ვეფხისტყაოსანი, 1867 წ.

936. დილა გათენდა, შეჰსხდეს და მას ქალსა გაესალამნეს, ტარიელ, ასმათ, ავთანდილ თვალთაგან ცრემლნი ალამნეს; სამთავე ღაწვთა ალამნი არღავნის ფერად ალამნეს, და მათ ლომთა, მიწყივ მხეც ქმნილთა, თავნი მხეცთავე ალამნეს.

937. ქვაბი ჩავლეს და წავიდეს ზახილით ცრემლთა მდენანი, ასმათ სტირს, მოსთქვამს: “ჰე ლომნო, ვისნი ვით მოგთქმენ ენანი! მზემან დაგწვნა და დაგდაგნა ცისა მნათობნი ზენანი, და ვა ჭირნი ჩემნი ეზომნი, ვა სიცოცხლისა თმენანი!”

938. მათ ყმათა მუნით წასრულთა, იგი დღე ერთგან იარეს, ზღვის პირს მივიდეს, მუნ დადგეს, არ ხმელთა არე იარეს, არ გაიყარნეს მას ღამეს, კვლავ ცეცხლი გაიზიარეს, და ერთმან ერთისა შორს ყოფნა იტირეს, იმგლოვიარეს.

939. ტარიელს ეტყვის ავთანდილ: “რუ გახმა ცრემლთა დენისა! რად მოიშორვე შენ ფრიდონ, მომცემი მაგა ცხენისა? მუნით იცნობის ამბავი, ღონე მის მზისა მშვენისა, და აწ მე მუნ მივალ, მასწავლე გზა ძმად ფიცისა შენისა.”

940. ტარიელ სიტყვით ასწავლის მხარსა ფრიდონის გზისასა, მართ გააგონა, რაც ოდენ შეეძლო ძალსა თქმისასა: “აღმოსავლისკენ წადიო, პირსა იარე ზღვისასა, და თუ ჰნახო, ჩემი უამბე, გკითხავს ამბავსა ძმისასა.”

941. თხა მოჰკლეს და მიითრიეს, ცეცხლი შექმნეს ზღვისა პირსა, ჰსვეს და ჭამეს, რაცა ჭამა შეჰფეროდა მათსა ჭირსა; მას ღამესა ერთად იყვნეს, ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა, – და ვჰგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხვსა, ზოგჯერ ძვირსა.

942. ცისკრად ადგეს გასაყრელად, ერთმანერთსა მოეხვივნეს, მაშინ მათგან ნაუბარნი, დადნეს, ვინცა მოისმინეს; თვალთა, ვითა წყაროს თვალი ცრემლი ველთა მოადინეს, და დიდხანს იდგეს შეჭდობილნი, მკერდი მკერდსა შეარკინეს.

943. გაიყარნეს ტირილით პირსა ხოკით, თმათა გლეჯით, ერთი აღმა, ერთი ჩაღმა, უგზოდ მივლენ შამბთა ეჯით; ვირე უჩნდა ერთმან ერთი, იზახდიან პირსა ბღნეჯით; და იგი ნახნეს დაღრეჯილნი; მზე დაიღრეჯს მათის ღრეჯით.

XXV. წასლვა ავთანდილისაგან ფრიდონისას, მულღაზანზარს რომ შეეყარა.

944. ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა?! ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ სტირსა; სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა, და მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა!

945. ავთანდილ მისი გაყრილი სტირს, მისწვდომია ხმა ცათამდის; იტყვის:“თუ ღვარი სისხლისა კვლავცა მდენია, კვლავცა მდის; აწ აგრე გაყრა ძნელია, ვით მაშინ შეყრა დაცამდის, – და კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის”.

946. ველს მაშინ მხეცნი ძღებოდეს სისხლითა მუნ ნატირითა; ვერ დაივსებდა სახმილსა, იწვის ცეცხლითა ხშირითა; კვლავ თინათინის გონება ავსებს უფრორე ჭირითა, და ბაგეთათ ვარდსა ანათობს ბროლი ძოწისა ძირითა.

947. ვარდი ჭკნებოდა, ღვრებოდა, ალვისა შტო ირხეოდა; ბროლი და ლალი გათლილი ლაჟვარდად გარდიქცეოდა; გამაგრებოდა სიკვდილსა, ამისთვის არ უმხნეოდა, და იტყვის, თუ: “ბნელი რას მიკვირს, რადგან დაგაგდე, მზეოდა !”

948. მზესა ეტყვის: “მზეო, გიტყვი თინათინის ღაწვთა დარად, შენ მას ჰგავ და იგი შენ გგავს, თქვენ ანათობთ მთა და ბარად; ხელსა მალხენს ნახვა შენი, ამად გიჭვრეტ არ დამცთარად, და მაგრა ჩემი რად დააგდე გული ცივად, გაუმთბარად!

949. “თთვე ერთისა მოშორება მზისა ზამთრის გაგვამცივნებს, – მე გლახ ორნი დამიყრიან, გული ამად რად არ ივნებს; მაგრა კლდესა არა შესწონს, არაოდეს არ ატკივნებს, და წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს, გაჰკვეთს, ანუ გაამსივნებს”.

950. მიმავალი ცასა შეჰსტირს, ეუბნების, ეტყვის მზესა: “აჰა მზეო, გაიჯები შენ, უმძლესთა მძლეთა მძლესა, ვინ მდაბალთა გაამაღლებ, მეფობასა მისცემ, სვესა, და მე ნუ გამყრი საყვარელსა, ნუ შემიცვლი ღამედ დღესა.

951. “მო, ზუალო, მომიმატე ცრემლი ცრემლსა, ჭირი ჭირსა, გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა, შემოჰყარე კაეშანი ტვირთი მძიმე, ვითა ვირსა; და მას უთხარ, თუ: “ნუ გასწირავ, შენია და შენთვის სტირსა”.

952. “ჰე მუშთარო, გიაჯები შენ, მართალსა ბრჭესა, სრულსა. მო და უყავ სამართალი, გაებრჭობის გული გულსა! ნუ ამრუდებ უმართლესა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა, და მართალი ვარ, გამიკითხე! რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა!

953. “მოდი მარიხო, უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა, შეცამღებე და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა, მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი, მას გააგონენ ენითა, და როგორ გავსრულვარ, შენ იცი, გულია აღარ ლხენითა.

954. “მოდი, ასპიროზ, მაგრე რა, მან დამწვა ცეცხლთა დაგითა, ვინ მარგალიტსა გარეშე მოსცავს ძოწისა ბაგითა; შენ დააშვენებ კეკლუცთა დაშვენებითა მაგითა, და ვისმე, გლახ, ჩემებრ დააგდებ, გაჰხდი ცნობითა შმაგითა.”