ვეფხისტყაოსანი, 1890 წ.

1185. “შემოიხსნა მარგალიტი, შემოერტყა რაცა თვალი, მოიხადა გვირგვინიცა გამჭვირვალი, ერთობ ლალი; მისცა, უთხრა: “გამომიღეთ, გეაჯები გულ-მხურვალი, მე გამიშვით, ღმერთსა თქვენსა მიავალეთ დიდი ვალი”.

1186. “მონათა მიხვდა სიხარბე მის საჭურჭლისა ძვირისა, დაჰვიწყდა შიში მეფისა, ვითა ერთისა გზირისა, გამოპარება დაასკვნეს მის უებროსა პირისა, – ნახე, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა!

1187. “რა, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა, დღე სიკვდილამდის სიხარბე შეაქნევს კბილთა ღრჭენასა: შეჰსდის და გაჰსდის, აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა, კვლავ აქა სულსა დაუბამს, დაუშლის აღმაფრენასა.

1188. “რა ხადუმთა აუსრულეს საქმე მისი საწადელი, ერთმან ტანსა აიხადა, მისცა მისი ჩასაცმელი, სხვანი კარნი გამოარნეს, იჯრებოდა დარბაზს მსმელი, დარჩა მთვარე გავსებული, გველისაგან ჩაუნთქმელი.

1189. “მონანიცა გარდიხვეწნეს, გაიპარნეს მასვე თანა. ქალმან კარსა დამირეკა, ფატმანობა ჩემი ბრძანა. გავე, ვიცან, მოვეხვიე, გამიკვირდა, მეცა განა! შინა ყოლა არ შემომყვა: “რად მაწვეო?” შემანანა.

1190. “მიბრძანა: “თავი ვიყიდე მოცემულითა შენითა; მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს მოწყალებითა ზენითა! ვეღარ დამმალავ, გამიშვი, ფიცხლად გამგზავნე ცხენითა, ვირემდის ცნობდეს ხელმწიფე, კაცსა მომწევდეს რბენითა”.

1191. “შეველ ფიცხლად საჯინიბოს, ავხსენ ცხენი უკეთესი, შევუკაზმე, ზედა შევსვი მხიარული, არ მოკვნესი. ჰგვანდა, ოდეს ლომსა შეჯდეს მზე, მნათობთა უკეთესი, წახდა ჩემი ჭირნახული; ვერ მოვიმკი, რაცა ვსთესი.

1192. “დღე მიიყარა, ხმა გაჰხდა, მოვიდა მისი მდევარი, მოიცვეს შიგა ქალაქი, შეიქმნა მოსაწევარი; მე მკითხეს, ვარქვი: “თუ ჰპოოთ მუნ სახლსა, სადა მე ვარი, მეფეთა ვიყო შემცოდე და მათთა სისხლთა მზღვევარი!”

1193. “მოჰნახეს, ვერა შეიგნეს, შეიქცეს დაწბილებულნი, მას აქათ იგლოვს ხელმწიფე და ყოვლნი მისნი ხლებულნი; დახედენ დარბაჰზის ერთა, შევლენ ის-ფრითა ღებულნი, მზე მოგვეშორვა, მას აქათ ჩვენ ვართ სინათლე-კლებულნი.

1194. “მის მთვარისა სადაობა კვლავ გიამბო, საქმე კვლავცი; აწ უწინა ესე გითხრა, რას მექადდა ისი კაცი: მე გლახ ვიყავ მისი ნეზვი, იგი იყო ჩემი ვაცი. კაცსა დასვრის უგულობა და დიაცსა ბოზი ნაცი.

1195. “მით არ ჯერ ვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თვალად ნასი. ისი კაცი ჭაშნაგირი დარბაზს იყო მეტად ხასი; ჩვენ გვიყვარდა ერთმანერთი, არ მაცვია თუცა ფლასი, ნეტარძი ვინ სისხლი მისი შემახვრიტა ერთი თასი!

1196. “ესე ამბავი მასთანა ვთქვი დიაცურად, ხელურად: ჩემსავე მოსლვა მის მზისა და გაპარება მელურად. გამჟღავნებასა მექადდა არ მოყვარულად, მტერულად, აწ ისრე მკვდარსა ვიგონებ, იშ, თავი ვიხსენ მე რულად.

1197. “დამექადდის, რაზომჯერცა წავიკიდნით თავის წინა. ოდეს მეხმე, არ მეგონა მე იმისი ყოფა შინა; მოსრულ იყო, მოსლვა ესთქვა შენცა მოხვე, შემეშინა, ამად გკადრე: “ნუ მოხვალო”, მოგაგებე მონა წინა.

1198. “აღარ დაბრუნდით, მოხვედით, შუქნი თქვენ ჩემთვის არენით; შეიყარენით ორნივე, ჩემ ზედა დაიჯარენით; ამად შევშინდი, ღონენი ვეღარა მოვაგვარენით, იმას, გლახ, ჩემი სიკვდილი გულითა სწადდა, არ ენით.

1199. “თუცა ისი არ მოგეკლა, მისრულიყო დარბაზს ვითა, შემასმენდა ჯავრიანი, გული ედვა ცეცხლებრ წვითა; მეფე მწყრალი გარდასწმედდა სახლსა ჩემსა გარდაგვითა, შვილთა, ღმერთო, დამაჭმევდა, დამქოლვიდა მერმე ქვითა!

1200. “მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს, – მადლსა გკადრებდე მე რასა, – რომელმან დამხსენ მშვიდობით იმა გველისა მზერასა! აწ ამას იქით ვნატრიდე ჩემსა ეტლსა და წერასა, აღარ ვიშიშვი სიკვდილისა, ჰაი, ჩავიჭერ მე რასა!”

1201. ავთანდილ უთხრა: “ნუგეშის, წიგნსაცა აგრე სწერია: მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია. არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია, ნუღარ იშიშვი იმისგან, აწ იგი მკვდართა ფერია.

1202. “იგივე მითხარ, მას აქათ, ქალი გაგგზავნე შენ ოდეს, რაცაღა გეცნას ამბავი, ანუ რა მისი გსმენოდეს”. კვლავ იტყვის ფატმან ტირილით, კვლავ თვალთა ცრემლი სდენოდეს: “ვა, წახდეს შუქნი, რომელნი მზისაებრ ველთა ჰფენოდეს!”

XXXVI. ამბავი ნესტან დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა ფატმანისაგან მბობა ავთანდილთან.

1203. ვაი, საწუთროო, სიცრუვით თავი სატანას ადარე, შენი ვერავინ ვერა ცნას, შენი სიმუხთლე სად არე; პირი მზისაებრ საჩინო სად უჩინო ჰყავ, სადარე? მით ვხედავ, ბოლოდ სოფელსა ოხრად ჰსჩანს ყოვლი, სად არე!