ვეფხისტყაოსანი, 1918 წ.

1011. ჩვენ აქა ვპოვეთ ზღვის პირსა კაცი უსულოდ მდებარე, ვუშველეთ, ენა მოეცა სიტყვისა გამომგებარე, ვკითხეთ თუ “ვინ ხარ, ღარიბო, რასა საქმისა მძებარე?” გვითხრა: “თუ შეხვალთ, დაგხოცენ; კიდე ცოცხალვარ მე ბარე!”

1012. სთქვა: “ქარავანი ეგვიპტით გამოვემართეთ ერითა, ზღვასა შევედით ტვირთულნი ლარითა მრავალ-ფერითა, მუნ მეკობრეთა დაგვხოცნეს ძელის სახნისის წვერითა, ყველაი წახდა, არ ვიცი, აქა მოსრულვარ მე რითა!”

1013. “ლომო და მზეო, ესეა მიზეზი აქა დგომისა, დაბრუნვებითა გვეცემის ზიანი არ-საზომისა; შევიდეთ, ვა თუ დაგვხოცნენ, ძალი არა გვაქვს ომისა; ვერცა ვდგათ, ვერცა წასრულვართ, ღონე წაგვსლვია რჩომისა”.

1014. ყმამან უთხრა: “ვინცა ჭმუნავს, ცუდია და ცუდად ცდების; რაცა მოვა საქმე ზენა, მომავალი არ აგვცთების; – მე მივინდობ სისხლთა თქვენთა, შემოვისხამ, დაცაგწვთების; ვინცა გებრძვის, ხრმალი ჩემი მბრძოლთა თქვენთა დააცვდების.”

1015. მოქარავნენი აივსნეს სიხარულითა დიდითა, სთქვეს: “ყმა ვინმეა ჭაბუკი, არა ჩვენებრვე რიდითა; აქვს თავისაგან იმედი, ვიყვნეთ გულითა მშვიდითა”, შევიდეს, ჩასხდეს ხომალდსა, გაჰმართეს ზღვისა კიდითა.

1016. სიამოვნისა დარითა იარეს, არ სიძნელითა, მათი ბადრაგა ავთანდილ უძღვის გულითა ქველითა. გამოჩნდა ნავი მეკობრე დროშითა მეტად გრძელითა, მას ნავსა ნავთა სალეწლად სახნისი ჰგია ძელითა.

1017. ჰკიოდეს და მოდიოდეს, იზახდეს და ბუკსა ჰკრესა; შეუშინდა ქარავანი მათ ლაშქართა სიდიდესა; ყმამან უთხრა: “ნუ იშიშვით თქვენ იმათსა სიალფესა, ანუ დავხოც იმ ყველასა, ან სიკვდილი ჩემი დღესა.

1018. უგანგებოდ ვერას მიზმენ, შეცამებნენ ხმელთა სპანი; განგებაა, არ დავრჩები, ლახვარნია ჩემთვის მზანი; ვერ მიხსნიან ვერ ციხენი, ვერ მოყვასნი, ვერცა ძმანი, ვინცა იცის ესე ასრე, ჩემებრვეა გულოვანი.

1019. თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი, შორს ისრითა არ დაგხოცნენ, ჩაიხშენით თანა კარნი; მარტო მნახეთ, ვით შევება, ვით ვიხმარნე ლომნი მკლავნი! მეკობრისა ნავისანი, სისხლნი ნახნეთ მონაღვარნი”.

1020. ჩაიცვა ტანსა აბჯარი ქცევითა ვეფხებრ მკრჩხალითა. მას ხელთა კეტი რკინისა ჰქონდა ხელითა ცალითა; ნავისა თავსა გულითა წადგა შიშ-შეუვალითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა, მტერნი დახოცნა ხრმალითა.

1021. ჰკიოდეს იგი ლაშქარნი, ხმა მათი არ გაწყდებოდა, აძგერეს ძელი, რომელსა ზედა სახნისი ჰგებოდა; ყმა ნავის თავსა უშიშრად ქვე დგა, არ თურე კრთებოდა, კეტი ჰკრა, ძელი მოსტეხა; სხვით არათ არ მოსტყდებოდა.

1022. მათ ლაშქართა გულ-უშიშრად ასრე ხოცდა, ვითა თხასა; ზოგი ნავსა შეანარცხის, ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა; ერთმანერთსა შემოსტყორცის, რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა; დაკოდილნი მკვდართა შუა იმალვიან, მალვენ ხმასა.

1023. გაუმარჯვდა ომი მათი, ვითა სწადდა მისსა გულსა. ზოგთა ჰკადრეს ზენაარი: “ნუ დაგვხოცო, შენსა სჯულსა!” არ დახოცნა, დაიმონნა, დაჰრჩომოდა რაცა წყლულსა. მართლად იტყვის მოციქული: “შიში შეიქმს სიყვარულსა”.

1024. კაცო, ძალსა ნუ იქადი, ნუცა მოჰკვეხ ვითა მთრვალი, არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღრმთისა ძალი; დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაბერწკალი, ღმერთი გფარავს, სწორად გაჰკვეთს, შეშა ვის ჰკრა, თუნდა ხრმალი.

1025. მუნ ავთანდილ საჭურჭლენი მათეულნი დიდნი ნახნა, ნავი ნავსა შეატყუბა, ქარავანსა დაუზახნა. უსამ ნახა მხიარული, – გაეხარნეს, არ იახნა, ჰკადრა ხოტბა ქებად მისად, სასახავნი დიდნი სახნა.

1026. ავთანდილის მაქებელად ათასიცა ენა უნდა; ვერცა მათ თქვეს, ნაომრობა, როგორ ტურფად დაუშვენდა; ქარავანმან იზრიალა, თქვეს: “უფალო, მადლი შენდა! მზემან შუქნი შემოგვადგნა, ღამე ბნელი გაგვითენდა”.

1027. მოეგებნეს, აკოცებდეს თავსა, პირსა, ფერხთა, ხელსა; ჰკადრეს ქება უსაზომო მას ტურფასა საქებელსა: ვისი ჭვრეტა გააშმაგებს კაცსა ბრძენსა, ვითა ხელსა: “შენგან დავრჩით ჩვენ ყველანი ფათერაკსა ეზომ ძნელსა”.

1028. ყმამან უთხრა: “მადლი ღმერთსა, შემოქმედსა, არსთა მხადსა, ვისგან ძალნი ზეციერნი განაგებენ აქა ქმნადსა, იგი იქმენ ყველაკასა, იდუმალსა, ზოგსა ცხადსა, ხამს ყოვლისა დაჯერება, ბრძენი სჯერა მოწევნადსა.

1029. ღმერთმან სულსა ეგოდენსა თქვენ გათნია სისხლი თქვენი. მე, გლახ, რა ვარ? მიწა ცუდი, თავით ჩემით რამცა ვქმენი? აწ დავხოცენ მტერნი თქვენნი, გავასრულე, რაცა ვთქვენი; ნავი სავსე საქონლითა მიმიღია, ვითა ძღვენი”.

1030. ამოა, კარგსა მოყმესა რა ომი გამარჯვებოდეს, ამხანაგთათვის ეჯობნოს, ვინცა მას თანა-ხლებოდეს, მიულოცვიდენ, აქებდენ, მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს, შვენოდეს დაკოდილობა, ცოტაი რამე ვნებოდეს.