ვეფხისტყაოსანი, 1918 წ.

972. დღესა ერთსა მეფე შეჯდა, ნადირობას გამოვიდა; მინდორს ვნახეთ ტარიელ, ცრემლთა ღვრიდა, ველთა ჰრწყვიდა, გაგვიკვირდა, გვეუცხოვა, ვაწვიეთ და არ მოვიდა; ჩვენ გვეწყინა, არ ვიცოდით, მას თუ ცეცხლი რაგვარ სწვიდა.

973. მეფემან სპანი შეპყრობად შეუზახნა და სწყრებოდა; მან უჭირველად დახოცნა, ომი არ მისჭირდებოდა, ზოგსა მხარ-თეძო დაჰლეწნა და ზოგსა სული ჰხდებოდა; მუნღა ცნეს, ეტლი მთვარისა რომე არ დაბრუნდებოდა.

974. მათ სპათაგან ვერ-შეპყრობა ცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა, თვით შესხდეს და შეუტივეს ამაყთა და არას-მკრთალთა. რა ტარიელ მეფე იცნა მუნღა დაჰკრთა მათთა ხრმალთა. ცხენსა მისცნა სადავენი, დაგვეკარგა წინა თვალთა.

975. ვძებნეთ და კვალი ვერ ვპოვეთ, დავსწამეთ ეშმაურობა. მეფე დაჭმუნდა, დაშალა სმა, ნადიმობა, პურობა; მე ვერღა გავსძელ მისისა ამბისა არ-დასტურობა, გამოვიპარე საძებრად: მწვიდა ცეცხლი და მურობა.

976. იგი ვძებნე წელსა სამსა, არ ვიამე არცა ძილი. მათ მასწავლეს, ხატაელნი ვნახენ მისგან დაკოდილი; ვპოვე ვარდი მოყვითანო, შუქ-მკრთალი და ფერ-მიხდილი; შემიტკბო და შემიყვარა, ვითა ძმა და ვითა შვილი.

977. ქვაბნი წაუხმან დევთათვის, სრულად გამესისხლებია; მუნ ასმათ ახლავს მარტოსა, სხვა არვინ უახლებია; მას მუდამ ძველი ცეცხლი სწვავს, არ ახალად არ ახლებია; ვაჲ, მართებს მისსა გაყრილსა, შავი ხლა თავსა ჰხლებია.

978. ქალი მარტო ქვაბსა შინა სტირს მტირალი, ცრემლ-ნაწთომი; ყმა ნადირსა უნადირებს, ლომის ლეკვსა ვითა ლომი, მიართვამს და აგრე არჩენს იგი, ერთგან ვერ დამდგომი; მისგან კიდე სანახავად არა უნდა კაცთა ტომი.

979. მე უცხოს უცხო მანატრა მოსმენა სანატრელისა, მითხრა ამბავი მისი და მისისა სასურველისა. რა ჭირნი დასთმნა, ვერ იტყვის აწ ენა ესე ხელისა, ჰკლავს სურვილი და ვერ ნახვა მისისა დამმარხველისა.

980. ვითა მთვარე, დაუდგრომლად იარების, არ დადგების; მასვე ცხენსა შენეულსა ჰზის, აროდეს გარდახდების; არას ნახავს პირ-მეტყველსა, ვით ნადირი კაცთა ჰკრთების. ვაჲ მე, მისსა მგონებელსა, ვაჲ მას, ვინცა მისთვის ჰკვდების;

981. მის ყმისა ცეცხლი მედების, ვტირი ცრემლითა ცხელითა; შემებრალნეს და გავშმაგდი, გავხე გულითა ხელითა; მომინდა მისთა წამალთა ძებნა ზღვითა და ხმელითა, შევიქეც ვნახენ მეფენი, მყოფნი გულითა ბნელითა.

982. დავეთხოვე და გამიწყრა, მეფე მიეცა ჭმუნვასა. დავყარენ ჩემნი ლაშქარნი, მით იზახიან მუნ ვასა; გამოვეპარე, დავეხსენ სისხლისა ცრემლთა წურვასა; აწ ვეძებ მისთა წამალთა, ვიქმ იქით-აქეთ ბრუნვასა.

983. შენი მან მითხრა ამაბავი, მისგან ძმობისა შენისა, აწ მიპოვნიხარ უებრო შენ საქებელი ენისა; გამომირჩიე, სით მიჯობს ძებნა მის მზისა ზენისა, მისთა მჭვრეტელთა ლხინისა, ვერ-მჭვრეტთა ამაზრზენისა.

984. აწ ფრიდონ იწვის სიტყვითა მის ყმისა ნაუბარითა; ორნივე სწორად მოსთქმიდეს მოთქმითა საქებარითა, გულ-ამოსკვნილნი გულითა ტირან ვერ-დამთმობარითა, მუნ ვარდსა წყლითა ცხელითა რწყვენ ტევრთა საგუბარითა.

985. ლაშქართა შიგან შეიქმნა ხმა ტირილისა დიდისა, ზოგთაგან ხოკა პირისა, ზოგთაგან სრევა რიდისა. ფრიდონ ტირს, მოთქვამს ხმა-მაღლად, გაყრილი წლისა შვიდისა: “უხანობა და სიცრუვე, ვა, საწუთროსა ფლიდისა!”

986. ფრიდონ მოსთქვამს: “რა შეგასხათ, ვერ-საქებო, ვერ-სათქმელო! ხმელთა მზეო, სამყაროსა მზისა ეტლთა გარდამხმელო, მოახლეთა სალხინოო, სიცოცხლეო, სულთა მდგმელო, ცისა ეტლთა სინათლეო, დამწველო და დამანთქმელო!

987. “რა მოგეშორვე, მას აქათ სიცოცხლე მომძულვებია; თუცა შენ ჩემად არა გცალს, მე შენთვის მომსურვებია; შენ უჩემობა ლხინად გიჩს, მე დია მიმჭირვებია, ოხერ სიცოცხლე უშენოდ, სოფელი გამარმებია!”

988. ფრიდონ თქვნა ესე სიტყვანი მოთქმითა შვენიერითა; სული დაიღეს, დადუმდეს, მივლენ არ თურე მღერითა. ავთანდილ მჭვრეტთა აშვენებს ტურფითა აერ-ფერითა, მელნისა ტბათა მიჯარვით ჰბურავს გიშრისა ჭერითა.

989. ქალაქს შევიდეს, მუნ დახვდა სრა მოკაზმული სრულითა, სახელმწიფოთა ყოვლითა გასაგებლითა სრულითა; მონანი ტურფად მოსილნი წესითა იყვნეს რულითა! შეჰფრფინვიდიან ავთანდილს გულითა სულ-წასრულითა.

990. შევიდეს და დიდი შექმნეს ჯალაბობა, არ ხალვათი, იქით-აქათ დიდებულნი წარიგებით ათჯერ ათი; თვით ორნივე ერთგან დასხდეს; ვითა ვით თქვა ქება მათი! ბროლ-ბალახშსა აშვენებდა ზოგან მინა, ზოგან სათი.

991. დასხდეს, შეიქმნა პურობა, გაამრავლებდეს მახალსა, უმასპინძლებდეს ავთანდილს, ვითა მზახალი მზახალსა, მოიღებდიან ჭურჭელსა ტურფასა, ახალ-ახალსა, მაგრა მის ყმისა მჭვრეტელთა გული მიეცა, გლახ, ალსა.