ვეფხისტყაოსანი, 1892 წ.

721. “აწ, მეფეო, უმისობა ჩემგნ ყოლა არ ეგების; გული მას აქვს გულოვანსა, აქა ხელი რა მეხდების? თუ რას ვარგებ, პირველ ხვალმე თვით სახელი თქვენ მოგხვდების; ვერას ვარგებ, გულსა დავსდებ, ჩემი ფიცი არ გატყდების.

722. “წასლვა ჩემი გულსა თქვენსა არ ეწყინოს, არ დაჭმუნდეს; თავსა ჩემსა გაგებული იქმნას, რაცა ღმერთსა უნდეს; მანვე ქმნას და გაგიმარჯვდეს, თქვენი თქვენკე დავებრუნდეს. არ მოვბრუნდე, თქვენმცა ჰსუფევთ, თქვენი მტერი დაძაბუნდეს”.

723. კვლავ პირ-მზე ეტყვის ვეზირსა: “მე სიტყვა შევამცირეო, წა, ესე ჰკადრე მეფესა, შევინვიდოდეს ვირეო, მიაჯე ამოდ გაშვება და თავი გაიგმირეო, ასი ათასი წითელი შენ ქრთამად შეიწირეო”.

724. ვეზირმან უთხრა სიცილით: “ქრთამი შენ გქონდეს შენია, შენგან კმა ჩემად წყალობად, რომე გზა გაგიჩენია; მაგას რა ვკადრებ მეფესა, რაცა აწ თქვენგან მსმენია, ვიცი, უცილოდ ამავსებს, შოება არ საწყენია.

725. “თავმან მისმან, მუნვე მომკლავს, ვეჭვ, წამიცა არ წამაროს, შენი ოქრო შენვე დაგრჩეს, მე, გლახ, მიწა მესამაროს; მომკალ, კაცსა სიცოცხლისა სწორად რაცა მოეხმაროს; არ ითქმის და ვერცა ვიტყვი, რა გინდა ვინ მისაგმაროს.

726. “გზა არ წავა თავსა წინა, სიცოცხლე, გლახ, ვით გათიო? ამიკლებს და ანუ მომკლავს: “ეგე სიტყვა ვითა სთქვიო, რად არ მუნვე გაიგონე, რად ხარ შმაგი აგრეთიო”. სჯობს სიცოცხლე აკლებასა, ამას თავსა აწვე ვსწვრთიო.

727. “თუ მეფეცა გაგიშვებდეს, თვით ლაშქარნი რად მოღორდენ! რად გაგიშვან, რად მოსტყუვდენ, ანუ მზესა რად მოშორდენ! შენ წახვიდე, მტერნი ჩვენნი დაგვთამამდენ, გაგვისწორდენ! ეგე აგრე არ იქმნების, ვითა ჩიტნი არ გაქორდენ”.

728. ყმა ატირდა, ცრემლით უთხრა: “ჰხამს, თუ დანა გულსა ვიცი; ჰე, ვეზირო, შეგეტყვების, სიყვარული არ თურ იცი, ანუ სხვაცა არ გიჰნახავს მოყვრობა და არცა ფიცი, თუ გიჰნახავს, უმისოსა ჩემი ლხინი ვით ამტკიცი?!

729. “მზე დაბრუნდა, არ ვიცოდი, მზესა რამცა დააბრუნვებს, აწ ვუშველოთ, გვიჯობს, იგი ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს, ჩემი ჩემებრ არვინ იცის, რა მამწარებს, რა მატკბუნვებს; – ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს.

730. “მეფე ანუ მისნი სპანი, ნეტარ, ხელსა რასა მხდიან, აწ ვითამცა უცნობოსა გაუწყვედლად ცრემლი მდიან! სჯობს წავიდე, არ გავტეხნე, კაცსა ფიცნი გამოსცდიან, ჭირნი მისგან უნახავნი,დია ვისმე გამოსცდიან!

731. “აწ, ვეზირო, მაგა პირსა გული კრული ვით მოგთმინდეს? რკინა ჩემი მონაცვალე, ჰხამს გაცვილდეს, არ გატინდეს, ვერ გარდვიხდი ცრემლთა მისთა, ჯეონიცა თვალთა მდინდეს, მომეხმარე, ნუ თუ ჩემგან მოხმარება შენცა გინდეს.

732. “არ გამიშვებს, გავიპარვი, წავალ მათგან შეუგებლად, ვითა მნუკევს, ეგრე დავჰრთო გული ცეცხლთა მოსადებლად. ვიცი ჩემთვის არას გიზამს, თუ არ უნდი გასაძებლად თქვი, რა გინდა წაგეკიდოს, თავი დადევ საწამებლად”.

733. ვეზირმან სთქვა: “შენი ცეცხლი მეცა ცეცხლად მომედების, ვეღარ ვუჭვრეტ ცრემლთა შენთა, სოფელიცა გაქარდების; ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. ვიტყვი, მოვკვდე, არა მგამა, ჩემი მზეცა თქვენ მოგხვდების”.

734. რა ვეზირმან ესე უთხრა, ადგა, დარბაზს გაემართა. მეფე დაჰხვდა შეკაზმული, პირი მზეებრ ეწაღმართა. შეუშინდა, საწყენლისა მოხსენება ვერ შეჰმართა; დაყრით დგა და იგონებდა არ საქმეთა საომართა.

735. მეფემან ჰნახა ვეზირი დაღრეჯით დაყმუნვებული. უბრძანა: “რა გჭირს, რა იცი, რად მოხვე შეჭირვებული?” მან ჰკადრა: “არა ვიციო, მართ ვარ თავისა ვებული, მართალ ხართ, მომკლათ, რა გესმათ ამბავი გაკვირვებული.

736. “ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა არცა ჰმატს, და არცა დიდობს; მეშინიან, თუცა შიშსა მოციქული ვერ დაჰრიდობს. აწ ავთანდილ გეთხოვების, მოაჯეობს, არ წამკიდობს, უმისყმისოდ სოფელსა და საწუთროსა მისთვის ფლიდობს”.

737. რაცა იცოდა, ყველაი ჰკადრა მოშიშრად ენითა, კვლავ მოახსენა: “რამცა სცან სიტყვითა ესოდენითა, თუ რაგვარ მყოფი მიჰნახავს, თუ რაგვარ ცრემლთა დენითა, მართალ ხართ, თუმცა რისხვანი ჩემთვის იანაზდენითა”.

738. რა მეფემან მოისმინა, გაგულისდა, გაუცნობდა, ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა, შემხედველთა შეაშთობდა, შეუზახნა: “რა სთქვი, შმაგო, მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა, – ავსა კაცსა ურჩევნია, ავსამცა რას ადრე სცნობდა!

739. “ვითამც რამე სახარული საქმე მითხარ ვითა ღადრად. მაგის მეტი რა ვინ მიყოს, თუ არ მომკლას მუხთლად, ადრად! შმაგო, ენა ვით იხმარე აწ მაგისად ჩემად კადრად! აგრე შმაგი არ ვეზირად, არად ვარგხარ არცა სხვად რად!

740. “ჰხამსა, კაცმან პატრონისა საწყინარსა არ დახედნეს, ოდენ სიტყვა უმეცრული უალაგოდ დაიყბედნეს?! მე მაგისად მოსმენამდის რად არ ყურნი შემეჭედნეს! შენ თუ მოგკლა, სისხლნი შენნი ჩემმან ქედმან მიიქედნეს”.