ვეფხისტყაოსანი, 1892 წ.

702. რა გათენდა, კაცი მოვა მომკითხავი, დარბაზს მხმობი. ყმა წავიდა ლაღი, ნაზი, ნაღვიძები, ძილნაკრთობი. ერთმანერთსა ეჯავრიან, დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი; მეფე მინდორს ეკაზმოდა, მოემზადა დაბდაბ-ნობი.

703. მეფე შესჯდა, მაშინდელი ზარი აწმცა ვით ითქმოდა: ქოს-დაბდაბთა ცემისაგან ყურთა სიტყვა არ ისმოდა, მზესა ქორნი აბნელებდეს, ძაღლთა რბოლა მიდამოდა; მას დღეს მათგან დანაღვარი სისხლი ველთა მოესხმოდა!

704. ინადირეს, შემოიქცეს მხიარულნი მინდორს რულნი, შეიტანნეს დიდებულნი, თავადნი და სპანი სრულნი; დასჯდა, დაჰხვდეს მოკაზმულნი საჯდომნი და სრანი სრულნი, ხმას სცემს ჩანგი ჩაღანასა, მომღერალნი იყვნეს სრულნი.

705. ყმა ახლოს უსჯდა მეფესა, ჰკითხვიდა, ეუბნებოდა; ბაგეთა გასჭვირს ბროლ-ლალი, მათ კბილთა ელვა ჰკრთებოდა. ახლოს სხდეს ღირსნი, ისმენდეს, შორს ჯარი დაიჯრებოდა, უტარიელო ხსენება არვისგან იკადრებოდა.

706. ყმა მივიდა გულ-მოკლული, ცრემლი ველთა მოედინა. მართ მისივე სიყვარული უარებდის თვალთა წინა. ზოჯერ ადგის, ზოგჯერ დაწვის, ხელსა რადმცა დაეძინა! ” რაცა აჯა დათმობისა გულმან ვისმცა მოუსმინა!

707. წევს, იტყვის: “გულსა სალხინო რამცაღა დაუსახეო? მოგშორდი ედემს ნაზარდო, ტანო ლერწამო და ხეო, შენთა მჭვრეტელთა ნიშატო, ვერ–მჭვრეტთა სავაგლახეო, და ცხადად ნახვასა არ ღირსვარ, ნეტარმცა სიზმრად გნახეო!”

708. ამას მოსთქმიდის ტირილით ცრემლისა დასაღვაროთა; კვლავ გულსა ეტყვის: “დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა, – არ დავთმოთ, რა ვქმნათ, სევდასა, მითხარ, რა მოუგვაროთა? თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირნიცა შევიწყნაროთა”.

709. კვლავ იტყვის: “გულო, რაზომცა გაქვს სიკვდილისა წადება, სჯობს სიცოცხლისა გაძლება, მისთვის თავისა დადება; მაგრა დაჰმალე, არ გაჩნდეს შენი ცეცხლისა კვლავ დება, – ავად შეჰფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა მცხადება!”

დათხოვნა ავთანდილისა როსტევან მეფისა ვეზირის და ვეზირის საუბარი და ხვეწნა.

710. რა გათენდა, შეეკაზმა, ყმა გავიდა ადრე გარე; იტყვის: “ნეტარ მიჯნურობა არ დამაჩნდეს დამცავფარე!” დათმობასა ეაჯების: “გულსა შენ რა მოუგვარე!” ცხენსა შესჯდა, წამოვიდა ვეზირისა სახლსა მთვარე.

711. ვეზირმან სცნა, გაეგება: “ჩემსა მზეა ამოსრული, ამას თურმე მახარებდა დღეს ნიშანი სიხარული!” მიეგება, თაყვანი სცა, ჰკადრა ქება სრულსა სრული: “ჰხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული”.

712. ყრმა გარდაჰსვა მასპინძელმან, არ ღაფალმან, ავმან, უქმან; ფერხთა ქვეშე ხატაურსა უფენენ და მიწად უქმან. ყმამან სახლი განანათლა, ვით სამყარო მზისა შუქმან; სთქვეს: “ სურნელი სული ვარდთა დღეს მოგვბერა ქვენა ბუქმან”.

713. დასჯდა, მისთა შემხედველთა გული მათი მართლად ჰხელეს, მისთა მჭვრეტთა მისთვის ბნედა თავისათვის ისახელეს, სულ-თქმა ბევრი აათასეს, აღარა თუ აერთხელეს. გაყრა ბრძანეს, გაიყარნეს, ჯალაბობა გაათხელეს.

714. რა ჯალაბი გაიყარა, ყმა ვეზირსა ეუბნების, ეტყვის: “შენი დამალული დარბაზს არა არ იქმნების, რაცა გწადდეს საურავი, მეფე იქმს და შენ გეთნების, გაიგონენ ჭირნი ჩემნი, მკურნე, რაცა მეკურნების!

715. “მის ყმისა ცეცხლი მედების, წვა მჭირს მისისა მწველისა, მკლავს სურვილი და ვერ ნახვა ჩემისა სასურველისა; მას ჩემთვის სული არ ჰშურდეს, შეზღვა ჰხამს შეუზღველისა, – ჰხამს სიყვარული მოყვრისა უხვისა, უშურველისა.

716. “მისი ნახვა გულსა ჩემსა ვითა ბადე დაებადა, მუნვე დარჩა, დათმობაცა მასთანავე დაებადა; რადგან დასწვავს მოახლეთა, ღმერთსა მზედცა დაებადა, მერმე ასმათ ჩემთვის დისა მართ დად უფრო დაებადა.

717. “ოდეს წამოველ, შევჰფიცე ფიცითა საშინელითა: “კვლავ მოვალ, გჰნახავ პირითა არ მტერთა საწუნელითა; შენსა მე ვეძებ ნათელსა, შენ ხარ გულითა ბნელითა”; ჟამია ჩემგან წასლვისა, მით მწვავს ცეცხლითა ნელითა.

718. “ყოველსავე მართლად გითხრობ, არ სიტყვასა საკვეხელსა. მიმელის და ვერ მისრულვარ, ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა; ვერ გავუტეხ ზენაარსა, ვერ გავსწირავ ხელი ხელსა, – რამცა სადა გაუმარჯვდა კაცსა, ფიცთა გამტეხელსა.

719. “რაცა გითხარ ჩემმაგიერ როსტანს ჰკადრე, მიედ სრასა; თავმან მისმან, ფიცით გეტყვი შენ ვეზირსა, უსტასრასა: არ შემიპყრობს, არ დავდგები; თუ შემიპყრობს, მაქნევს რასა? მიშველე რა, გული ცეცხლმან არ დამიჭრას, არა ჰსრასა!

720. “ჰკადრე: “ვინ გაქოს ყოველმან პირმან არ შეუზრახემან! ვითა ვიშიშვი, გაცნობოს ღმერთმან, ნათელთა მსახემან; მაგრა მან ყმამან ცეცხლითა დამწვა, ალვისა სახემან, გული წამსავე წამიღო, - ვერათ ვერ შევინახე, - მან.