ვეფხისტყაოსანი, 1892 წ.

682. წვრილად ჰკადრა რა იცოდა, რა ნახული, რა ნასმენად: ვითა ვეფხსა წავარნა და ქვაბი აქვსო სახლად, მენად, ქალი ახლავს სასურველად, სულთა დგმად და ჭირთა თმენად, “ვაჲ, სოფელმან სოფელს-მყოფი ყოვლი დაჰსვა ცრემლთა დენად!”

683. ქალსა რა ესმა ამბავი, მიხვდა წადილი ნებისა, განათლდა პირი მთვარისა, ვით ნათლად ნავანებისა, იტყვის: “რა ვუთხრა პასუხი მისთა ნებისა თნებისა, რაა წამალი მისისა წყლულისა განკურნებისა?”

684. ყმა ეტყვის: “ვის აქვს მინდობა კაცისა მომცქაფავისა? მან ჩემთვის დაწვა თავისი დადვა, არ დასაწვავისა, დრო დამიძს ჩემგან მისლვისა, მითქვმს დადება თავისა, მზე შემიფიცავს თავისა, ჩემგან მზედ სახედავისა.

685. “ჰხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად, კვლავ მიჯნურსა მიჯნურისა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად, – აჰა, მაქვსმცა უმისოსა ლხინი არმად, თავი ფლიდად!”

686. მზე ეტყვის: “მომხვდა ყოველი ჩემი წადილი გულისა: პირველ შენ მოხველ მშვიდობით, მპოვნელი დაკარგულისა, მერე ზრდა სიყვარულისა გაქვს, ჩემგან დანერგულისა, – ვპოვე წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა.

687. “საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხვდების: ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების. მაშინ ჭირი ჩნდა ჩემზედა, აწ ასე ლხინად უხვდების, – რადგან შვება აქვს სოფელსა, თვით რად ვინ შეუწუხდების.

688. “შენ არ გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა, ფიცისა,- ჰხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა; ძებნა წამლისა მისისა - ცოდნა ჰხამს, მართ უიიცისა; ჩემი თქვი, რა ვქმნა ბნელ-ქმნილმან, მზე მიმეფაროს მე ცისა?”

689. ყმამან ჰკადრა: “სიახლითა შევრთე ჭირი შვიდსა მე რვა, ცუდი არის დამზრალისა გასათბობლად წყლისა ბერვა, ცუდი არის სიყვარული, ქვეით კოცნა, მზისა წვერვა, თუ გეახლო, ერთხლ ვაჲ, და რა მოგშორდე, ათასჯერ ვა!

690. “ვაჲ, თუ გავიჭრა, გაჭრილსა სადა, გლახ, დამწვავს სამ ალი! გული ჰძეს საგნად ისრისა, მესვრის საკრავად სამალი; დრო სიცოცხლისა ჩემისა დღისით ღა ჰსჩანს ნასამალი; მალვა მწადს, მაგრა გარდაჰხდა ჟამი პატიჟთა სამალი!

691. “მესმა თქვენი ნაუბარი, გავიგონე, რაცა ჰბრძანე; ვარდსა ქაცვი მოაპოვებს, ეკალთამცა რად ვეფხანე, მაგრა მზეო, თავი მზესა ჩემთვის სრულად დააგვანე, სიცოცხლისა საიმედო ნიშანი რა წამატანე”.

692. ყმა ტკბილი და ტკბილ-ქართული, სიკეთისა ხელის-მხდელი, მზესა ასრე ეუბნების, ვით გაზრდილსა ამო მზრდელი; ქალმან მისცა მარგალიტი, სრულ-ქმნა მისი საწადელი, – ღმერთმან ქმნას და გაუსრულდეს ლხინი ესე აწინდელი.

693. რა სჯობს, რა კაცმან გიშერი ბროლ-ლალსა თანა ახიოს, ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს, მორწყოს, ახიოს, მისსა მჭვრეტელსა ალხინოს, ვერ-მჭვრეტსა ავაგლახიოს, – ვაი მოყვრისა გაყრილსა, ახიოს ეყოს, ახიოს!

694. მათ მიხვდა ლხინი ყოველი ერთმანერთისა ჭვრეტითა; ყმა წამოვიდა გაყრილი, მივა გულითა რეტითა. მზე სტირს სისხლისა ცრემლითა, ზღვისაცა მეტის-მეტითა. იტყვის: “ვერ გაძღა სოფელი, ვაჲ, ჩემთა სისხლთა ხვრეტითა!”

695. ყმა წავიდა სევდიანი, მკერდსა იცემს, ამად ილებს, რომე კაცსა მიჯნურობა ატირებს და აგულჩვილებს, რა ღრუბელი მიეფარვის, მზე ხმელეთსა დააჩრდილებს, – მის მოყვრისა მოშორება კვლავ აბინდებს, არ ადილებს.

696. სისხლმან და ცრემლმან გარევით ღაწვი ქმნის ღარად და ღარად; იტყვის: “მზე ჩემგან თავისად კმა დასადებლად აღარად; მიკვირს თუ გული ალმასი შავმან წამწამმან ჰდაღა რად? ვიდრე ვნახვიდე, სოფელო, მინდი სალხინოდ აღარად!

697. “ვინ უწინ ედემს ნაზარდი ალვა მრგო, მომრწყო, მახია, დღეს საწუთრომან ლახვარსა მიმცა, დანასა მახია, დღეს გული ცეცხლსა უშრეტსა დაბმით დამიბა, მახია. აწყა ვცან, საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია!”.

698. ამას მოსთქვამს, ცრემლსა აფრქვევს, ათრთოლებს და აწანწარებს. გულ-ამოსკვნით, ოხვრა-სულთქმით, მიჰხრის ტანსა, მიაწარებს; საყვარლისა სიახლესა მოშორვება გაამწარებს, – ვაჲ, საწუთრო ბოლოდ თავსა ასუდარებს, აზეწარებს!

699. ყმა მივიდა, საწოლს დასჯდა, ზოგჯერ სტირს და ზოგჯერ ბნდების, მაგრა ახლავს გონებითა საყვარელსა, არ მოსწყდების; ვით მწვანვილსა თრთვილისაგან პირსა ფერი მოაკლდების, – ჰხედავთ, ვარდსა უმზეობა როგორ ადრე დააჩნდების!

700. “გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი, გული ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მდომელი; გული ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი, ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერც პატრონია რომელი!”

701. რა გულსა უთხრა გულისა სიტყვანი საგულისონი, მან მარგალიტნი მოიხვნა მის მზისა სამეყვისონი, მის მზისა მკლავსა ნაბამნი, მათ კბილთა შესატყვისონი, პირსა დაიდვნა, აკოცა, ცრემლი ჰსდის, ვითა ბისონი.