ვეფხისტყაოსანი, 1892 წ.

741. კვლავ უბრძანა: “თუმცა მისგან აწ არ იყავ მოგზავნილი, თავმან ჩემმან, თავსა მოგკვეთ, არად უნდა ამას ცილი. წა, უკუდეგ! ავი, შმაგი, უმეცარი, შლეგი, წბილი, შაბაშ სიტყვა, შაბაშ კაცი, შაბაშ საქმე, მისგან ქმნილი!”

742. დადრკა, სკამნი შემოსტყორცნა, ჰკრნა კედელსა, შეალეწნა; დააცდუნა, მაგრა მისთვის აალმასნა, არ აძეწნა: “ვით მიამბე წასლვა მისი, ვინ ალვისა მორჩი ხე წნა!” ვეზირისა ცრემლმან ცხელმან ღაწვნი თეთრნი აახეწნა.

743. ვეზირმან, გლახ, გამოჰრიდნა, მართ ვეღარას ვერ იძრწივნებს; გამოძრწა და გამომელდა, გულსა წყლულსა მოიმტკივნებს, შეის ხასობს, გაის ქუშობს, ენა ასრე მოაყივნებს, მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომელ კაცი თავსა ივნებს.

744. ჰსთქვა: ”ცოდვათა ჩემთა მზგავსი ღმერთმან მეტი რა მიჩვენოს? რად მოვღორდი, რად დავბნელდი, ნეტარ ვინღა გამითენოს! ვინცა კაცმან კადნიერად პატრონსა რა მოახსენოს, ჩემნი დღენი მასმცა ადგან, რაძი ვითა გაისვენოს!”

745. ვეზირი გაწბილებული მივა ბედითა შავითა; ავთანდილს უთხრა დაღრეჯით, პირითა გამქუშავითა: “მადლი რა გკადრო, არ ვიცი, გავხასდი მე მაშ ა ვითა, ვაჲ, კარგი თავი უებრო დავკარგე, დავაშავითა!”

746. ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს, თუცა ცრემლსა ვერ იწურვებს: მიკვირს, რად სცალს წყლიანობად, რად არ გულსა შეიურვებს! - “ვინ, არ მისცემს ქადებულსა მოურავსა მოიმდურვებს, - თქმულა: “ქრთამი საურავსა ჯოჯოხეთსცა დაიურვებს”.

747. “ვით გამხადა, რა მიბრძანა, – არ ეგების ჩემგან თხრობა; რა სიავე, რა სირეგვნე, რა შლეგობა, რა შმაგობა! მე თვით კაცად აღარ ვარგვარ, აღარა მიც თავსა ცნობა; ესე მიკვირს, რად არ მომკლა, მისცა თურე ღმერთმან თმობა.

748. “მეცა ვიცოდი, რაცა ვქმენ, ცთომით არ წამკიდებია; ვიაზრე, გამიწყრებოდა, ჭმუნვა მით გამდიდებია; განგებით ქმნილსა რისხვასა ვერავინ დაჰრიდებია, – შენთვის სიკვდილი ლხინად მიჩნს, ჭირი არ გამცუდებია“.

749. ყმამან უთხრა: ”აღარ წასლვა არ ეგების ჩემგან აროს. იადონი მაშინ მოუკვდეს, ოდეს ვარდმან იდამჭნაროს. ჰხამს, უძებნოს ცვარი წყლისა, მისთვის თავი ყოვლგან აროს, ვერ უპოვოს, რა ქმნას, ანუ გული რითა დაიწყნაროს!

750. “უმისოდ-მყოფი ვერ გავძლებ ჯდომასა, ვერცა წოლასა, მართ ნადირთაებრ გაჭრასა ვირჩევ, მათთანა რბოლასა; ასრე გასრულსა რად მნუკევს, მისთა მებრძოლთა ბრძოლასა?– სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა.

751. “მოვახსენებ ერთხელ კვლავცა, აწ რაზომცა მეფე სწყრების, ნუთუ გაბრჭოს, გული ჩემი ვით იწვის და ვით ენთების; არ გამიშვებს, გავიპარვი, რა იმედი გარდმიწყდების, მე თუ მოვკვდე, ჩემი კერძი სოფელიმცა გარდიფხვრების”.

752. მოიუბნეს, ვეზირმან ქმნა ჭამა-სმანი მათნი ფერნი. უმასპინძლა, ძღვენნი უძღვნა შვენიერსა შვენიერნი; მისნი მყოლნი აღვეავსნა, მოყმენი თუ უნდა ბერნი. გაიყარნეს, ყმა წავიდა, სახლად ჩადგეს მზისა წვერნი.

753. შესთვალა თუ: “რაცა გმართებს, ვით მოგცე და ვით გაქონო, ვალთა შენთა გარდასახდლად რა ნაცვალი მოვიგონო? თუღა დავრჩე, შენთვის მოვკვდე, თავი ჩემი დაგამონო, სიყვარული სიყვარულსა შეგიცალო, შეგიწონო”.

754. მე ვითა ვსთქვა უებრობა, სიკეთე და ქება მისი! კაცი იყო საქმისაცა შესაფერი, შესატყვისი; ასრე უნდა მოხმარება, ჰგავიდოდეს ვისცა ვისი. ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი.

შერმადინის საუბარი ავთანდილისაგან ოდეს გაიპარა.

755. შერმადინს ეტყვის, უბრძანებს პირ-მზე, ნათელთა მფენელი: “ესე დღე არის იმედი, ჩემის გულისა მლხენელი, შენგან თავისა შენისა საჩემოდ გამომჩენელი”. მქებრად ამბისა მათისა ჰხამს მკითხავი და მსმენელი.

756. იტყვის: “როსტან არ გამიშვა, არცა სიტყვა მომისმინა; მან არ იცის, რა მჭირს, ანუ სულდგმული ვარ ვისგან ვინა; უმისოდმცა ნუ ცოცხალვარ ნუცა გარე, ნუცა შინა. რაცა საქმე უსამართლო ღმერთმან ვისმცა შეარჩინა!

757. “თუცა მისი არ გაწირვა, ჩემგან მტკიცობს, არ სათუობს, – ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს; გული, მისი უჰნახავი, სტირს და სულ-სთქვამს, ვაებს, უობს, ლხინსა არას არ იახლებს,ჰკრთების,კუშტობს, ვაშობს, შობს.

758. “სამი არის მოყვრისაგან მოყვრობისა გამოჩენა: პირველ ნდომა სიახლისა, სიშორისა ვერ-მოთმენა, მიცემა და არას შური, ჩუქებისა არ მოწყენა, გავლენა და მოხმარება, მისად რგებად ველთა რბენა.

759. “რადღა ვაგრძელებ სიტყვასა, ჟამია შემოკლებისა, აწ გაპარვაა წამალი ამა გულისა ლებისა; რასაცა გვედრებ, ისმენდი, ვირე დრო გქონდეს ხლებისა, შენ გაამაგრე დაჭირვა ჩემისა ნასწავლებისა.