ავთანდილობით, ძე დიდებულთა დიდ-გვართა, ზრდილი მეფეთა შვილობით, საკრძალავი და უკადრი, მყოფი არვისგან ცილობით.

983. “დღესა ერთსა მეფე შესჯდა, ნადირობას გამოვიდა; მინდორს ვნახეთ ტარიელ, ცრემლთა ჰღვრიდა, ველთა რწყვიდა, გაგვიკვირდა, გვეუცხოვა, ვაწვიეთ და არ მოვიდა, ჩვენ გვეწყინა, არ ვიცოდით, მას თუ ცეცხლი რაგვარ სწვიდა.

984. “მეფემან სპანი შეპყრობად შეუზახნა და წყრებოდა; მან უჭირველად დახოცნა, ომი არ მისჭირდებოდა, ზოგსა მხარ-თეძო დაჰლეწნა და ზოგსა სული ჰხდებოდა; მუნღა ცნეს, ეტლი მთვარისა რომე არ დაბრუნდებოდა.

985. “მათ სპათაგან ვერ-შეპყრობა ცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა, თვით შესხდეს და შეუტიეს ამაყთა და არას მკრთალთა. რა ტარიელ მეფე იცნა, მუნღა დაჰკრთა მათთა ხრმალთა. ცხენსა მისცნა სადავენი, დაგვეკარგა წინა თვალთა.

986. “ვძებნეთ და კვალი ვერ ვპოვეთ, დავსწამეთ ეშმაურობა. მეფე დაჭმუნდა, დაშალა სმა, ნადიმობა, პურობა. მე ვეღარ გავსძელ მისისა ამბისა არ-დასტურობა, გამოვიპარე საძებრად: მწვიდა ცეცხლი და მურობა.

987. “იგი ვძებნე წელსა სამსა, არ ვიამე არცა ძილი. მათ მასწავლეს, ხატაველნი ვნახენ მისგან დაკოდილი; ვპოვე ვარდი მოყვითანო, შუქ-მკრთალი და ფერ-მიხდილი, შემიტკბო და შემიყვარა, ვითა ძმა და ვითა შვილი.

988. “ქვაბნი წაუხმან დევთათვის, სრულად გამესისხლებია; მუნ ასმათ ახლავს მარტოსა, სხვა არვინ უახლებია; მას მუდამ ძველი ცეცხლი სწვავს, არ ახად არ ახლებია, – ვაჲ ჰმართებს მისსა გაყრილსა, შავი ხლა თავსა ჰხლებია.

989. “ქალი მარტო ქვაბსა შიგან ჰზის მტირალი, ცრემლ-ნაწთომი; ყმა ნადირსა უნადირებს, ლომის ლეკვსა ვითა ლომი, მიართვამს და იმით არჩენს იგი, ერთგან ვერ-დამდგომი, მისგან კიდე საჰნახავად არა უნდა კაცთა ტომი.

990. “მე უცხოს უცხო მანატრა მოსმენა სანატრელისა; მითხრა ამბავი მისი და მისისა სასურველისა. რა ჭირნი დასთმნა, ვერ იტყვის აწ ენა ესე ხელისა, ჰკლავს სურვილი და ვერ-ჭვრეტა მისისა დამმარხველისა.

991. “ვითა მთვარე, დაუდგრომლად იარების, არ დადგების; მასვე ცხენსა შენეულსა ჰზის, აროდეს გარდახდების; არას ნახავს პირ-მეტყველსა, ვით ნადირი კაცთა ჰკრთების. ვაჲ მე, მისსა მგონებელსა, ვაჲ მას, ვინცა მისთვის კვდების!

992. “მის ყმისა ცეცხლი მედების, ვტირი ცრემლითა ცხელითა, შემებრალნეს და გავშმაგდი, გავხე გულითა ხელითა, მომინდა მისთა წამალთა ძებნა ზღვითა და ხმელითა, შევიქეც ვნახენ მეფენი, მყოფნი გულითა ბნელითა.