ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

954. ღ~თო ღ~თო მოწყალეო არვინ მივის შენგან კიდე შენგან ვითხოვ შეწევნასა რაზომსაცა გზასა ვლიდე მტერთა ძლევა ზღვათა ღელვა ღამით მავნე გამარიდე თუღა დავრჩე გმსახურებდე შენდა მსხვერპლსა შევსწირდე

955. რა ილოცა ცხენსა შეჯდა მალვით კარნი გაიარნა შერმადინცა დააბრუნა თუმცა ვამნი ადიადნა მონა სტირს და მკერდსა იცემს საბრალომან ცრემლი ღვარნა პატრონისა ვერა მჭვრეტმან ყმამან რამცა გაიხარნა

956. მოსთქვამს და იტყვის ვაი მზეო შენი ადგილი ჩრდილდები შენ მოგეშორე დაღამდა ჩემთვის აღარა დილდების მე მანდით მესვრის ისარი ერთიცა არ ამცილდების გამყარა ლხინა სოფელმან აწ თვალთა ცრემლი მილდების

957. აწ ამბავი სხვა დავიწყო ყმასა წავჰყვე წამავალსა არ შეექნა დარბაზობა მას დღეს როსტანს გულგამწყრალსა რა გათენდა ქუში ადგა ჰგავს თუ ადენს პირით ალსა ხმობა ბრძანა ვაზირისა მიიყვანდეს შიშით მკრძალსა

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა

958. რა ვაზირი მოწიწებით დარბაზს ნახა შემოსრული როსტან უთხრა არა მახსოვს გუშინდელი შენგან თქმული მაწყინე და გამარისხე ვერ დავიღე დიდხანს სული აზომ რომე გაგათრივე შენ ვაზირი გულისგული

959. თუ რად მახსოვს რად უნდოდა ისრე ავად რად გაგხადე მართლად უთქვამს მეცნიერთა წყენააო ჭირთა ბადე ესეგვარსა ნუ ოდის იქ საქმე ხოლე გაიცადე აწ მითხარ თუ რას იტყოდი თქვი და სიტყვა გააკვლადე

960. კვლა მოახსენა ვაზირმან სიტყვა ნაგუშინდელევი რა გაიგონა შესთვალა პასუხი არ ნაგრძელევი შენ თუ უშმაგო მგონიხარ ვარმცა ურია მე ლევი კვლა ამის მეტად ნუ მასმენ თვარა მე სრულად გელევი

961. რა გამოვიდა ვაზირმან ძებნა ვერ პოვა მინანი მართ გაპარვასა უთხრობდეს მონანი ცრემლთა მდინანი მან თქვა მე დარბაზს ვერ შევალ მახსოვან დღენი წინანი ვინცაღა კადრებს მან ჰკადროს რაცა ვთქვი მასცა ვინანი

962. რა ვაზირი არ შევიდა კვლა მეფემან კაცი გზავნის კაცმან ცნის და გარეთ დადგის წასლვა ვერვინ გაამჟღავნის როსტანს ეჭვი შეუვიდა ჭმუნვა ამით გაათავნის თქვა უცილოდ გაიპარა ვინ მარტომან ასთა ავნის

963. თავდადრეკით იგონებდა გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი უში ქმნა და აიხედნა უბრძანებდა მონას მიდი მოვიდეს და აწ მიამბოს შემოვიდეს იგი ფლიდი რა ვაზირი შემობრუნდა ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი

964. კვლა შევა დარბაზს ვაზირი დაღრეჯით არ მხიარულად მეფემან ჰკითხა წასულა მზე დაუდგრომლად მთვარულად მან მოახსენა ყოველი ვით წასრულიყო ფარულად მზე აღარ მზეობს ჩვეთანა დარი არ დარობს დარულად

965. რა მეფემან მოისმინა დაიზახნა მეტისმეტნი მოსთქვამს იტყვის ვაი გაზრდილო ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი პირსა მხოკით წვერსა გლეჯით გააკვირნა მისნი მჭვრეტნი სად წახე და სად დაჰკარგენ სინათლისა ეგე სვეტნი

966. გაზრდილო ცეცხლი მედების ლახვრით ვარ მე დახეული გაზრდილო ჩემთვის გამოჩნდა ჟამი მუხთალი წვეული გაზრდილო დიდით სევდითა ძლივღა ცოცხალვარ სნეული გაზრდილო ადრე მოვკვდები საბრალო დღე დალეული

967. თუ თავი შენი შენ გახლავს ღარიბად არ იხსენები მაგრა მე რა ვქნა გაზრდილო აწ სახლად მმართებს სენები გამაღარიბე დამაგდე გულსა გლახ ვისთვის ენები შენად შეყრამდის პატიჟთა ჩემთა ვერ იტყვის ენები

968. ოდეს გნახავ მხიარულსა ნადირობით შემოსრულსა ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა ტანსა მჭევრსა ჯავარსრულსა ვეღარ ვისმენ ხმასა შენსა სასმენელად მე მას რულსა აწ უშენოდ რა გლახ უყო საჯდომსა და სრასა სრულსა

969. ვიცი არ მოგკლავს შიმშილი რასომცა დია ირები შენ შენი მშვილდი დაგარჩენს შენთა ისართა პირები ნუთუ კვლა ღ~თნ წყალობით გაგიადვილოს ჭირები მაგრა თუ მოვკვდე გაზრდილო ვისგანღა დავიტირები

970. ზარი გაისმა შემოკრბა ჯარი მრავალი კაცისა დარბაზს ხასთაგან ჯარია ხელითა წვერთა ტაცისა იგლეჯს და იცემს ყველაი ხმა ისმის თავსა ტკაცისა თქვეს ბნელი გვმართებს დღეკრულთა რათგან მზე მიგვიდრკა ცისა

971. რა მეფემან დიდებულნი ნახნა სულთქმით შემოსტირნა უთხრა ხედავთ მზემან ჩვენმან შუქნი სრულად დაგვიძვირნა რა ვაწყინეთ რა შევსცოდეთ რად დაგვყარნა რად გაგვწირნა სპანი მისგან დაჭირულნი ვინმცაღა ვით დაგვიჭირნა

972. ყოვლნი ტიროდეს მოთქმიდეს მერმე დაწყნარდეს გვიანად მეფემან ბრძანა იკითხეთ მარტოა ანუ ყმიანად მოვიდა მონა შერმადინ მოშიშრედ სირცხვილიანად ანდერძი ჰკადრა ატირდა სიცოცხლე უჩნდა ზიანად