ვეფხისტყაოსანი, 1892 წ.

662. შესთავლა: “მეფე უკადრი ხარმცა მორჭმით და დიდობით, ამა საქმესა ვიკადრებ შიშით, კრძალვით და რიდობით, მის ყმისა ვერას ვერ მცნობი ვუხმობდი თავსა ფლიდობით, აწ ვცან და გაცნევ ყოველსა, მოვალ შვებით და მშვიდობით”.

663. როსტევან, მეფე უკადრი, მორჭმული, შეუპოველი! შერმადინ მოციქულობა თვით მოახსენა ყოველი: “ავთანდილ მოვა წინაშე, მის ყმისა ვისმე მპოველი”. ჰბრძანა: “ვცან ჩემი ღმრთისაგან სააჯო და სათხოველი”.

664. თინათინს ჰკადრა შერმადინ, ნათელსა მას უღამოსა: “ავთანდილ მოვა წინაშე, გკადრებს ამბავსა ამოსა”. იგი მით აკრთთობს ელვასა მზისაცა უთამამოსა, მას საბოძვარი უბოძა, მისი ყველაი დამოსა.

665. მეფე შესჯდა, გაეგება ყმასა, მუნით მომავალსა, ამას პირ-მზე მეფისაგან ივალებდა ვითა ვალსა; მიეგება, მოეგება მხიარული გულ-მხურვალსა, დიდებულთა ჯარისაგან ზოგნი ჰგვანდეს ვითა მთრვალსა.

666. რა მიეახლა, გარდაჰხდა ყმა, თაყვანი-სცა მეფესა; აკოცა როსტან, მიმხვდარმან ნიშატთა სიიეფესა; გულ-მხიარულნი, შვებულნი მივლენ დარბაზსა სეფესა; მის ყმისა მოსლვა უხარის ყოველსა მუნ მეკრეფესა.

667. მას ავთანდილ თაყვანი-სცა ლომთა ლომმან მზეთა მზესა. მუნ ბროლი და ვარდ-გიშერი გაეტურფა სინაზესა. პირი მისი უნათლეა სინათლესა ზესთა-ზესა, სახლ-სამყოფი არა ჰმართებთ, ცამცა გაიდარბაზესა.

668. მას დღე დასხდეს ნადიმობად, გაამრავლეს სმა და ჭამა; ყმასა მეფე ასრე უჭვრეტს, ვითა შვილსა ტკბილი მამა. მათ ორთავე აშვენებდა ფიფქსა თოვნა, ვარდსა ნამა. უხვად გასცეს საბოძვარი, მარგალიტი, ვითა დრამა.

669. სმა გარდაჰხდა, თავის-თავის გაიყარნეს მსმელნი შინა; დიდებულნი არ გაუშვნეს, ყმა დაიჰსვეს ახლოს წინა; მეფე ჰკითხავს, იგი ჰკადრებს, რაცა ჭირი დაეთმინა, მერმე მისი, უცნობოსა რა ეჰნახა, რა ესმინა.

670. “მას ვახსენებდე, ნუ გიკვირს, თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა: მზე თუ ვთქვა მზგავსი მისი და ანუ მისისა სახისა, ვინ უჰნახავ-ჰქმნის გონება ყოველთა კაცთა მჰნახისა, ვარდი დამჭნარი ეკალთა შუა შორს-მყოფი, ახ ის ა!”

671. რა ჭირი კაცსა სოფელმან მოუთმოს მოუთმინამან, ქაცვი ლერწამმან, ზაფრანა იმსგავსოს ფერად მინამან, – ავანდილ, მისმან მხსენებმან, ღაწვი ცრემლითა მინამან. წვრილად უამბო ამბავი მან, მისმან მონასმინამან.

672. “ქვაბნი ომითა წაუხმან, სახლად აქვს დევთა სახლები, საყვარელისა მისისა ქალი ჰყავს თვით ნაახლები, ვეფხისა ტყავი აცვია, ცუდად უჩნს სტავრა ნახლები, აღარა ჰნახავს სოფელსა, ცეცხლი სწვავს ახალ-ახლები”.

673. რა დაასრულა ამბავი, საქმე მისისა ჭირისა, ნახვა მის მზისა ნათლისა, მის თვალად არ დუხჭირისა, უამა, უქეს ვარდისა ხელი, მძლედ დანამჭირისა; “ეგე კმა სიმხნე სიმხნისად, რადღა ხარ მომხვეჭი რისა.”

674. გამხიარულდა თინათინ ამა ამბისა სმენითა, მას დღე იხარებს სმითა და ჭამისა არ მოწყენითა; კვლავ საწოლს დაჰხვდა მის მზისა მონა სიტყვითა ბრძენითა, მისვლა ებრძანა, იამა, თქმა არ ეგების ენითა.

675. ყმა წავიდა მხიარული, ლმობიერი, არ გამწყრალი, ლომი მინდორს ლომთა თანა მინდოს რული, ფერ-ნამკრთალი, ყმა სოფლისა ხასიათით ჯავარ და სრული ლალი, მაგრა ჰქონდა გულისათვის გული გულსა განაცვალი.

676. მზე უკადრი ტახტსა ზედა ჰზის მორჭმული, არ ნადევრი, წყლად ეფრატსა უხვად ერწყო ედემს რგული ალვა მჭევრი; ბროლ-ბადახშსა აშვენებდა თმა გიშერი, წარბი ტევრი; მე ვინ გაქებ, ათენს ბრძენთა ჰხამს აქებდეს ენა ბევრი!

677. ყმა მხიარული წინაშე დაჰსვა სკამითა მისითა; სხენან სავსენი ლხინითა, ორთავე შესატყვისითა, უბნობენ ლაღნი, წყლიანნი, არა სიტყვითა მქისითა; უთხრა: “ჰპოვეა, პატიჟნი ნახენ ძებნითა ვისითა?”

678. ჰკადრა: “რა კაცსა სოფელმან მისცეს წადილი გულისა, ხსოვნა არა ჰხამს ჭირისა, ვით დღისა გარდასრულისა, – ვპოვე ხე, ტანი ალვისა, სოფლისა წყალთა რწყულისა, მუნ პირი მზგავსი ვარდისა, მაგრა აწ ფერ-ნაკლულისა.

679. “მუნ სარო, მზგავსი ვარდისა, ვნახე, მისჭირდა მინები; იტყვის: “დავკარგე ბროლი და სადა ჰრთავს ბროლსა მინები!” მით ვიწვი, რადგან ჩემებრვე ცეცხლი სწვავს მოუთმინები;” მერმე კვლავ ჰკადრა ამბავი მან, მისგან მონასმინები.

680. სიარულსა მისგან ძებნად სრულ პატიჟთა მოსთვლის ჭირსა, მერმე ჰკადრა, – საწადლისა ღმერთმან პოვნა ვით აღირსა: “საწუთრო და სოფელს-ყოფნა, კაცი უჩნსო, ვით ნადირსა, ოდენ ხელი მხეცთა თანა იარების, მინდორს სსტირსა.

681. “ნუ მკითხავ, ქება რა გკადრო ჩემგან ვით გაგეგონების? მისსა მჰნახავსა ნახული აღარა მოეწონების; თვალნი მჭვრეტელთა, ვით მზისა ციაგსა, დაეღონების: ვარდი შექმნილი ზაფრანად, აწ ია შეიკონების!”