ვეფხისტყაოსანი, 1867 წ.

955. “ოტარიდო, შენგან კიდე არვის მიგავს საქმე სხვასა, მზე ამბრუნვებს, არ გამიშვებს, შემიყრის და მიმცემს წვასა; დაჯე წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა, და კალმად გიკვეთ გაწლობილსა ტანსა,წვრილსა ვით ლერწამსა!

956. “მო, მთვარეო, შემიბრალე, ვილევი და შენებრ ვმჭლდები, მზე გამავსებს, მზევე გამლევს, ზოგჯერ ვსხვდები, ზოგჯერ ვმჭლდები; მას უამბენ სჯანი ჩემნი, რა მჭირს, ანუ როგორ ვბნდები; და მიდი, უთხარ, ნუ გამწირავს, მისი ვარ და მისთვის ვკვდები!

957. “აჰა, მმოწმობენ ვარსკვლავნი, შვიდნივე მემოწმებიან: მზე, ოტარიდი, მუშთარი და ზუალ ჩემთვის ბნდებიან, მთვარე, ასპიროზ, მარიხი, მოვლენ და მოწმად მყვებიან. და მას გააგონე, რანიცა ცეცხლნი უშრეტნი მდებიან”.

958. აწ გულსა ეტყვის: “ვითამცა გდის ცრემლი, არ გაგხმობია, რას გარგებს მოკლვა თავისა, ეშმა ძმად თურე გძმობია, მეც ვიცი, ჩემსა ხელ-ქმნილსა თმად ყორნის ბოლო ჰსთმობია, და მაგრა თუ ჭირსა არ დაჰსთმობ, ლხინი რა დასათმობია.

959. “თუ დავრჩეო, ესე მიჯობს, სიცოცხლისა იტყვის თუსა, – ნუ–თუ მომხვდეს ნახვა მზისა, ნუ ვიზახი მიწყივ უსა”. მიიმღერის ხმასა ტკბილსა, არ დასწყვედდის ცრემლთა რუსა, და მისა ხმასა თანა ხმაცა ბულბულისა ჰგვანდის ბუსა.

960. რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან. მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან, ისმენდიან, გაჰკვირდიან, რა ატირდის, ატირდიან; და იმღერს ლექსთა საბრალოთა, ღვარისაებრ ცრემლნი ჰსდიან.

961. მოვიდიან შესამკობლად ქვეყნით ყოვლნი სულიერნი, კლდით ნადირნი, წყალშიგ თევზნი, ზღვით ნიანგნი, ცით მფრინველნი, ინდოთ,არაბთ, საბერძნეთით, მაშრიყნი და მაღრიბელნი, და რუსნი,სპარსნი, მოფრანგენი და მისრეთით ეგვიპტელნი.

XXVI. ავთანდილისაგან ფრიდონისას მისლვა, ტარიელს რომ გაეყარა.

962. ყმა მტირალი სამოც-და-ათ დღე ზღვისა პირსა მივა გზასა, შორით ჰნახა, მენავენი მოდიოდეს შიგან ზღვასა; მოიცადა, ჰკითხა: “ვინ ხართ, თქვენ ამისა გნუკევ თქმასა, და ეს სამეფო ვისი არის, ან მორჩილობს ვისა ხმასა?”

963. მათ მოახსენეს: “ტურფაო სახით და ანაგებითა, გვეუცხოვე და გვეკეთე, მით გეუბნებით ქებითა: აქამდის ზღვარი თურქთაა, მოზღვრეა ფრიდონ მძღვრებითა; და ჩვენცა მისნი ვართ, გიამბობთ, თუ ჭვრეტით არ დავბნდებითა.

964. “ნურადინ ფრიდონ მეფეა ამა ქვეყნისა ჩვენისა; მოყმე მხნე, უხვი, ძლიერი, ფიცხლად მომხტომი ცხენისა. ვნება არავის არ ძალუძს მის მზისა ოდნად მშვენისა, და იგია ჩვენი პატრონი, მზგავსი ცით შუქთა ფენისა.”

965. ყმამან უთხრა: “ძმანო ჩემნო, კარგთა კაცთა გარდგეკიდე, მე მეფესა თქვენსა ვეძებ, მასწავლეთ, თუ სით წავიდე, რა ვიარო, ოდეს მივალ, ან გზასა აქვს რა სიდიდე?” და მენავეთა უწინამძღვრეს, არ დააგდეს გზამდის კიდე.

966. მოახსენეს: “ესე გზაა მულღაზანზარს მიმავალი, მუნ დაგვხვდების მეფე ჩვენი მშვილდ-ფიცხელი, მასხვილ-ხმალი; აქადამე ათ დღე მიხვალ ნაკვთად სარო, ფერად ლალი. და ვა, რად დაგვწვენ, უცხომ უცხო, რად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი!”

967. ყმამან უთხრა: “მიკვირს, ძმანო, რადხართჩემთვისგულ-მოკლულნი, ანუ ეგრე ვით გეკეთნესთ ფერ-ნაკლულნი ზამთრის ვარდნი? თქვენმცა მაშინ ვენახენით, ლაღნი ვდეგით, არ საპყრულნი და ჩვენნი მჭვრეტნი დავაშვენნით, ჩვენგან სხდიან მხიარულნი”.

968. იგი წავიდა, დაბრუნდა ყმა გზასა თავის წინასა, ვისი ჰგავს ტანი საროსა და ვისი გული რკინასა; მიაცორვებს და მიუბნობს, მოჰსთქვამს მისავე ლხინასა, და ნარგისნი ჰქუხან, ცრემლსა ჰსწვიმს, ჩარცხის ბროლსა და მინასა.

969. ვინც გზას ჰნახნის უცხონი, მსახურებდიან, ყმობდიან, მოვიდოდიან საჭვრეტლად, მას ზედა სტრფიალობდიან, ეძნელებოდის გაშვება, გაყრასა ძლივ დაჰსთმობდიან, და გჰზის ყოლაუზი მისციან, ჰკითხის რა, უამბობდიან.

970. მულღაზანზარს მიეახლა, ადრე დალევს გზასა გრძელსა; მინდორს ჰნახა სპა ლაშქართა და ნადირთა ჰგვანდეს მსრველსა, ყოვლგნით ალყა შემოეკრა, მოსდგომოდეს გარე ველსა, და ისვრიან და იზახიან, მხეცთა სჭრიან ვითა მჭელსა.

971. კაცი ემთხვია; მას ჰკითხა ამბავი მის ლაშქარისა. უბრძანა: “ისი ვისია ხმა ზათქისა და ზარისა?” მან უთხრა: “ფრიდონ ხელმწიფე, მეფე მულღაზანზარისა; და იგი ნადირობს, შეუკრავს ნაპირი ველ-შამბნარისა”.

972. მათ ლაშქართაკენ წავიდა მით უსახოთა ქცევითა; გამხიარულდა, შვენება მის ყმისა ვთქვიმცა მე ვითა, – მისთა გამყრელთა დააზრობს, შემყრელთა დასწვავს მზე ვითა, და ნახვა მჭვრეტელთა აახლებს, ტანი ლერწამობს ხე ვითა.

973. მათ ლაშქართა ყოლბსა შუა ორბი სითმე გარდმოფრინდა; ყმამან ცხენი წეუტია, გაამაყდა, არ შეშინდა; შესტყორცნა და ჩამოაგდო, დაეცა და სისხლი სდინდა; და გარდახდა და ფრთენი დასჭრა, წყნარად შესჯდა, არ აქშინდა,